გადამეხადოს
#ლექსები ეტიუდი იყო, მინდოდა, “დესტრუქციაშეპარული” კონვენცია გამეკეთებინა, სულ დაბალხარისხოვანი რითმები გამომეყენებინა, მაგრამ მოსაწონი ყოფილიყო. ეს გამოვიდა ნინო დარბაისელი გადამეხადოს! რა უცნაური კაცი იყო, როგორ მიყვარდა! - ბრძენი მოხუცი, ებრაელი მეზობლად მყავდა. წიგნი - ბიბლია სულ პირველად მასთან ვიხილე, პირველად მისგან შევიცანი სიბრძნის სიხილე. შაბათ- კვირობით შუქს არაფრით არ აანთებდა, თავის თეფშებზე სხვის, უწმინდურს არას დადებდა; შთამომავლების გაქართველებულ წეს-ჩვეულებებს, - არ იკარებდა, მასში მხოლოდ დარდებს ბადებდა. მახსოვს, როდესაც ცოლი - სარა გარდაეცვალა სიმსივნისაგან, მანამდე კი ბევრი იწვალა, მისი სიკვდილი თავს დაეცა თითქოს მეხადო, ის კარში მდგომი მოსამძიმრეებს პასუხობდა: ,,- გადამეხადოს!” “გადამეხადოს ლხინშიო” - -ზოგჯერ დააყოლებდა. და მოსამძიმრეს რამე სიტყვით დააყოვნებდა. წლები გავიდა, როცა მითხრა: - ნუ გეგონება, ვინც სამძიმარზე მოდის - შენი მოეგონება. ზოგი - ვალს იხდის, ზოგი - მოსვლით თავს იპატივებს, თუ ვინმე ტირის - საკუთარი მკვდარი ატირებს. ზოგს გულში იქნებ უხარია, ვის რას გაუგებ, გულს ვერ მოუგებ, ფარდაგადაც თავს თუ გაუგებ. არ ვარგა, ვალი წაიყოლო, და ამიტომაც, ვისაც რა უნდა ჩვენთვის, ყველა - გადაგვეხადოს! ღმერთისოდენა არ შეუძლია ქვეყნად არავის. უნდა გიყვარდეს, მაგრამ ისიც არ დაივიწყო, თვით ღმერთის გზაზე დამდგარიც კი, ადამიანი - ღმერთი არ არის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი