ილესი აბრადი
#ლექსები ნინო დარბაისელი ილესი აბრადი როდესაც გაძლება ძალიან მიჭირდა, წერა რომ თავს მედგა, ვით შავი აბრაგი თუ ცივი ბადრაგი, მაშინ გავიჩინე ერთი მეგობარი, სახელად მას ერქვა ილესი აბრადი. მისი არსებობა - სარკიდან გავიგე, თავს როცა ვიქცევდი აბრაკადაბრათი, ყველაფრის გამგები - ილესი აბრადი, ჩემი მეგობარი - ილესი აბრადი. გამოჩნდა?! გაიგო?! - მჭირს კარდია - ბრადი! ჩემო მეგობარო, ილესი აბრადო, გულზე დამჩნეულო შორეულ ზღაპრადო ან იქნებ აბრადო, ახლა გაგიხსენე ნეტა ამბად რადო, მექეცი წარსულის ღია ანაბრადო, ვისგან მოჩენილო ჩემთან მოუბრადო, მწარე შოკოლადად ცხოვრებას ვიყოფდით გახსოვს, თანაბრადო? დღემდე არც მახსოვდი, ქცეულს დედაბრადო, აქ გამომეცხადე ბოლოს მეგობრადო, ილესი აბრადო?! ილესი აბრადო, ილესი აბრადო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
15 კომენტარი
ეს ლექსი არის ადამიანის დიალოგი საკუთარ შინაგან „მე“-სთან (ანარეკლთან), რომელიც მას ყველაზე მძიმე, მარტოსულ წლებში ეხმარებოდა გადარჩენაში. ავტორი იყენებს ენობრივ თამაშს, რათა შექმნას ზღაპრული, ცოტა მისტერიული და ილუზორული განწყობა.მაგრამ გამოსდის?თემა ისეთია რომელიც საკმაოდ ემოციურ გამოძახილს უნდა ჰპოვებდეს მაგრამ ფორმა თრგუნავს შინაარსს: როდესაც პოეტი გადამეტებულად ედევნება ერთ კონკრეტულ რითმას (ამ შემთხვევაში „-აბრადო“ / „-ზღაპრადო“), ლექსი ხშირად კარგავს სიღრმეს. სიტყვები შერჩეულია არა იმის გამო, რომ აზრს ზუსტად გადმოსცემს, არამედ იმის გამო, რომ რითმაში ჯდება.
ხელოვნურობა და გაფორმება:
„მჭირს კარდია-ბრადი“ — ბრადიკარდიის (თუ ავტორი ამას გულისხმობს)ასე დასახიჩრება რითმის გამო ცოტა უხერხულად და ძალდატანებულად ჟღერს.
„ქცეულს დედაბრადო“ — შინაგანი დრამა უცებ გადადის თითქმის კომიკურ/ფოლკლორულ პლასტში, რაც სერიოზულ განწყობას აფუჭებს.
ვერბალური აკრობატიკა პოეზიის სანაცვლოდ: ბევრი მკითხველისთვის ეს იქნება უბრალოდ „სიტყვების რახარუხი“ ან ენის გასატეხი, სადაც ემოცია იკარგება ტექსტურ ჟონგლიორობაში.
თუ ამ ლექსს შევხედავთ როგორც პოეტურ ექსპერიმენტს, ენობრივ თამაშს ან ფორმით თამაშს, ის თავის ფუნქციას ასრულებს — გამახსოვრდება და ყურში გრჩება.
მაგრამ თუ მას შევხედავთ როგორც ღრმა, მაღალ მხატვრულ პოეზიას, ის მოიკოჭლებს, რადგან ფორმამ (რითმის დევნამ) სრულიად გადაფარა შინაარსი და ემოციის სიწმინდე.ნათლად შესამჩნევია და ზედმეტად ზედაპირზე დევს ის რომ ლექსი გამოჩარხული რითმევით დაიწერა.მართლაც აბრაკადაბრა გამოვიდა. სიტყვები შერჩეულია დაბოლოება "ადო"-ს დევნით ან ალიტერაციული აკვიატებით.ზოგიერთი სკოლა ამას მოიწონებდა მაგრამ პოეზია ჩემი აზრით არ უნდა დაემგვანოს ალგორითმის გამოყვანას.
ლექსი წარმატებულია როგორც ენობრივი თამაში და ყურში ჩარჩენადი აკუსტიკური კონსტრუქცია.თუმცაღა ეს უკანასკნელიც ყოველთვის სადავო იქნება რადგან მეტწილად გემოვნებაზეა დამოკიდებული და ეგ ყოველთვის სუბიექტურია.
მადლობა ამ შესანიშნავი გამოხმაურებისთვის.
ეს ლექსი - მონორაიმული რითმებითა და რეფრენით თამაშია, ცხადია, თანემედროვე ეპოქის შესაბამისად, თვითირონიული,
რადგან დღეს ასეთ რამეებზე სერიოზულად წერა - უკვე სასაცილოა.
ხოლო ნათქვამია, “არასოდეს გამოელევა მასალა ხუმრობისა და ირონიისათვის, მას, ვისი ირონიაც არა სხვისკენ, არამედ საკუთარი თავისკენაა მიმართული.
მოწყენილობის ჟამს ასეთი რაღაცეებით გართობა - ყველაფერს მირჩევნია.
ფეისბუქზე ლექსს კომენტარი ახლავს დედისადმი. ვიფიქრე, მე აქ ვერთობი, მას კი მართალი არ ეგონოს და არ შეშინდეს-მეთქი. იგი გულმხურვალე ფეისბუქელია.
ბრადიკარდია - ასეთი გულის ავადმყოფობა სადღაც გამიგია, მაგრამ მე კი არა, არავის ჩემს საახლობლოში არ ჰქონია:
“დედი, ძალიან ნუ დაიბნევი!
ნუ იფიქრებ, ნინო ავადააო!
არავითარი ბრადიკარდია არ მჭირს.
ერთი ხერხი გამოვიყენე რითმისთვის, ნასწავლი მაქვს გალაკტიონისაგან:
,, ვეფხის დაარქვა მას ტყაოსანი”
ისე, მხეცივით ვარ!
აჰა, ლექსი გაგახსენო:
გალაკტიონი
ქაღალდი
ქაღალდი, სუფთა
ზამთრის ველივით,
შრიალებს ღამით
თუ ღელავს დღისით,
მარადის ფიქრობს,
რომ ყოველივე
იწყება მისით,
თავდება მისით!
ქაღალდი მრავალს
იჩენს მარიფათს,
ქაღალდი მოდის
რაგინდ რაფერი:
იყო, არის და
რჩება ღარიბად...
სწერთ? ქაღალდია,
სხვა არაფერი!
მაგრამ მოვიდა
ერთხელ მგოსანი,
შემოქმედება
აზრს შეუზავა,
ვეფხის დაარქვა
მას ტყაოსანი,
და საუკუნე
გააუკვდავა!
1950 წლის 17 აგვისტო
სოხუმი
… და ისა, ეს, როგორც თქვენ მოიხსენიეთ, “ყურში ჩარჩენადი აკუსტიკური კონსტრუქცია”, რას უნდა ნიშნავდეს? იქნებ ოდენ სონორებით თამაშია?
მაგ ლექსში გალაკტიონთან აზრის მოგრეხვა არ ხდება ბგერების ათამაშების ხარჯზე. თუმცა ეგ ლექსიც,რაც მოიყვანეთ გალაკტიონის,დიდი არაფერია თუ არა გაცვეთილი პათოსი... ემოციური შანტაჟი.მკითხველმა აპრიორი უნდა მიიღოს როგორც ჭეშმარიტებად რუსთაველის გენიალურობა.მაგ ლექსში გალაკტიონი მეტწილად დიდაქტიკურობს ვიდრე პოეზიას ქმნის!ტექნიკურადაც არ არის ბოლომდე გამართული.
გალაკტიონის გენიალური სტრიქონებიდან ორია მაგ ლექსში.
ერთი - ლამის აფორიზმადაა ქცეული. (ყოველ შემთხვევაში, ჩემს ქართულ წრეში, რომელიც ძირითადად მწერლებისა და ლიტმცოდნეებისაგან შედგება და რომელიც არც მნიშვნელობითა და არც წევრთა რაოდენობით კნინი - ნამდვილად არაა!):
. ,,სწერთ? ქაღალდია, სხვა არაფერი”
და ის, რომელიც მე გამოვიყენე,- კომპოზიტის გახლეჩა - თავისებური პოეტური ტმესი, რომელიც არცთუ მცირე იყო ვეფხისტყაოსანსა და მის ეპიგონთა პოეტურ ტექსტებში (უფრო მორფოლოგიური ხასიათისა) და თანდათანობით გაქრა.
გალაკტიონი მანდ შეეცადა, პოეტური ტმესის გამოყენებას კომპოზიტის გახლეჩის გზით. ეს - პოეტური ნოვაცია იყო და თან იმდენად სპეციფიკური, ,,ამტაცებლები” დიდად არ გამოსჩენია, სხვა ნოვაციების მსგავსად.
მე ვეცადე, აღმედგინა არა რუსთაველის, არამედ გალაკტიონის ხაზი, ანუ არა თავსართი -ძირითადი სიტყვისგან, არამედ კომპოზიტის ნაწილები გამეთიშა ჩართული სიტყვით.
სათაურისა და შემდგომში რეფრენის მნიშვნელობა ხომ არ გაგირკვევიათ?
თუ გაგიძნელდათ, ნუ დამიმალავთ, გეტყვით.
ლიტმცოდნეების აღფრთოვანება საერთოდ არაა არანაირი არგუმენტი!მსგავსი "მცოდნეები" მიდიან და მოდიან !ობიექტური ლიტერატორული საზომები და ტექსტის ხარისხი არა.
თუმცა, გალაკტიონის მიერ კომპოზიტის გახლეჩას ('ვეფხის... ტყაოსანი') ჰქონდა შინაგანი რიტმული გამართლება, ხოლო 'ბრადიკარდიის' 'კარდია-ბრადად' ქცევა — ეს არა პოეტური ტმესი, არამედ სამედიცინო ტერმინის მორფოლოგიური 'ტრავმაა' რითმის გამო.
რაც შეეხება 'ილესი აბრადს' — რადგან ასე გულმოდგინეთ თამაშობთ სარკისებური ანარეკლებით, საიდუმლოს ნუღარ შეინახავთ: გვითხარით, ეს უბრალოდ ფონეტიკური სიმულაკრია და აკუსტიკური პალინდრომი, თუ თქვენს ლიტმცოდნეთა წრეში უკვე ცალკე ტრაქტატიც მიუძღვნეს ამ ენობრივ სიახლეს?
ძალიან გინდათ, კრიტიკული იყოთ, თუმცა კვალიფიკაცია გაკლიათ ძალიან. ეს არაა დიდი პრობლემა, ადვილად დასაძლევი მგონია, თქვენს შემთხვევაში, მთავარია, არ შეეშვათ!
არ ვიცი, მგონი გითხარით, რომ ტექსტში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ძნელად გასაგებ და გაუგებარ მომენტებს, რადგან შემთხვევათა დიდ ნაწილში სწორედ იქაა ხოლმე ჩადებული მთელი ტექსტის გასაღები.
მაგალითად, სათაურის, შემდგომ რეფრენად გამოყენებული სიტყვის, ჩემი ფიქრით, უმარტივესი “საიდუმლო” რომ მოგეხელთებინათ, მერე შინაარსიც ადგილზე დადგებოდა, ჟანრსაც ადვილად განსაზღვრავდით და აღარ დაგჭირდებოდათ ეს ძალად ცინიზმი, კრიტიკად რომ მიგიჩნევიათ:
(“გვითხარით, ეს უბრალოდ ფონეტიკური
სიმულაკრია და აკუსტიკური პალინდრომი, თუ თქვენს ლიტმცოდნეთა წრეში უკვე ცალკე ტრაქტატიც მიუძღვნეს ამ ენობრივ სიახლეს”)
ჩემო უანგაროდ გულმოდგინე მეგობარო, ტექსტის ცალკეულ ადგილებს თითქოს კი კითხულობთ, რაღად საფეხურამდე საინტერესოდაც მიდიხართ, მაგრამ ჯერ არა გაქვთ ლექსის მთლიანი სურათის დანახვის ჩვევა.(იმედია, ახალგაზრდა კაცი დგას თქვენი ფსევდონიმის უკან.), ჯერ ვერ ადიფერენცირებთ ტექსტში მთავარსა და არამთავარს. მეტიც, მთავარი - ელემენტარულად ყურადღების მიღმა გრჩებათ.
ეს უკვე მეორედ დადასტურდა.
თქვენი ვარაუდებიდან არცერთი არაა მართალი. ამ ლექსის სათაური, შემდგომში რეფრენი - არც მეტი, არც ნაკლები, ჩემივე გვარია უკუღმა წაკითხული:
დარბაისელი - ილესიაბრად
ეგ რომ გამოგეცნოთ, მიხვდებოდით, რომ მთელი ლექსის ინტენცია არის ირონიულ- პაროდიული თამაში და აგებულია თამაშის პრინციპზე.
ახლა რომ გითხრათ, ედგარ ალან პოს უცნობილესი ლექსიდან მაქვს იდეა აღებული და პაროდირებული(დევს აქ მგონი ჩემივე თარგმანი)
ასევე, ილფი და პეტროვი მიყვარს ძალიან, ლამის ზეპირად ვიცი და ამ ლექსის ირონიულ- პაროდიული პლანი მათი ერთი ,,სიბრძნის” პოეტური ექსპლიკაცია არის - მეთქი ( “ წყალში ხრჩობადთა გადარჩენა ხრჩობათთავე ხელშია) ამას ხომ საერთოდ არ დაიჯერებთ და ასე შემდეგ.
მთავარია, არ მიმატოვოთ, კიდევ ბევრ რაღაცას გეტყვით.
ჩემი შენიშვნები ემსახურებოდა არა ცინიზმს, არამედ იმის ჩვენებას, თუ როგორ აღიქვამს ტექსტს „გარე მკითხველი“, რომელსაც არ აქვს ავტორის კოდების ცხრილი.კონცეპტუალური თამაში და ანაგრამები მშვენიერი ილეთია, თუმცა პოეზიაში ფორმა არ უნდა ჩაგრავდეს ენობრივ ბუნებრიობას.თუ ლექსის გასაგებად მკითხველს სჭირდება:
ავტორის გვარის ცოდნა,
მისი უკუღმა დამარცვლა,
ედგარ პოს "ყორნის" სტრუქტურის გახსენება,
ილფ და პეტროვის ციტატების ამოცნობა...
...მაშინ ჩნდება კითხვა: ეს ლექსია თუ ინტელექტუალური თავსატეხი?
ლიტმცოდნეებისთვის თუ ვწერთ ლექსს მაშინ შეიძლება მოეწონოთ ეს მარტივი პარალელები და მხატვრული სახის აღმოჩენად ჩათვალონ, მაგრამ აქ კითხვა ჩნდება ეს პოეზიაა ?
კარგი პოეზია ჩემი აზრით ისაა, სადაც სიღრმეც არის და ენობრივი სილამაზეც — ერთმანეთის შეწირვის გარეშე.
და ვინ გითხრათ, რომ ჩემთან მაინცა და მაინც ედგარ პოს “ყორანია” გამოყენებული, და არა , მაგალითად, თემატურად განსახილველ ნაწარმოებთან უახლოესი ,,Alone”?
თუ თქვენ თვლით ასე და აქ ჩემი შენიშვნა უადგილოა, იქნებ რამე დაასახელოთ ნათქვამის დასტურად!
(თუმცა წინასწარ გეტყვით, ამაოდ გაირჯებით ძებნაში).
პირადად მე უმეტესწილად, ნაკლებად მიზიდავს ლექსი, სადაც ჩასაწვდომი არაფერია,
არ მითხრათ, გალაკტიონის “არტისტული ყვავილები” მიყვარს და მესმისო - დღემდე საუკეთესო კრებული ქართული პოეზიის ისტორიაში.
ეს კრებული უბრალოდ, პოეტურ გამოცანათა სიმრავლით კი არ გამოირჩევა, თავიდან ბოლომდე გამოცანაა.
ეს რომ თქვათ, არ დაგიჯერებთ და გამეცინება.
ჩემთვის , როგორც ავტორისათვის , კარგი პოეზია მუდამ რაიმე ჩანაფიქრის ხორცშესხმაა. ხან უკეთესად გამოვა, ხან უარესად, ხანაც - სულ არ ივარგებს. ეს არაა დიდი პრობლემა. მთავარია სურვილი ახლის ძიებისა და კეთებისა. ამ ფუფუნების უფლება მაქვს გენიოსი გალაკტიონის უკვე არსებობის გამო. საქართველო პატარაქვეყანაა, ფლორენციასავით აქ არაა მოსალოდნელი ერთ ეპოქაში გენიოსთა ვარსკვლავთცვენა.
თქვენ - რაც გინდათ, მიგაჩნდეთ კარგ პოეზიად.
იმედია, არ მოგაკლდებათ მოსაწონ- მოწონებული. მე რა გამგე ვარ მაგისა.
ფაქტობრივად თქვენ მიუთითეთ რომ ეს ჩემი გემოვნებააო.არტისტული ყვავილების მონათვლა დიდ გამოცანად,ეს სადავო ნაწილია და არა ობიექტური აღქმა.რათქმაუნდა იქ არის უამრავი ბუნდოვანება და ძლიერი თუ სუსტი მხარეები აქ ამაზე დავა ახლა არ მიმდინარეობს.ედგარ პოს რომელი ნაწარმოები იყო ლექსში ნაგილისხმევი ამას არ აქვს მნიშვნელობა იმ გაგებით რომ ,ჩემს შენიშვნას არ პასუხობს.ნებისმიერ შემთხვევაში რა ნაწარმოებიც არ უნდა იყოს მკითხველის ერუდიციას მოითხოვს.როცა ამბობთ "დღემდე საუკეთესო კრებული ქართული პოეზიის ისტორიაში." ეს ასევე სუბიექტური განცდაა მიუხედავად იმისა რომ ბევრი შეიძლება ეთანხმებოდეს.თქვენი საუბრიდან გამომდინარე რას ამბობთ რომ ნამდვილი პოეზია ბუნდოვანებაშია?არ ვიცი თუ აქამდე მიდის საუბარი მაშინ კამათს აზრი აღარ აქვს .თუ ნამდვილი პოეზია ბუნდოვანებაა თქვენი ლექსიც სერიოზულ წარმატებას აღწევს და რით სჯობს მაშინ გალაკტიონის რომელიმე ლექსი?თუ ისიც ბუნდოვანია და თქვენიც შეფასების კრიტერიუმი რა უნდა იყოს?მუსიკალურობა? ეგ გომოვნების საკითხია ვიღაცას შესაძლოა "ლურჯა ცხენებზე" მეტად თქვენი ლექსი მოეწონოს მუსიკალურად.ამიტომ რას გულისხმობთ ზუსტად განმარტეთ.იმიტომ რომ ისეთ ველში მომაქციეთ სადაც შეფასება აზრს კარგავს და ყველა ლექსი მაღალმხატვრულია მაშინ სადაც ბუნდოვანებაა!გულწრფელად მაინტერესებს რას გულისხმობთ რა არის "რაიმე ჩანაფიქრის ხორცშესხმა"?
რაკი თქვენს ბოლო მსჯელობაში ეს ერთადერთი კითხვა მეჩვენება გამოკვეთილად, ამჯერად ამაზე გიპასუხებთ( არც სხვა კითხვებზე პასუხს დაგზარდებით.
პოეზიაზე და მეტადრე საკუთარზე ლაპარაკი - რომელ ავტორს მოსწყინდება!
“რაიმე ჩანაფიქრის ხორცშესხმა” ეს არის ავტორის ინტენცია, რეალიზებული პოეტურ ტექსტში.
ტექსტი აუცილებლად მოითხოვს ტექსტთან - რეალიზებულ ჩანაფიქრთან ერთად კიდევ ერთ ინსტანციას - მკითხველს.
ამის გარეშე კომუნიკაცია ვერ შედგება.
ყველა ავტორს ჰყავს თავისი წარმოსახული მკითხველი, ანუ ის, ვისაც მსმენელად, რეციპიენტად გულისხმობს. ეს ბუნებრივია.
ჩემი წარმოსახული მკითხველი - ბევრი არა, მაგრამ იგი მეტნაკლებად ერუდირებული ინტელექტუალია. სიახლე მოსწონს, ტექსტთან გაჩერება და დარჩენა უყვარს, უყვარს აღმოჩენები.
სხვაგვარ მკითხველსაც პატივს ვცემ, უამრავნაირია და უამრავნაირი ავტორიც ჰყავს ქართულ პოეზიას, საბედნიეროდ.
მკითხველი, რომელიც ლექსისგან რაიმე სხვას მოელის, ჩემთან - მოიწყენს და დაასკვნის,რომ არ მოხვდა თავის ავტორთან.
არაა ეს დიდი ტრაგედია!
კარგი, მაგრამ როგორ ვზომავთ ჩანაფიქრის წარმატებულ რეალიზაციას?ის მკითხველი რომელიც თქვენ გყავთ და ერუდირებულია.კავშირს მაშინათვე გრძნობს ტექსტთან?ასევე თქვენ მაინც არ უპასუხეთ კითხვას ბუნდოვანების შესახებ.ეს მრავალშრიანობა საბოლოოდ გაუშიფრავია თუ გაშიფვრადი? რადგან გალაკტიონის არტისტულ ყვავილებს უწოდეთ ერთი დიდი გამოცანა,ეს გამოცანა იხნება თუ გაუთავებელ ძიებაში გადადის ?
თუმცა თქვენი ლექსი მე ვფიქრობ გაშიფვრადია. თუ ესმის მკითხველს ის კონკრეტული კოდები რაც ჩადეთ.თქვენ შეგეძლოთ ბუნდოვანება შეგექმნათ სხვა გზითაც ზოგად :საკაცობრიო მოვლენებიდან რაც ყველასთვის ცნობილია,ან საგნებიდან რაც ასევე ყველამ იცის, მაგრამ თქვენ არჩიეთ კულტურული კოდებიც.ანუ ერუდიციაც ჩართეთ მოთხოვნად მკითხველისთვის.რა იყო ამის მიზეზი?ეს მოთხოვნა უფრო ღირებულს ხდის ლექსს თქვენი აზრით ? თუ იმდენად ორგანული იყო თქვენთვის, რომ სხვა გზა არ გქონდათ?ეს ხერხი შინაგანმა მხატვრულმა აუცილებლობამ გიკარნახათ?
ღმერთო ჩემო! იმდენი კითხვა დაგიყრიათ, პოსტის ბოლოში, ერთიანად, სათითაოდ მაგის პასუხს მთელი ინტერვიუ დასჭირდება და დიდად ავცდებით კომენტარის ფორმატს!
გაგიკვირდებათ და, მე ლექსმცოდნეობის დოქტორი გახლავართ. ანუ პროფესიონალი ლექსმცოდნე და ამ დარგში შესაბამისად, არაერთი ბეჭდურად გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი.
ეს საშუალებას მაძლევს, ზუსტად თუ არა, დაახლოებით მაინც დავადგინო, წარმატებული გამომივიდა თუ არა იდეის ხორცშესხმა.
არიან დიონისური წყობის პოეტები და არიან აპოლონურისა. მე - მეორეს მივეკუთვნები. ემოცია ჩემს ტექსტებში იმ დოზით შემაქვს, რაც ხემი აზრით, ჩანაფიქრს სჭირდება. არ მიყვარს ტყუილი წივილ - კივილი.
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ჩემი ქმნილებების დიდ უმრავლესობას აქვს რაღაც კონცეპტუალური საყრდენი, ღერძი, რომელზეც ვაგებ პოეტურ ტექსტს. როგორც წესი, იმ “საჩემო” ღერძის ავტორობა მე ნაკლებად მეკუთვნის, მე მომწონს, ვიღებ მას და რამდენადაც შემიძლია, ოპტიმალურ პოეტურ ფორმას ვურჩევ.
მე ასეთი ვარ, სხვა - სხვაგვარი. არჩევანი თქვენც და სხვასაც დიდი გაქვთ.
ლექსმცოდნეობის დოქტორობა არ არის პასუხი. თქვენ გაქვთ კონცეფცია. მაგრამ რა ხდის ამ კონცეფციის განხორციელებას მაღალ პოეზიად?ამ კითხვაზე არ გიპასუხიათ რაც უმთავრესი იყო დიალოგში. თუმცა კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენი მიმდინარეობა და მიზანი პოეზიაში. პოეზია არის სფერო რომელიც მეტწილად განწირული რამაა,ისევე როგორც ადამიანის შექმნილი უამრავი რამ. თუნდაც თქვენ რატომ უწოდებთ გალაკტიონს გენიოსს?ამას რომ ჩავყვეთ წმინდა ლოგიკით აბსურდამდე მივალთ.საბოლოოდ გემოვნებასა და შეგრძნებაზე მივა საუბარი.სადაც ყველაფერი "დიდი გამოცანაა" და ამ გამოცანებსაც ადამიანის ილუზია ქმნის...
თქვენ ან ისე მოგწონთ ჩემი პოეზია, რომ მეტი აღარ შეიძლება და თავს ვერ უტყდებით (რა ვიცი, იქნებ უტყდებით კიდეც!) ან სულ არ მოგწონთ და თვლით, რომ ამაზე უარესი არასდროს არაფერი წაგიკითხავთ!
მეტყვით საკუთარ კრიტიკულ აზრს და მეც დაუყოვნებლივ ,,გამოვსწორდები”, რომ თქვენს// ანონიმის თვალშეუწვდენელ სტანდარტებს მოვერგო.
არ მოგწონთ, ნუ მოგწონთ, არც ესაა დიდი პრობლემა პირადად ჩემთვის.
ვიღაც არის ჩემი მკითხველი - ვიღაც არა! …მაგრამ საგანგებოდ საჩემოდ , ფსევდონიმით, დარეგისტრირებული ვინმე, რაღაც ორსტრიქონიანი რომ დაუდია, ვითომც პოეზიააო, იმაზე მეტ ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებს ჩემგან, თუნდაც მოცლილი ვიყო, რაც გუშინ უკვე დავუთმე.
უამრავ სასარგებლო საქმეს მოვახმარდი ამ დროსა და ყურადღებას.
ვფიქრობ, დროა დავაჯამოთ შედეგები:
ჩემი ფიქრით, საკითხი ასე დგება;
: თუ ყველაფერი, დაწყებული გალაკტიონიდან , ჩემი გავლით, ვინმე დამწყებამდე, რაც არ მოგწონთ, მუდმივ სურვილს გიჩენთ, რომ ამდენი წეროთ, თავიც მოიცდინოთ და ავტორიც მოაცდინოთ, ნამდვილად გარანტირებული ხართ, რომ ვერასოდეს მიაღწევთ ლექსამდე, რომელიც მოგეწონებათ.
და არა მაღალი გემოვნების გამო, არამედ ვფიქრობ, იმის გამო, რომ საქართველოში უამრავი წერს .
უხეშად რომ ვთქვათ, საუკეთესოს უმდარეს ტექსტთან შეფარდება ერთი ათასთან გამოგივათ, 999 - ის წაკითხვა მოგიწევთ თქვენი სასურველი იმ ერთის საპოვნელად.
არაა რაციონალური ეს.
ნამეტნავად ფუჭი შრომაა.
მე ასეთ შემთხვევაში ვარჩევდი თავისთვის მეთქვა , არაა პოეზიაზე დროისა და ენერგიის ფლანგვა- ჩემი საქმე-მეთქი და რამე უფრო ნაყოფიერს მოვძებნიდი ჩემს სფეროში.
ამასვე გირჩევთ თქვენ!
ჩემი წამიერი "ღადაობა" პოეზიად რომ არ მიმაჩნია მემგონი ამას თქვენ თვითონაც ხვდებით. არ ვიცი ამის თქმა რა საჭირო იყო თქვენი მხრიდან. კარგი აღარ შეგაწუხებთ,იმიტომ რომ ბოლო კომენტარის მერე მართლაც არ ღირს გაგრძელება. ავტორს აღარ მოვაცდენ.