ილესი აბრადო
#ლექსები ნინო დარბაისელი ილესი აბრადი როდესაც გაძლება ძალიან მიჭირდა, წერა რომ თავს მედგა, ვით შავი აბრაგი თუ ცივი ბადრაგი, მაშინ გავიჩინე ერთი მეგობარი, სახელად მას ერქვა ილესი აბრადი. მისი არსებობა - სარკიდან გავიგე, თავს როცა ვიქცევდი აბრაკადაბრათი, ყველაფრის გამგები - ილესი აბრადი, ჩემი მეგობარი - ილესი აბრადი. გამოჩნდა?! გაიგო?! - მჭირს კარდია - ბრადი! ჩემო მეგობარო, ილესი აბრადო, გულზე დამჩნეულო შორეულ ზღაპრადო ან იქნებ აბრადო, ახლა გაგიხსენე ნეტა ამბად რადო, მექეცი წარსულის ღია ანაბრადო, ვისგან მოჩენილო ჩემთან მოუბრადო, მწარე შოკოლადად ცხოვრებას ვიყოფდით გახსოვს, თანაბრადო? დღემდე არც მახსოვდი, ქცეულს დედაბრადო, აქ გამომეცხადე ბოლოს მეგობრადო, ილესი აბრადო?! ილესი აბრადო, ილესი აბრადო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
ეს ლექსი არის ადამიანის დიალოგი საკუთარ შინაგან „მე“-სთან (ანარეკლთან), რომელიც მას ყველაზე მძიმე, მარტოსულ წლებში ეხმარებოდა გადარჩენაში. ავტორი იყენებს ენობრივ თამაშს, რათა შექმნას ზღაპრული, ცოტა მისტერიული და ილუზორული განწყობა.მაგრამ გამოსდის?თემა ისეთია რომელიც საკმაოდ ემოციურ გამოძახილს უნდა ჰპოვებდეს მაგრამ ფორმა თრგუნავს შინაარსს: როდესაც პოეტი გადამეტებულად ედევნება ერთ კონკრეტულ რითმას (ამ შემთხვევაში „-აბრადო“ / „-ზღაპრადო“), ლექსი ხშირად კარგავს სიღრმეს. სიტყვები შერჩეულია არა იმის გამო, რომ აზრს ზუსტად გადმოსცემს, არამედ იმის გამო, რომ რითმაში ჯდება.
ხელოვნურობა და გაფორმება:
„მჭირს კარდია-ბრადი“ — ბრადიკარდიის (თუ ავტორი ამას გულისხმობს)ასე დასახიჩრება რითმის გამო ცოტა უხერხულად და ძალდატანებულად ჟღერს.
„ქცეულს დედაბრადო“ — შინაგანი დრამა უცებ გადადის თითქმის კომიკურ/ფოლკლორულ პლასტში, რაც სერიოზულ განწყობას აფუჭებს.
ვერბალური აკრობატიკა პოეზიის სანაცვლოდ: ბევრი მკითხველისთვის ეს იქნება უბრალოდ „სიტყვების რახარუხი“ ან ენის გასატეხი, სადაც ემოცია იკარგება ტექსტურ ჟონგლიორობაში.
თუ ამ ლექსს შევხედავთ როგორც პოეტურ ექსპერიმენტს, ენობრივ თამაშს ან ფორმით თამაშს, ის თავის ფუნქციას ასრულებს — გამახსოვრდება და ყურში გრჩება.
მაგრამ თუ მას შევხედავთ როგორც ღრმა, მაღალ მხატვრულ პოეზიას, ის მოიკოჭლებს, რადგან ფორმამ (რითმის დევნამ) სრულიად გადაფარა შინაარსი და ემოციის სიწმინდე.ნათლად შესამჩნევია და ზედმეტად ზედაპირზე დევს ის რომ ლექსი გამოჩარხული რითმევით დაიწერა.მართლაც აბრაკადაბრა გამოვიდა. სიტყვები შერჩეულია დაბოლოება "ადო"-ს დევნით ან ალიტერაციული აკვიატებით.ზოგიერთი სკოლა ამას მოიწონებდა მაგრამ პოეზია ჩემი აზრით არ უნდა დაემგვანოს ალგორითმის გამოყვანას.
ლექსი წარმატებულია როგორც ენობრივი თამაში და ყურში ჩარჩენადი აკუსტიკური კონსტრუქცია.თუმცაღა ეს უკანასკნელიც ყოველთვის სადავო იქნება რადგან მეტწილად გემოვნებაზეა დამოკიდებული და ეგ ყოველთვის სუბიექტურია.