მერკურული ოქსიმორონი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მერკურული ოქსიმორონი

ეს რა სიზმარი იყო,
რა საშიშარი,  დიდი!
მზე  - ყირას დამდგარიყო,
ციდან - ვარსკვლავებს ვყრიდი.

მანძილი - ვკეცე, ვკეცე,
ზღვას - ბასრი დავკარ ხმალი,
მთლად თავი გავიმხეცე,
ვიყავი დიახ, მალი!

 მყავდი, მედექი მყარად, 
სულეთს - ურდულიც ვადეთ.
მე  მიწამც  ზედ მაყარა, 
რა ამბებია მანდეთ?

გვაწვიმდა მშრალი წვიმა,
გვეკიდა ცივი ცეცხლი.
ჩვენ კენტეულმა წყვილმა
ვხვეტეთ ოქრო და ვერცხლი

და ოქროს მტვერში გბანე 
და  ვეცხლისწყალიც  შესვი…
მოცახცახ- მობაბანევ, 
 მერკურს* -   რად უნდა ფესვი?

გამოღვიძებამ გაქრო,
წყვდიადი ნათობს  მჭახე.
შენ - სიმწრით დანაშაქრო -
ისევ სიზმარში გნახე?

- - - 

* ეს ლექსი რომ  ადვილად გაიგოთ, დაუკვირდით სიტყვა-სახელ “მერკურს”: იგი არის:

1. ღმერთი - ბერძნ მითოლოგიაში 
2. ვერცხლისწყლის  - შხამის სახელი. 
3. პლანეტა პაწაწუნა, მაგრამ მზესთან ყველაზე ახლო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

12 კომენტარი

ეს ლექსი ალბათ გვეუბნება: „ჩვენი ვნებები შხამიანიც არის და ამაღლებულიც; რეალობა მკვეთრი და მტკივნეულია, ხოლო სიზმარი — ერთადერთი ადგილი, სადაც ამ გიჟურ, წინააღმდეგობრივ სიყვარულს შეუძლია იარსებოს.“გადაცვეთილი თემა ხომ არ არის ქალბატონო უამრავი პოეტის თუ პროზაიკოსის გადმოძახილი იგრძნობა...
"რა ამბებია მანდეთ?" ეს კითხვა მოულოდნელი არაა ლექსში? რითმასთვის ხომ არაა გამოჩარხული ხელოვნურად? მოცახცახ- მობაბანევ .აქ ცახცახი ან მობაბანე რომ ამოვიღოთ მგონი არაფერი დაშავდება.ნეოლოგიზმი გამართლებულია მაშინ, როცა სხვაგვარად ვერ იტყვი.
როდესაც პოეტი გადაწყვეტს, რომ ლექსს სპეციალური განმარტებითი სქოლიო (მინიშნება) დაურთოს ბოლოში — „მერკური არის ღმერთი, შხამის სახელი და პაწაწუნა პლანეტაო“ — ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ლექსმა თავისი მისიით თვითონ ვერ გაართვა თავი.

შინაარსი იმდენად გადატვირთულია „სიბრძნეებით“ და „მინიშნებებით“, რომ მთლიანობაში გაუგებარი და ბუნდოვანი რჩება.

ძალიან საინტერესო კომენტარია, ოღონდ იქნებ დაუკვირდეთ: დასაწყისში “ალბათ” დაგჭირდათ, რომ გაგერკვიათ, ეს ლექსი რას გვეუბნება. (მე გეტყოდით, რომ არა, მაგას არ გვეუბნება.) მერე საკუთარსავე დაშვებაზე აგებთ დასკვნას, რომელსაც არ მგონია, საერთი ჰქონდეს ავტორისეულ ჩანაფიქრთან.
ამას მოაქვს შედეგად თქვენი არასწორი წაკითხვა - ინტერპრეტირება.

მადლობა გამოხმაურებისთვის.

გეთანხმებით,ეს ინტერპრეტირება გამოიწვია თავად ამ ლექსის ბუნდოვანებამ .იმდენადაა გადატვირთული რომ სიტყვა "ალბათ" მაგიტომ დავწერე. არ ვიტყუები იმით რომ ჩავწვდი ამ ლექსს.ეგრე ისეთ ინტელექტუალურ თამაშს დავწერ რომ კაციშვილი ვერ გაიგებს და მე კომფორტულ პოზიციაში ვიქნები და ვიტყვი : ტქვენ არაფერი გესმით! მაგრამ მართალი ვიქნები?

სიზმრისეული ცნობიერება - რომელიც , ავტორის ჩანაფიქრით, კონცეპტუალურ საყრდენს ქმნის ამ ლექსისა, იმგვარ ლოგიკურ ინტერპრეტირებას სწორედაც რომ , არ ემორჩილება, თქვენ რომ გწადიათ.

მთავარია, რაკი მესტუმრეთ, დარჩეთ აქ, მე არაკომფორტულობა არ მაშინებს. საუბარი კი საკუთარ ნაწერზე, ზოგადად პოეზიაზე - არ მგონია, როდესმე მომწყინდეს

„სიზმრისეული ცნობიერება ლოგიკურ ინტერპრეტირებას არ ემორჩილებაო“არის ტიპური თავდაცვითი პოზიცია.ეს არის პოეტური „ინდულგენცია“ — სურვილი, დაწერო ნებისმიერი ქაოსი და მონათლო სიზმრისეულ ცნობიერებად.თუ ავტორი აცხადებს, რომ მისი ლექსი „სიზმრისეული ცნობიერებაა“ და ლოგიკას არ ემორჩილება, მაშინ რატომ ურთავს ბოლოს აკადემიურ, განმარტებით სქოლიოს მერკურის სამ მნიშვნელობაზე?!

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, სინამდვილეში მანდ მერკურს სამი კი არა, ხუთი პლანი აქვს. ცოტათი დაგეხმარებით გზის გაკვლევაში:
მერკურთან ფესვი რა შუაშია? რითმისთვის დასჭირდა ავტორს, იქნებ რამე აზრია ამაში?

იშრომეთ და იპოვეთ!


რაც შეეხება სიზმრისეულ ცნობიერებას, მას აქვს თავისი ლოგიკა, ხშირად რაციონალური მიდგომით აუხსნელი.
თქვენ - თქვენი დაწერეთ, რა გიშლით ხელს!
კიდევ ერთი მინიშნება საუბარია მკვდართან შეხვედრაზე სიზმარში
კიდევ ერთი საიდუმლო. ლექსში გათამაშებულია ორი ხალხური ანდაზა. იპოვეთ ისინი!
ერთიც ალუზიაა უცნობილესი ხალხური ლექსიდან. ასევე გამოყენებულია წარმართული პლანი პლიუს ქრისტიანობა.

გასაგებია, მაგრამ ასე წერას არ ვეთანხმები ქალბატონო ნინო.მკითხველმა თუ სახელმძღვანელოებით ირბინა ,უიმე აქ ეს რას ნიშნავს? წავედი მოვიძიო .აქ რა კოდი ჩამიდო ავტორმა? ეს მკითხველის შანტაჟს უფრო ჰგავს.თან მერე მოიძიოს ამ საწყალმა მკითხველმა, გაიგოს რა უნდოდა ავტორს და დახვდეს არც თუ ისე აღმაფრთოვანებელი შინაარსი,არ იქნება სამართლიანი ქალბატონო ნინო და რა გავაკეთო?

მე ლამის მთელი ცხოვრება ეგრე ვუკირკიტებ სხვების ნაწერებს. აქ არ ჩამოვთვლი, ვისით დაწყებული და ვისით დამთავრებული. ქართველი თუ არაქართველი ავტორისა.
თქვენთან რომ ტექსტის სიღრმეებში ჩაწვდომისაკენ სწრაფვა და უნარი რომ არ შემენიშნა, ასე ხომ არ აგყვებოდით დიალოგში, არა?

ერთ მინიშნებასაც დაგიმატებთ, ეს ლექსი შესრულებულია ქართული სიმბოლისტური ესთეტიკის მონაპოვართა შესაბამისად. ამ გაგებით, თავისებურ რეტროს წარმოადგენს.

ნეტავი იცოდეთ, როგორ ველი თქვენს გამოჩენას, რომ ეს საინტერესო დიალოგი განვავრცოთ.
ისიც კი ვიფიქრე. რაღაც სტადიამდე კვლავ საინტერესოდ თუ განვითარდებოდა, კომპოზიციურად შემეკრა, ცოტათი დამემუშავებინა, რასაკვირველია, თქვენთან შეთანხმებით და ბეჭდური სახე მიმეცა,
ეს თუ გადაარჩენს ჩვენებრ მოფიქრალ გულებს ამ საგიჟეთში!

ფეისზე, სადაც ეს ლექსი მიდევს , თქვენს შესახებ ასეთი კომენტარი დავტოვე

https://www.facebook.com/share/p/1N7UqMYib4/?mibextid=wwXIfr

ამ ლექსის თაობაზე, ვფიქრობ, საინტერესო დიალოგი მიმდინარეობს ამ ლინკზე

(მეორე მხარეს კონსტანტინე ჯინჭარაძეს - პირადად საერთოდ არ ვიცნობ, ან საიდან უნდა ვიცნობდე, მაგრამ მექმნება შთაბეჭდილება, რომ კარგი ლიტერატურული ალღო აქვს)

ვნახოთ, სადამდე ჩავალთ!

https://poetry.ge/pages/nino-darbaiseli-stroni/poems/16v-merkuruli-oqsimoroni#comments

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი