სარკული
#ლექსები ნინო დარბაისელი სარკული (ბ. გ.- ს) დილაადრიან ამოსულებმა ჩამოხრჩობილი გიპოვეს სახლში, ულოგიკოა ეს ყველაფერი, ბიჭო, ეგ ნაღდად არ უნდა გექნა! რამდენიმე დღის წინ, აღარ გახსოვს, თბილისში სად არ ვიბოდიალეთ? სულ არაფერზე ერთმანეთს რამდენს ვაცინებდით! ვინმეს ეგონა, დავდიოდით და ამაღლებულზე ვლაპარაკობდით, ამაღლებულიც - რატომ არა, წამოგვცდებოდა, ძირითადად კი გეუბნებოდი: - კაცი ისეთი მოსავლელია, მითუმეტეს საქართველოში, ერთ კაცს - მთლიანი ქალი სჭირდება. შენ მპასუხობდი: - ქალი ისეთი მოსავლელია, მით უმეტეს საქართველოში, ერთ ქალს - მთლიანი კაცი სჭირდება. გეუბნებოდი: - ქმარი - ძნელია! იმის შინ ყოლას, გირჩევნია, ოცნების კაცი გაიჩინო და როცა გინდა, მოგესურვება, წარმოსახვებში ეურთიერთო, თუ გინდა, მასთან ყირას გადადი! პოეტ ქალს - კაცი მუზა სჭირდება, და გარანტია, იმისა, რომ ეს მუზა მისკენ არასოდეს არ მიიხედავს, ქალის პრობლემა მაინც სხვაა, მარინა გახსოვს? ანა გახსოვს? გახსოვს სილვია? რომელი - ერთი გავიხსენოთ! შენ მპასუხობდი: -,ქალი - ძნელია! შინ ცოლად დასმას გირჩევნია, ოცნების ქალი გაიჩინო და როცა გინდა, მოგესურვება, წარმოსახვებში ეურთიერთო, თუ გინდა, მასთან ყირას გადადი, პოეტ კაცს - ქალი მუზა სჭირდება.. და გარანტია იმისა, რომ ის მუზა მისკენ არასოდეს არ მიიხედავს, კაცის პრობლემა მაინც სხვაა! პეტრარკა გახსოვს? დანტე გახსოვს? ან ბოტიჩელი? რომელი ერთი გავიხსენოთ! წარმოსახვებში ქალისათვის თავსაც გაწირავ! ყოფაა, ძნელი, არასდროს რომ არ გაგახარებს! ჩვენი სარკული დაძმურობები! ახლა რა არის, ეს რა სიკვდილი მოიგონე! სიკვდილში - ცუდი - ის მთავარია, ერთხელ მოხდება და ცოცხალი უკვე არა ხარ! ამასობაში რა დრო გასულა! მე გეუბნები: - იცი, აქ ყოფა რა ძნელია? აღარ იცი, რას გაუძლო, როგორ გაუძლო! შენ კი მპასუხობ: -იცი, არყოფნა რა ძნელია, აღარ იცი, რას გაუძლო, როგორ გაუძლო! საიქიოს და სააქაოს შუაში კი, არა ბეწვისა რამ ხიდია ანდა რამე მლეთა მდინარე, დიდი შუშაა, ერთიანი, მთლად ვიტრინაა, სარკე- ვიტრინა, მანდედან - ვჩანვარ, ჩემი მხრიდან - დაბურულია, ხმა მოდის და ლანდს მკრთალად ვხედავ. როგორც ჩიტები იმ სარკეზე გახელებით ვახეთქებთ გულებს, ვახეთქებთ სულებს, გამოღმა მყოფს და გაღმა გასულებს, ესაა ჩვენი ხვედრი სარკული, ერთმანეთისთვის სამუდამოდ ჩვენ ვართ ნაპოვნი, თან გადაკარგული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი