საქართველოში
ნინო დარბაისელი საქართველოში - - - - - ისეთი ცაა, სხივს ღრუბელი გამოუძენძავს. საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მეძავს.- ამბობს მეძავი, ქუჩა-ქუჩა დაეძებს მუშტარს და მთელი ყოფა მოღერებულად ჰქცევია მუშტად. ცას მთა-გორები თითქოს სილით გადაულესავს. - საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მლექსავს- ჯავრობს პოეტი, ეძალება ღვინოს და თრიაქს, პოეტთა ყოფა დროს თავდაღმა ნიაღვრად მიაქვს. საცაა, ღამე დედამიწას ბნელით დაფარავს. - საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მპარავს- დარდობს ქურდი და ქურდის ქურდი ქურდს ემტერება, მათგან მოელის მთელს ქვეყანას გადამტვერება. წამოყრის ღამე ძველ ტკივილებს, ჯერ მოუშუშარს. - საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მუშას. ამბობს მუშა და უფულობა უცებ ახელებს, ამაო შრომით მიმობეჟილს დახედავს ხელებს. ცაზე იმხელა მთვარე გორავს, დოლაბს ეტოლვის. - საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება ლტოლვილს.- ამბობს ლტოლვილი, გაღუნულ ლურსმნებს შინ ეზიდება. სამშობლოვ ჩემო, ზეცას ასწვდა შენი დიდება! აცივდა, ცაში ანგელოზებმა უმატეს ხველას. - საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება ყველას.- ამბობს ყველა და ყველა ყველას მტრად ეკიდება. ცხრავე ცას ასცდა, სამშობლოვ ჩემო, შენი დიდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი