სარკეებში სარკე


#ლექსები
ნინო დარბაისელი

სარკეებში სარკე 

(ანა სიბერეში  ფანტაზიებს  მიეცა და არავინ იცის, რა იყო ან საერთოდ, იყო თუ არა რამე ამადეოსა და მას შორის)

მძიმე ფარდით გატიხრული შუშაბანდი, 
 ვინ ეძებდა ან ჩემსა და ან თქვენს?
ვერც კი მიცნობთ,  რა საშინლად დავჭკვიანდი!
ვიდრე ვიტყვი, ასჯერ ვზომავ  სათქმელს.

ჩარჩოებში -  ნახატები. მძიმე სუნი
საღებავის, ზეითუნის თანაც
უკვე მძაღის, მოხმარების დროგასულის,
და რაფაზე - ჟანგიანი დანაც.

რას მორჩით და რას დაედო მძიმე მტვერი
ან პორტრეტი -  ვეღარ მოიწარბა?
 არ ვყოფილვარ,  რაც კიბეზე დავიმტვერი,
სახელოსნოც  - არ არსებობს ალბათ. 

ქვაში,  ხეში - ქანდაკება  - თქვენი სტილის, 
 უცხოსი და შორით დასაფიცის.
 სიბნელეში მანდ ფეხმძიმე ქალი  სტირის
თავს. მოკვდება, თქვენ თუ წახვალთ, ისიც.

შოკოლადის კონფეტები! გრილიაჟი
მომეწონა,   ჩემთვის, ცალკე ვპარკე. 
 დაგვცქეროდა ძველებური ტრილიაჟი - 
მილიონჯერ - სარკეებში სარკე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი