შინაგან ხმათა კონტრაპუნქტები


#ლექსები

ნინო დარბაისელი

შინაგან ხმათა კონტრაპუნქტები

და დღეს დილასაც,
სამზარეულოს იატაკზე თეთრი აბი რომ დავინახე,
ვიცანი, მაგრამ გადავაგდე.
შენი ხმა მესმა:
- მუდამ გახსოვდეს, წამალი თუა უსახელო - საწამლავია!

და მერე როცა გასასვლელად ვემზადებოდი,
გამაგონე:
- ჩემგან გახსოვდეს, თმები - ბოლოდან ივარცხნება, ზემოდან - არ ქნა, დაგეწიწკნება!

ესეც შენა ხარ:
- ეჰ, ქალისათვის - ახალგაზრდობა - ყველაფერია,
მაგრამ ვიდრე აქვს,
ეს ყველაფერი - სულ არაფრად მოეჩვენება.
კოხტა ვიყავი, გულმისავალი!
ერთხელ ქეიფში ერთი კაცი გადამეკიდა, თვალები ისე წყლიანი გაქვს,
გულში რაღაც დარდსა მალავო.
გუშინ - ახლობლის ცუდი ამბავი გავიგე და
ტროტუარზე მარტო მავალი,
ორი საათი ვტიროდი და
ვინ აღარ შემხვდა!
უცნობებს - ცრემლი არ შეუნიშნავთ,
ნაცნობები კი თვალს უჩუმრად მარიდებდნენო.

გამიგონია - ყოველ ზრდასრულში შინაგანი ხმა - მშობლების ხმაა, აფრთხილებს და სიფხიზლისკენ მოუწოდებსო.

მდგმურად გვედექი,
ჩვენს კერძო სახლში დაბლა ოთახი შენ გეჭირა.
პირმიბრუნებით სალაპარაკო შენს ზნეობაზე - სამეზობლოს ოჯახის ქალებს არასოდეს გამოლევიათ.
მგონი, გიყვარდი,
ცარიელი მანიკურის და დუხის ბოთლებს სულ მე მჩუქნიდი.
დილიდან ამყვა და მთელი დღე შენი ხმა მესმის.
შენი გზა გქონდა,
წახვედი დ არც არასდროს გამხსენებიხარ.
სიზმარი სხვაა - ჩემი ნება არც ენაღვლება.
ჩემს შინაგან ხმას მაინც როდის შემოუერთდი?!

შინაგანი ხმა - სოლო არაა,
არც დედმამური დუეტია,
და არც ოჯახის წევრთა ანსამბლი,

ჩემთვის ეს -
მთელი ორკესტრია,
როიალით,
დასარტყმელებით,
ჩასაბერებით,
დიდ-პატარა სიმებიანით,
გუნდითა და ვოკალისტებით.
და ყველანი - ერთნაირად ყორნისფერები,
პიუპიტრებზე - ყორნისფერივე,
გადაშლილი პარტიტურებით,
თეთრზე - ნოტები,
როგორც რელსები ბედისწერის მატარებლისა
და ზედ ფანქრით მინიშნებებიანი,
ეს შავთეთრობა ჩემს არსებაში ფერით ივსება.
სადღაც, ჰაერში ჟღერდება და ერთობაში ამუსიკდება.

დირიჟორი?!
დირიჟორიო?
ჯერჯერობით
ვუყურებ და ვერ დავადგინე,
შემაღლებულზე,
ამ ორკესტრის წინ -
თითქოს მე ვდგავარ,
მაგრამ ბოლომდე ვერ გამიგია,
მთელ ამ კონტრაპუნქტს
მე ვმართავ
თუ
მე - ხელებს ვიქნევ გამწარებით,
დირიჟორი კი
ყველასათვის მაინც ერთია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი