ქალი- მარტორქა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

 ქალი - მარტორქა

ის კაცი იყო და ჩვენ,
ქალები  - ვრეაგირებდით იმის ყველა გამოჩენაზე, 
მაგრამ არ მახსოვს არცერთი კაცი, 
ჩვენი საერთო ნაცნობებიდან, 
რამე ასეთი რომ არ ეთქვა  ერთი-ერთზე, სადმე, ზურგსუკან,
კი, პატივს ვცემო, 
კი, კარგიაო, 
მაგრამ მაგისი რაღაც, მაინც არ მომწონსო,
ცარიელი პოზააო,
უაზროდ დიდი, 
დაკუნთული ფანფარონიო…
ნეტა ქალები მასში მაინც რას ხედავენო…

უყვარდა ჩვენთან საუბარი სადმე, 
კიბესთან
და ძველ ამბავსაც ყვებოდა ისე,
თითქოს იმწუთას აღმოაჩინა, 
 და იმ უეცარ აღმოჩენაში  - შენც იყავი თავით ჩართული.
ეს - სხვა ნიჭია, 
სხვა ტალანტი,
ან გაქვს, ან - არა!

ის  -  უნებურად, 
საკუთარი არსებობით არ უტოვებდა დანარჩენებს რამ საშუალებას, 
საერთო ფონზე  თავი  იმათაც რამენაირად გამოეჩინათ.

ადამიანი როგორ იპოვი ვინმეს, 
თავს თუ არ გაიკარგებ?
ამის გარეშე, მოგეხსენებათ,
ცაში  - ჩიტები ვერ ძლებენ და ტყეში - მხეცები,
ვერც შინაური ცხოველები გამრავლდებიან, 
იქ როგორაა -  მხოხავებში - მართლა არ ვიცი.

 ჰო, როგორ ნახავ  საპარტნიოროდ ვინმეს, 
თავს თუ არ გაიკარგებ?
და მითუმეტეს გაზაფხულობით,
ხანდახან ბრძოლაც დაგჭირდება, 
რქებით ჭიდილიც
და არიან ცხოველებიც, 
მაგალითად,  ქალი - მარტორქა, 
მამრს არ ნებდება, 
თუ არ დარწმუნდა, 
მისი ღირსი,  რომ შეეყარა, 
არ  დაწყვილდება არას დიდებით, ჯერ თუ ბრძოლა არ გაუმართა, 
ესაა ხვედრი  ქვეყნად ცალი რქით მეომართა.

იმის სიკვდილით სამამრეთმა ამოისუნთქა,
რადგან   მდედრებმა  დაკვირვებით მიმოიხედეს  და  
სიმრავლეში  გაკვირვებით 
ვიღაცეებიც აღმოაჩინეს.  
იმის სიკვდილით შეწყდა
 უცებ მამრული შური,
გამოჩნდა რაღაც საქმე საშური, 
ხოლო მდედრებმა გადაივიწყეს -  მჩხიბაობა ექიმბაშური, 
შეწყდა ზურგსუკან ლაპარაკი,
სიცოცხლე - შეწყდა…
არა,   არა, სიცოცხლე - დარჩა,
მაგრამ მასში  შეწყდა მთავარი.

გესმის, მთავარო?
თვითონ კი არა, 
არსებობა მისი ამბობდა, 
სხვები ბორცვები არიან და 
მე კი  - მთა ვარო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი