კაირო


დავიწყე ჩანაწერების დახარისხება.  
შორი მოგზაურობისას ასე გამყავს დრო,  ჩვეულებრივ, ვზივარ  ჩემთვის, ტურისტებით სავსე ავტობუსში და რაღაცეებს ვრითმავ.  ტვინი ისვენებს.  არ სჭირდება  აზრის ძიება. მერე ჩამთვლემს, მერე ისევ ვაგრძელებ…და ბოლო-ბოლო, სადმე მივალთ, რომ მუხლი გავშალოთ!

ნინო დარბაისელი

კაირო

ავს გაუმიჯნო კაი, რო, 
ჯერ უნდა ნახო კაირო!
იხილე ბნელში მუმია,
თუ სადმე მუზეუმია.

გარეთ- სიცხეა სიცხური - 
- მართლა ვარვარა, ფიცხური,
ფეხით სავალი - მრავალი,
ვისი დაგედო რა ვალი,

რომ  ასე იხრუკებოდე,
მალი-მალ იკარგებოდე,
ყველგან- კამერა, რაცია,
უშიშროების კაცია.

ხიფათი? - არტისტულია,
თუ ტურისტული ტურია!
ქვიშა, აუ, რა ცხელია!
ხალხი? - აურაცხელია.

მოგდევენ სად ქოფაკები, 
ღიაა სარკოფაგები, 
აქლემს ეხვევა ბუზები,
კუთხეში - შენ იბუზები.

პირამიდებში - ხვლიკები,
გადამყიდველთა ხრიკები:
-ვითომ იპოვეს მონეტა,
რა ფულად დაგითმონ ნეტა?

მობრძანდა არქიმანდრიტი, 
მე მიკვირს,  ავა მანდ რითი.
ანდა იზიდავს   ემანდ - რა?
სასუნთქად გინდა სკაფანდრა!

ველია გადატრუსული,
ყველგან გაისმის  რუსული.
ნილოსთან - პაპირუსები. 
რუსები, აქაც?  რუსები?

 სადაც კი რამე ხედია, 
საითაც გამიხედია? 
სულიერი თუ უსულო,
შენია, ენავ რუსულო?

ვინ მომაყენებს ზიანებს, 
უბრალოდ, მაღიზიანებს,
თუმცა  ტურისტებს რას ვერჩი,
რას  აძლევთ ომი, რას - ქერჩი?

ვიხილე  ვინ ფარაონი?-
-სახლნი უსახურაონი,
სულ ბანიანი სახლები, 
ძველებია თუ ახლები,

გზისპირს მოჩანან, ნარგავი
ახლოა, შიგნით - ნაგავი,
უცხო თვალს გარიდებული, 
მუყაო - უხვად გდებული,

 ცა - ლიაპისის ფერია,
მსგავი აღარაფერია.
ცისკიდე - ოლეანდრია, 
წინ - გველის ალექსანდრია.

სადღაც - წარწერა ქართული,
სხვა ანბანებში ჩართული.
გულის  ნანატრი კადრია.
მეფეთა შენაკადრია.

 მზის ჩასვლას - რას შეადრია, 
ზღვამან  ტალღები სად რია?
მთვარეც ისეთი ბადრია,
პოეტთა ალექსანდრია!
ხილვათა ალექსანდრია!

მივედიიიით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი