ფაეტონები


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ფაეტონები

ჩემი ცეცხლოვანი, 
ჩემი ოქროვანი,
ლურჯ ცაზე  ისევ აიშალნენ  საომარი ფაეტონები, 
ზეცა უნდა მოგატაროთო.
 ვეუბნები,
მე ვისაც  ველი,
იმას ზეცაში რა უნდა-მეთქი და გაგებინებაა ძნელი.

ეს - კაიროა,
ეს  - მიწისქვეშა მუზეუმია.
დამუწულ პირში თაფლის გემო მომდებია.
სისხლისაგან- დაწრეტილი ვარ, 
ტვინი - ცხვირის ნესტოებიდან  გამომწოვეს. 
ჩემი გულ-ღვიძლი   - თიხის მოგოზილ ამფორაშია. 
ბოლო წვეთამდე  გამოცლილი მაქვს მიწიერი სიცოცხლის წვენი.
გავილიე, დავპატარავდი.
მე ზეთისხილის პირველი, ცივი, გამონაწურ -გამონახადით.
ზეთით, თაფლით და სურნელოვანი ბალახებით გაჟღენთილი დოლბანდებით მჭიდროდ შესუდრულს
დოლბანდი   -  კანად გადამქცევია.

მე ნავში ნავით და იმ ნავში კიდევ ნავით შორეთს გავცურე.
სულ შვიდი იყო ჩემი ნავი
და ქურუმები ლოცულობდნენ შეუსვენებლივ,
ხოლო მხატვრები  ჩემი აკლდამის  სველ კედლებზე   
სინგურით, 
თეთრით, 
ნახშირით,
მწვანით,
და  ეგვიპტური  ლურჯით,
ლაზურით
  ყოველდღიურად ახალ ფრესკოდ ახატავდნენ
გზას,  
რომელზეც  სულეთისკენ ვედინებოდი.


 მე - აქ   დავბრუნდი.
ამ ცხოვრებაში
და აქ მოსვლამდე უკვე  იმდენი ათასწლეული  გამოვიარე,
შენ -  მცირე დროით შემოსახედად მომიხვედი. 
და გენანება, 
ჩემს ცქერაში წამოგტკივდეს   დაღლილი კეფა,
ან საფეთქლები  გიფეთქავდეს?

ჩემთვის  ძლიერი განათება არ შეიძლება,
ტემპერატურაც  - საჭიროა მუდმივად ცივი, 
 აქ, მიწისქვეშა ბნელგრილოში გეგულებოდე სამუდამოდ!

 რა მერქვა?!
ნახე!
ზედ მაწერია:
“ ახალგაზრდა უცნობი ქალი - მეფეთა ველი”.
რაკი ასეთი დიდებულებით 
ვარ დაკრძალული, 
მეც დიდებული ვიქნებოდი,
იქნებ ასულიც ფარაონისა.

 როგორ ვიცხოვრე?
როგორ მოვკვდი?
რა დამემართა?
 იქნებ  ბაღნარში,
 საღამოს ჩრდილით  გამუქლურჯებულ  აუზთან მდგარი  მეც მოველოდი ჩემს ერთადერთს გულგალეული;
 იქნებ ვიწექი
 ნელსაცხებლებით ტანდაზელილი, 
 ვარდის ფურცლებით მიმოფენილ  სურნელოვან სარეცელში და  
 და ზეთოვანი სანთლის  შუქში
მეც სანატრელი ნაბიჯების ხმას მოველოდი?
იქნებ სასახლის ბანზე ასული
 ვაყურადებდი შინ გამარჯვებით მომავალთა ლანდურ ყიჟინას.
და თქარათქური მომესმოდა საომარი ფაეტონების?
იქნებ ვიყავი ფარაონის რჩეული ცოლი,
 ულამაზესი და  ცოლთა  შორის უცოლესი
იქნებ  ვიფიცე…
 
რაც ნაკლებს ამბობს რეალობა,
წარმოსახვისთვის უფრო ვრცელი გვეძლევა სივრცე. 
მე  დავიღალე მიწისქვეშეთში და გავიცრიცე.
საკმარისია  მნახველური ეს სიფაციცე, 
დროზე გავიდე სუფთა ჰაერზე,
თავს შვება მივცე!

გამეღვიძება, 
სიზმრეული ქრება ტონები,
გამქრალა ძილში ნაბატონები
ფაეტონები,
ოქროვანი,
საომარი  ფაეტონები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი