კარტოფილის ყვავილები
აბა , მოვიდა გუშინდელი დღიური ლექსად. ჩვენ სხვებზე ადრე ჩამოვედით, ჯერ სანდიეგოში ვართ, მექსიკის საზღვართან ახლოს და დანარჩენ მისიონერებს ველოდებით, რომ ავტობუსით მათთან ერთად წავიდეთ. გუშინ ,,მიდვეის” ავიამზიდი - გემ-მუზეუმი დავათვალიერეთ, შოკში ვარ! #ლექსები ავტორისაგან: სან დიეგოს სიმბოლოა იმ უცნობილესი ფოტოს უზარმაზარი ქანდაკება, თეთრებში ჩაცმულ ქალს მუქ ფორმაში ჩაცმული, ომიდან გამარჯვებით დაბრუნებული მეზღვაური რომ ეხუტება და კოცნის. ყველა იღებს სურათს იმ ქანდაკებასთან, სწორედ ამ ავიამზიცის წინ დგას. ანალოგიური ქანდაკება ნიუ იორკში, ტაიმ სკვერზეც არისო, მაგრამ სიმბოლოდ იქ არ ქცეულა. ნოუ იორკს სხვა სიმბოლოები აქვს. ლექსის მთავარი კონცეპტი- სახე- მეტაფორა, კომპოზიციურად შემკრავი სინტაგმა ,კარტოფილის ყვავილობა” ასე დამებადა: მეზღვაურების ძირითადი, ყოველდღიური საჭმელი სხვადასხვაგვარად მომზადებული კარტოფილია - მაწიერია, ტრანსპორტირების საგანგებო პირობები დიდად არ სჭირდება, გემრიელია და ა. შ. კარტოფილს აქვს ულამაზესი, თეთრი, იმ ქალის კაბასავით ოდნავ ფრიალა, ყვითელგულა ყვავილები. ყვითლებიანი კაცი (გემზე სხვადასხვა ფერის ჩაცმულობას - სხვადასხვა დატვირთვა აქვს . ასეა ამ ლექსშიც . მაგ. ხელთათმნის შავი- ხიფათის, ფატალურობის სიმბოლოა) აგზავნის ბომდამშენებს, ინგლისურად უთვლის ,,ვან ფოთეითო, თუ ფოთეითოზ, ს/თ რიი! მე ვთარგმნე ქართულად და წამზომოთ დავრწმუნდი, რომ იმავე დროში ვეტევი. ლექსის ძირითად კონცეპტ- სახე- სიმბოლოში ეს სამი კარტოფილი გაერთიანდა: - 1. კარტოფილი - მეზღვაურის მუდმივი სარჩო და 2. კარტოფილი - გზა ომისაკენ, სიკვდილ- სიცოცხლისაკენ, 3. კარტოფილი - ომიდან დაბრუნებული, თეთრკაბიან შეყვარებულთან ჩახუტებული, ბედნიერად მოყვავილე მეზღვაური. ამ თავისუფალ ლექსში ორი რიტმული იმპულსი ეჯახება და ერწყმის ერთმანეთს ომის რეფრენი ყოველი დანომრილი ქვეთავის დასაწყისში და მშვიდი, მშვიდობის ხმა, რომელიც ოცნებამდე მაღლდება. ფინალი - სამწუხაროდ, ისევ ომია…. ნინო დარბაისელი კარტოფილის ყვავილები ერთი კარტოფილი, ორი კარტოფილი, სამი!- ყვითლებში - კაცია შავხელთათმანება. რაცია - შემდეგი!…. შედეგი?!- ზედ გულზე შემდექი! მტერს გაანადგურებ, აქ დაისადგურებ. სამხედრო გემბანი, ყრუ დარიგებანი, -ღმერთო, რა დიდია! - ავიამზიდია. მე კი მეგონა, მეზღვაურები ქვეყნად იმისათვის არსებობებენ, რომ ზღვას უხდება შორეული, თეთრი გემები. ხოლო გემები - ადამიანებს, მეზღვაურებს აუცილებლად საჭიროებენ, საჭიროებენ, შესაკრავ ღილებს - გაწკრიალებულ უნიფორმაზე. 2. ერთი - კარტოფილი, ორი - კარტოფილი, სამი!… მე კი მეგონა, რომ ეს იყო მეზღვაურობა - სადმე, ბაქანზე ან ბულვარში გამოწკეპილად სეირნობა, რანგით უფროსთა დანახვაზე - მისალმება მეზღვაურული. ხოლო ქალწულებს ოქროსთმიანებს, ნიავში თეთრად მოშრიალეებს კარტოფილის ყვითელგულა ყვავილებივით, მუდმივად უნდა ეცილებინათ ნაპირებიდან ეს კაცები ხელის დაქნევით, უნდა ელოდათ უსასრულოდ და ჩამოსულებს - შეხტომით და ჩახუტებით შეგებებოდნენ… როგორც ამ ცნობილ ფოტოზეა! 3. ერთი კარტოფილი, ორი კარტოფილი, სამი! რა სასტიკია და შეუვალი ეს ყველაფერი, ეს რა ყოფილა მეზღვაურობა ან გემი თურმე! მართლა ნაპირთან მოქანავე, კარტოფილის თეთრი ყვავილი კი არ არის, ამ ზღვისნაპირა, ამ დიდ ქალაქში - ეს არის მთელი დიდი ქალაქი, სახელმწიფოში - სახელმწიფო, მითუმეტეს თუა სამხედრო, და მით უმეტეს - თვითმფრინავთა გადამზიდველი. ბრძოლაში მიჰყავს ოთხმოცამდე ვეტმფრენი ერთად! 4. ერთი კარტოფილი, ორი კარტოფილი, სამი! ო, რახანია, დატოვეს გემი მეზღვაურებმა, სამხედროები - გადარჩენილნი - ჰოსპიტალებში შემორჩენილი ვეტერანები არიან ალბათ, ვინც ვერ გადარჩა, სახელი მისი სამარადისოდ ამ ოქროსფერ დაფაზე დარჩა. ჩაბარდა უკვე ავტომატური ღილაკის თხრობას ის დისციპლინა, საყოველთაოდ ნორმატიული მოზომილობა: გაუქმებული საწოლები - რკინის რიგები - დაბალი, მრავალსართულიანი; საშხაპენი და სამრეცხაონი, სამკერვალო და სამზარეულო, სასადილოთა ხორცისა და ბოსტნეულის, სხვა პროდუქტების ცალკე მაცივარი-ოთახები უზარმაზარი. სამედიცინო დეპარტამენტი, საამქროები, ამხელა ძრავა - ამ ძრავაში მე და შენ ერთად, შენ - სულ იცვლები ასეთ მომენტში, შენ ახლა მართლა გავროში ხარ, უზარმაზარი ცხოველის გულში მოხეტიალე, მე კი გავროშის მოიმედე, და ხელის მჭიდროდ ჩამჭიდებელი ობოლი ვინმე, ციხეც კი, ციხის გისოსები, ეს - დამთრგუნავი ინდუსტრია უზარმაზარი! 5. ერთი კარტოფილი, ორი კარტოფილი, სამი! ხელს გაგიშვებ და ჩემს არსებაში ვიღაც ხმიანობს: მე აქ რა მინდა, აქ - არაფერი - მე - არ მგულისხმობს, და საერთოდაც, არაფერია დარჩენილი დედამიწაზე, გაუქმებულ სამხედრო გემზე უქალო და გემზე უფრო მასკულინური. (ეს- დღევანდელი ტურისტები - არ ითვლებიან!) რატომ ვუცქერი დაჟინებით უკვე გემის სპეციპიკურ სუნს შეჩვეული ამ რკინის პეპლებს, მე აქ რა მინდა! პეპლის საჭერით, მინდვრად პეპლებს უნდა დავდევდე და უნდა მეცვას სულ ყვავილებით მოჩითული ფუშფუშა კაბა. შენ რამ დაგძაბა, აბა, ეკლები? შენ არ გინახავს კარტოფილის ოქროსგულა, თეთრი ყვავილი? ამ თვითმფრინავის ბლანტ შუშაში მე ვირეკლები. ერთი კარტოფილი, ორი კარტოფილი, სამი! - - - - * ერთი კარტოფილი, ორი კარტოფილი, სამი! - თვლაა საგანგებოდ, ყვითლებში ჩაცმული სამხედრო პირის მიერ. ძრავაჩართულმა თვითმფრინავმა ამ დროში უნდა დატოვოს გემბანი, თუ ვინმე გაიტანა-გაიტანა, არ უნდა შეჩერდეს! ეს - მისი პრობლემა არაა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
ფოტოები ამ ლინლზე დევს
https://www.facebook.com/share/18vS5Hy9CY/?mibextid=wwXIfr