შეცდომათა სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი შეცდომათა სონეტი ახალს რატომ არ დავეძებ, ძველი მირჩევნია, ერთხელ შეშლილს არ ვჯერდები, ვიმეორებ მუდამ?! საღი განსჯა სიჩქარეში სადღაც მიმრჩენია?! მერამდენედ გამაცუროს ტყუილების გუდამ! კარგად უნდა გავიწაფო, ცოცხალი ვარ ვიდრე, მიქარული - სულ ჩემია, ნურც ვინ შემეცილოს?! შეცდომებში დავემკვიდრე, ასე უნდა ვიდგე, შევხვდე ჩემთვის - სატირელს და სხვისთვის - სასაცილოს. საკუთარ თავს ვერ ვერევი, სხვისთვის - ვითომ ბრძენი, ზოგად ცოდნას ვუზიარებ, დიდად ენამჭევრი?! სიბრიყვე მაქვს შიგჩადგმული, განა შენაძენი, მეც - ჭკვიანთა ამალისა ვიყო თითქოს წევრი! რომ ვიფიქრე, როგორც იქნა, გონი მომემატა, ახლაც - ვეფხვს რომ მოველოდი, ხელში შემრჩა კატა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი