მამოგრამა. აირია?
#ლექსები ნინო დარბაისელი მამოგრამა აირია? მივდიოდი ჩემთვის მარტო, რას ვფიქრობდი?! მახსოვს როდი. მოვიცლი და გავიხსენებ დაწვრილებით დანარჩენს, დავინახე, თხუთმეტი წლის გოგომ გიჟად ჩამიქროლა, გავიფიქრე: ღმერთო ჩემო, ამას რა გადაარჩენს! მივდიოდი ჩემთვის მარტო, რას ვფიქრობდი?! მახსოვს როდი. მოვიცლი და გავიხსენებ დაწვრილებით დანარჩენს, დავინახე, ოცი წლისა გამეტებით ბარგს შეება, რაის შვება, ისეთია, მარტო არსად გაიშვება! დრო - მკურნალი? ძველ იარებს აბრუებს და არ არჩენს. გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ამას რა გადაარჩენს! მივდიოდი ჩემთვის მარტო, რას ვფიქრობდი?! მახსოვს როდი. მოვიცლი და გავიხსენებ დაწვრილებით დანარჩენს, დავინახე, ორმოცისა - ქალი თავქარიანობდა, გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ამას რა გადაარჩენს! მივდიოდი ჩემთვის მარტო, რას ვფიქრობდი?! მახსოვს როდი. მოვიცლი და გავიხსენებ დაწვრილებით დანარჩენს, დავინახე, სამოცისას ისევ ძველი სევდა სდევდა, სხვას - არაფერს დაგიდევდა. გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ამას რა გადაარჩენს! მოვაგროვე ყველა ნინო, ვინც კი გზაზე შემომყრია, ყველა ერთად მე ვყოფილვარ, მათთან დგომა დამარჩენს, სენმა ხელი თუ დამრია? ვა, თუ მართლა გადამრია! აქ მდედრია თუ მამრია, საბუთებში ხელი რია, ერთიანად აირია, არის ერთი რია-რია, მოშორებულს - მომკითხავენ, დამითვლიან განაჩენს. სანინოოდ მოვიცალე, სათითაოდ მოვუსმინე, სულ ცრემლებად დავიცალე, მათ აზრს მოვჰყევ, განა ჩემს… ღმერთო ჩემო, სულ ესა ვართ! მოვედით და შენს წინ ვდგავართ. ყველა ერთად ველოდებით ხელმოწერილ განაჩენს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი