ქარს გაჰყოლოდი
ნინო დარბაისელი ქარს გაჰყოლოდი ჰმ, ცალმხრივი სიყვარულიო! ჯერ ორმხრივობა რა ჯანდაბაა და ახლა კიდევ ეს გამომტყვრალა, არსაითელი! რანაირია?! ოთხივ კუთხივ რომ ფარღალალა ხარ, ქარები გაგიდ-გამოგიდიან, ლამისაა თან რომ წაგიღონ, შენ კიდევ ერთ კარს ეჯაჯგურები, გაიღეო, ის კი, არა და არ იღება; გამოსაღები რომ გგონია, სინამდვილეში კარმიხატული, ზედ სახელურმიჭედებული ყრუ კედელია, ხოლო მის მიღმა არავინაა, თან ვეღარც დგახარ, ნიჟარების ნამტვრევები ტერფებს გიჭრიან, თან გასრესილი ლოკოკინებით ასლიპინებულ მიწისპირზე ფეხი რომ გისხლტის... კედელმა რა ჰქნას, ერთ ადგილას დგას და ყრუ არის, არადა, იქნებ გაქცევა უნდა? ის არა სჯობდა, ხელი გაგეშვა, ქარს წაეღე, თან გაჰყოლოდი, მილევამდე გადაჰყოლოდი? 2016 - - - ეს კომენტარი ლიტერატურულ საიტ “ ურაკპარაკზე” დადებული ამ ლექსის ქვეშ დავტოვე და იქნებ თქვენც დაგაინტერესოთ “აირინ მადლობა! სიტყვა,, გამოსტყვრა” ლექსში არ მოგწონებიათ. ნამდვილად საინტერესო შენიშვნაა, აბა, დავუკვირდეთ!. ვაჟა ხომ გენიოსია? კოჭის-კოჭამდე ხომ ვერ მივსწვდებით ყველანი ერთად? მისი პოემები ხომ მიეკუთვნება ქართული პოეზიის საგანძურს? გახსოვთ? - “ალუდა ქეთელაურიდან - ,, გამასტყვრა მუცალის თოფი”. ესეც არ იყოს, ნამდვილი პოეტისთვის არ არსებობს პოეტური და არაპოეტური სიტყვები, კონტექსტსა და ოსტატობას გააჩნია. მეტიც, პროფესიონალიზმი იქიდან იწყება, როცა ხვდები, რომ ე. წ. პოეტური სიტყვები” შენს სათქმელს ცუდ სამსახურს უწევენ, რადგან პოეტური კლიშეების ტყვეობაში გტოვებენ. ეს - ეტიუდია. ტექსტი, რომელიც გარკვეული ტექნიკური ამოცანის დაძლევას ემსახურება. ამოცანათაგან ერთი მაგ სიტყვის არა თანამედროვე- სლენგური, არამედ ტრადიციული მნიშვნელობის აღდგენაც იყო. ასევე, გამოყენება პოეტური ლექსიკისთვის ოკაზიონალური ფორმისა ” გაგიდ- გამოგიდის” სიურეალისტური მეტაფორული ხატი - ყრუ კედელზე მიხატული კარი - სალვადორ დალის სტილითაა შთაგონებული. მიწაზე დგომის შეუძლებლობა - ცხოვრებაში ფეხის ვერმოუკიდებლობას, რეალიზმისთვის თვალის გასწორების შეუძლებლობას ნიშნავს, როცა უშედეგოდ იბრძვის ადამიანი. ნათქვამის საფუძველში ორი ანდაზა დევს, ოღონდ ტექსტგარეთაა გატანილი: 1. როცა ერთი კარი იკეტება, მეორე იღება. (ძველს რომ კარგავ, ახალი შანსი გვეძლევა) 2. ქარის მოტანილს ქარი წაიღებს. აქვე ანა კალანდაძის ალუზიაა,, მე ლამაზი მეგობარი მყავდა... ერთხელ ქარმა მოუტანა ფრთები, წავიდა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა” ( ანუ კედლის იქით არსებულ/ არარსებული- არსაითელს თავისებურად, თავს აყვედრებს/ემუქრება მიგატოვებო(?) რა დამრჩა? ჰო, ერთი ალუზია ჩემივე ძველი ლექსიდან გამოვიყენე, რომლის მიხედვით აც მარადიული ქარი მხოლოდ ღმერთის სუნთქვაა. დანარჩენი ქარები კი ჩნდებიან, ქრიან და მიილევიან და ქრებიან, რადგან ყველა შემხვედრ საგანთან, წინაღობასთან თავის ნაწილს ტოვებენ, თანაც ქროლვაში ძალა ისედაც ელევათ. ღმერთის სუნთქვის გარდა, ყველა ქარსაყოლილი ადამიანის ბოლო ქართან ერთად მილევა და გაქრობაა. ერთ მოცუცქნულ ეტიუდს ხომ ჰყოფნის ეს ყველაფერი? ჰოდა, წაიკითხეთ, დაფიქრდით, გაიღიმეთ და ჰერი, ჩემი თუ სხვისი უკეთესი რამეებისკენ!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი