სფინქსი გამიტყდა - განმარტებითურთ


ახლა საერთო კედელზე  ერთი ჩემთვის ფრიად პატივსაცემი ადამიანის პოსტს წავაწყდი. ასე ჰქონდა საკითხი დაყენებული, შეიძლება,  ვინმემ ყველა ბრძოლა მოიგოს და საბოლოოდ, ომი წაგებული აღმოჩნდესო?
გამახსენდა, რომ უხსოვარ დროს ეს პრობლემა მეც ძალიან მაფიქრებდა. ლექსიც კი მქონდა ამაზე და გამოქვეყნებას უზარმაზარი აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
     ის ლექსი ანტიკური მითოლოგიის მოტივებზე იყო და სოფოკლეს ,,ოიდიპოს მეფის” ალუზიები იყო შიგ.  ეს ის დროა, მკითხველზე უფრო მაღალი აზრისა რომ ვიყავი; რომ მჯეროდა,  ჩემი წარმოსახული მკითხველი სულ ანტიკური ლიტერატურის კითხვაში ათენ-აღამებდა. 
  ახლა ვიცი, რომ ასე არაა. 
   კერძოდ,  როგორაა!
ჩემი ფიქრით,  ვინც კარგ ლიტერატურას კითხულობს, იქვე რჩება, სუროგატებს აღარ ეტანება, მე კი, როგორც ჩანს,  სწორედ სუროგატს ვთავაზობდი, ხოლო ვინც არ კითხულობს, იმისთვის გაუგებრად დარჩებოდა იმ პერიოდის მთელი ჩემი შემოქმედება თუ არა,  მისი ის ნაწილი მაინც, რომელიც მეძვირფასება, თორემ თავშესაქცევსაც,,, ამხანაგთა სათრეველ”  ლექსებს მოცალეობისას ცოტას როდი ვწერდი და ვწერ!

  სფინქსის მსხვრევის ამბავი იქ  თანამედროვე ყოფითობაში მქონდა გადმოტანილი. ლირიკულ პერსონაჟს სახლში მინიატურული სფინქსი,  ალბათ რაღაც, 
ქანდაკება უვარდება და ემსხვრევა - ხიდი ასე იყო ანტიკურობისაკენ გადებული - ეს აგონებს ,,ნამდვილ” სფინქსს,  შემოდის სხვა ამბები, მაგ. წყვილთა დაშორებისა (ალბათ  ის მინი-სფინქსი წყვილისცალისგან ჰქონდა დარჩენილი და ასე შემდეგ…

     და მაინც, როგორ შეიძლება ბრძოლებში სულ იმარჯვებდე და საბოლოოდ, ომში დამარცხებული გამოხვიდე?!

    გავიხსენოთ: თებე უპყრია  ბოროტ, დაუმარცხებელ სფინქსს.
ოიდიპოსმა დაამარცხა იგი,  გამოიცნო მისი ,, რიდლი”, 
დამარცხებული სფინქსი კლდიდან გადავარდა.
  მისგან განთავისუფლდა  თებე -  სულ გამარჯვებებია, არა?
    მადლიერი თებელები ცოლად რთავენ დედოფალს - ესეც რამხელა გამარჯვებაა!
მასთან ეყოლება სამი თუ ოთხი შვილი (ზუსტად აღარ მახსოვს)-  სულ გამარჯვებაზე გამარჯვება არაა?!
…და უცებ გაირკვევა, რომ იოკასტე მისი  ერთგული ცოლი,  სინამდვილეში - დედამისია.
რამხელა მარცხია!
    ფროიდისტული გაგებით,  ეს ყველაფერი გადაღეჭილია, გაფორმებული ,,ოიდიპოსის კომპლექსად”, როგორც ჩანს, მიცდია,  ამბისთვის რაღაც, ახალი, ჩემეული ხედვის კუთხე მომეძებნა. ახალგაზრდა ვიყავი და ასეთი რამეები არ მეზარებოდა. პირიქით, მიზიდავდა. ახლა სადღა შემიძლია…

    ერთ, ძალიან ყოფით მაგალითზეც ვნახოთ. მაგალითად,  ვარ ნარკოდამოკიდებული. ყოველი შოვნა წამლისა,  საწამლე ფულისა  - ხომ იქნება  ბრძოლაში გამარჯვება?
 საბოლოოდ,   ომში იმარჯვებ თუ მარცხდები?
თქვენ გინახავთ  იგი  ომში გამარჯვებული? 
მე - არა!
ვერც წარმომიდგენია. 
სხვა მაგალითის მოძიება უჩემოდაც შეგიძლიათ.

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სფინქსი გამიტყდა 

ალბათ მიწისძვრის ბიძგი იყო
და ვერ ვიგრძენი,
ანდა თავისით გადმოვარდა თაროდან
და დაიმსხვრა სფინქსი
და პირისფერი მარმარილოს იატაკზე
ამ ფაიფურის ნამსხვრევების
თეთრი ანბანით დაწერილი
რაღაც ამბავი
იკითხება და არც იკითხება,
მესმის,
არც მესმის:

რა წყვილი იყო!
ან რად დაშორდნენ,
ან ერთად მაინც რამ შეჰყარა,
რა აჩერებდათ!

ერთი ნამდვილი მხეცი იყო,
ხოლო მეორე - ანგელოზი,
ანდა პირიქით.
უჭირდათ, მაგრამ
მაინც სძლებდნენ ადამიანად.
რაც აერთებდათ,
პასუხი იყო
და თუ იცოდნენ ეს პასუხი -
- ერთად იცოდნენ,
ხოლო ცალ-ცალკე -
- აზრი კი არა,
სიტყვების ნაცვლად
ბგერები-ღა გამოსდიოდათ.

შხუილ-შხუილით ეყრებოდათ
ყოველი მხრიდან
კითხვა,
კითხვა,
კითხვა-ძახილი!
მათი სათქმელი კი არაფერს არ ერგებოდა.
ის ერთადერთი შემკითხავიც - აღარ გამოჩნდა,
ანდა გამოჩნდა...

კითხვა!
კითხვა!
კითხვა-ძახილი!

ზესკნელ-ქვესკნელი,
შუასკნელი გადაკვანძული
და ნაბიჯი წინ -
- პირველი და უკანასკნელი.

ხმიანობს ქორო:

-თუ ბედისწერამ გირჩია და აგიყოლია,
ვერას გაიგებ,
გინდ აღმართს და დაღმართს ხედავდე;
გამარჯვებებით,
დიდი და მცირე გამარჯვებებით
მივა გზა შენი
საბოლოო დამარცხებამდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი