გვირგვინქვეშშეუსვლელთათვის
#ლექსები ნინო დარბაისელი გვირგვინქვეშშეუსვლელთათვის გვირგვინქვეშ შესვლა, მითუმეტეს საქართველოში, განა ყველა ქალს უწერია! ხომ არსებობენ დანარჩენები! დანარჩენები - ორი ხელით პირდაბანილს მუშტრის თვალით რომ ახლობლებივე გადახედავენ, “ამას- ფასი აქვს და არაფრით არ დავაკლებო!” დანარჩენები - საკუთარ თავსაც სარკეში რომ მუშტრის თვალით აცქერდებიან: “რას გავქაჩავო?!” დანარჩენები - საქორწილოდ საგულდაგულოდ ნაშიმშილარნი, ერთ საჭირო დღეს ნერწყვგამშრალები “დიახს” ყელიდან უცხო ხმით რომ ამოხერხავენ, იმ ერთადერთი სხივნათელი დღისთვის შობილნი, მოგვიანებით რამდენჯერ შურით გადმოგხედავენ, იმდენჯერ - მადლი მე შემეწიოს. დანარჩენები - რომ არ იცოდნენ თავიდანვე - ცხოვრება აქტი კი არ არის, ეს პროცესია, ვიდრე წაგიღებს სამგლოვიარო შენც პროცესია. დანარჩენები - მუდამ უფრო ლამაზები, ანუ ბევრად უარესები. იმ დანარჩენებს ერთი დღე ჰქონდათ, ბედმა თქვენთვის რომ არ გაიმეტა, თორემ ხელებსაც საცეკვაოდ - სხვაზე ნაკლებად არც თქვენ გაშლიდით, სულ სხვისი ბედით მოხარენო, რომ ვერ იქნა და ვეღარ დადგინდა ვერასოდეს თქვენი მაზანდა, ცხოვრება - არის კენტად გოდების კედელთან დგომა, იმდენი კაცი აგეფარება! არც გაიფიქრო, ურიგოდ ვინმე გაგატარებდეს! “- ეჰ, გათხოვება - ხომ ვაია და არგათხოვება- ვუი ყოფილა! რომ მდომებოდა, ეგრე ხომ ასჯერ გავთხოვდებოდი! - წამოგცდენიათ ნაკოცნებსა თუ უკოცნელებს, კაცის სირცხვილის სიჩუმეში ჩამყლაპავებს, თქვენ - ნაწვალებებს თუ იძულებით ქალწულებად ზეცად ასულებს! დანარჩენები - განა მართლა სხვაობენ თქვენგან! თქვენც, იმათსავით სიბნელში ცრემლიანი სიტყვისმყაპავნო, თქვენ, ვინც საკუთარ სხეულებზე ვიგინდარა არ აბოგინეთ, ზედმეტ კაცზე ხომ იმდენი უთქვამთ, მწერლებსა და ფილოსოფოსებს, თან ცინიკურად ადამიანად რომ მოუხმობენ, ზედმეტ ქალებზე?! - შეთანხმებულად ყველანი დუმან. აბა, სიტყვა ვის გააგონეს! საქართველო კი ქვეყანაა, ზედმეტ ქალთა უხვად მშობელი. თქვენ ავსებთ ტაძრებს, ბაზრებს, დარბაზებს, და საბოლოოდ, სულ საჭირონი - სამშობლოსაც ეზედმეტებით, საქართველო კი ქვეყანაა, სადაც ქალი - ქორწილის იმ დღეს კაცის გულში ძრწოლის აღმძრავი, სხვა დღეებში ჩირად არ ფასობს, სამაგიეროდ, დედის ფასი - კაცისათვის მილიონია! (ან დოლარი, ანაც - კუპონი, გააჩნია სიტუაციას) დანარჩენები - ხანდაზმისას საბოლოოდ გიტოლდებიან! დანარჩენები - დანარჩენად, თქვენ კი ადგილზეც დარდი არაფრით არ დაგელევათ, საშორებო-საახლობლოში - გამრჯე ხელი ვის მოსჭარბდება! უცხო ქვეყნადაც - დემენციანი მოხუცები გელიან ბრაზით, გელიან გრგვინვით - ქვეშნასველები. და თქვენც მიდიხართ, ჩემი, გვირგვინქვეშშეუსვლელები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
4 კომენტარი
„გვირგვინქვეშშეუსვლელთათვის“ ძლიერი სოციალური პათოსის მქონე ვერლიბრია, რომელიც ქართველი ქალის საზოგადოებრივ მდგომარეობასა და მის მიმართ არსებულ სტერეოტიპებს განიხილავს. ტექსტის მთავარი ღირსება მისი აქტუალური თემაა, ემოციური ინტენსივობა და მკითხველთან თანაგრძნობის გამოწვევის უნარი. ავტორი მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემას ეხება და მას მაღალი ემოციური ტემპერატურით წარმოაჩენს. მიუხედავად ამისა, ვერლიბრის ფორმობრივი და ესთეტიკური კრიტერიუმებით შეფასებისას ტექსტი რამდენიმე ისეთ თავისებურებას ავლენს, რომლებიც მის მხატვრულ ზემოქმედებას ნაწილობრივ ზღუდავს.
უპირველესად, ლექსი ხშირად ტოვებს მრავალშრიანი მხატვრული მინიშნებების სივრცეს და დეკლარაციულ, პუბლიცისტურ მეტყველებას უახლოვდება. ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „საქართველო კი ქვეყანაა, ზედმეტ ქალთა უხვად მშობელი“ან „სადაც ქალი... სხვა დღეებში ჩირად არ ფასობს“, უფრო სოციალური შეფასებებია, ვიდრე მხატვრული სახეები. ისინი მკითხველს დასრულებულ დასკვნას სთავაზობენ, მაშინ როდესაც პოეზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება სწორედ ის არის, რომ აზრი ხატის, სიმბოლოსა და ქვეტექსტის მეშვეობით წარმოიშვას. როდესაც ტექსტი საკუთარ გზავნილს თავადვე განმარტავს, მკითხველის ინტერპრეტაციული მონაწილეობა მცირდება.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ენობრივი ორგანიზაცია. ავტორი ხშირად იყენებს რთულ სინტაქსს, ნეოლოგიზმებსა და ექსპრესიულ კონსტრუქციებს, რომლებიც ყოველთვის არ ჩანს შინაარსობრივი აუცილებლობით ნაკარნახევი. სიტყვები, როგორიცაა *„გვირგვინქვეშშეუსვლელები“, „სიტყვისმყაპავნო“, „ქვეშნასველები“, ცალკეულ ეპიზოდებში მართლაც ქმნის ექსპრესიულ ეფექტს, თუმცა მათი ინტენსიური გამოყენება ტექსტს ზოგჯერ სტილისტური გადატვირთულობის შთაბეჭდილებასაც ანიჭებს. შედეგად, მკითხველის ყურადღება ნაწილობრივ ენობრივ ფორმაზე გადადის, მაშინ როდესაც სოციალური თემის შემთხვევაში მთავარი აქცენტი სათქმელის უშუალო აღქმაზე უნდა დარჩეს.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია თავად თემის ბუნებაც. ტექსტი არ წარმოადგენს ლირიკული განცდის ინტიმურ თვითგამოხატვას და არც ფილოსოფიური იდეის მრავალშრიან კვლევას; მისი მიზანი სოციალური კრიტიკაა. მსგავსი ტექსტი, როგორც წესი, განსაკუთრებით საჭიროებს ენობრივ სიცხადესა და კომუნიკაციურ უშუალობას. ამიტომ რთული სინტაქსი, ხშირი ნეოლოგიზმები და სტილისტური ინტენსივობა ზოგჯერ უფრო აფერხებს, ვიდრე აძლიერებს მის ზემოქმედებას. პარადოქსულად, სოციალური გზავნილის ძალას სწორედ მეტაფორული სიზუსტე და ენობრივი ეკონომია შეიძლება უფრო ეფექტიანად ემსახურებოდეს.
თუმცა სწორედ იმ ადგილებში, სადაც ავტორი უარს ამბობს რიტორიკაზე და მხოლოდ მხატვრულ სახეს ენდობა, ტექსტი ყველაზე დამაჯერებელია. მაგალითად, ფრაზა *„სარკეში მუშტრის თვალით აცქერდებიან“* სოციალური თვითგაუცხოების ზუსტი და მრავალმნიშვნელოვანი მეტაფორაა. იგი დამოუკიდებლად ქმნის ძლიერ მხატვრულ ეფექტს. თუმცა მას მაშინვე მოსდევს *„რას გავქაჩავო?!“*, რომელიც უკვე განმარტავს მეტაფორის მნიშვნელობას. შედეგად, მხატვრული სახის ინტერპრეტაციული პოტენციალი ნაწილობრივ მცირდება, რადგან ავტორი იმ აზრს თავადვე ამბობს, რომლის აღმოჩენაც მკითხველს შეეძლო.
ფორმობრივად კითხვებს ბადებს სტრიქონთა დანაწევრებაც. მაგალითად:
*„რომ არ იცოდნენ თავიდანვე —
ცხოვრება აქტი კი არ არის, ეს პროცესია,
ვიდრე წაგიღებს სამგლოვიარო შენც პროცესია.“*
ამ მონაკვეთში ძნელია დავინახოთ, რომ სტრიქონთა გაწყვეტა ქმნიდეს ახალ სემანტიკურ აქცენტს, რიტმულ დაძაბულობას ან დამატებით მნიშვნელობრივ ეფექტს. შინაარსი თითქმის იმავე ინტონაციით იკითხება ერთ წინადადებადაც. ამიტომ აქ ენჟამბემანი უფრო ვიზუალური ორგანიზაციის ელემენტად აღიქმება, ვიდრე დამოუკიდებელ პოეტურ ხერხად.
ამასთანავე, ტექსტი აშკარად ორიენტირებულია ზეპირ შესრულებაზე. განმეორებები, რიტორიკული მიმართვები, ინტონაციური ესკალაცია და დეკლარაციული ფრაზები მას Spoken Word-ისა და პერფორმანსული პოეზიის მახასიათებლებს ანიჭებს. ამ ფორმატში მისი ემოციური ზემოქმედება, სავარაუდოდ, უფრო ძლიერია, რადგან იგი მნიშვნელოვნად ეყრდნობა წარმოთქმის ენერგიასა და აუდიტორიასთან უშუალო კონტაქტს. ამდენად, სცენური შესრულებისას ტექსტი შესაძლოა უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე მხოლოდ წერილობითი პოეზიის ფორმობრივი კრიტერიუმებით შეფასებისას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვერლიბრი, განსაკუთრებით ქართულ ლიტერატურულ ტრადიციაში, კვლავ შედარებით სპეციფიკური ჟანრია და ტრადიციული ლექსის მკითხველის ნაწილისთვის ნაკლებად მისაწვდომი ფორმაა. ამიტომ სოციალური თემის მქონე ვერლიბრის შემთხვევაში ენობრივი სიცხადე, კომპოზიციური შეკრულობა და მეტაფორული სიზუსტე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავს, რამდენად უშუალოდ აღწევს ტექსტის სათქმელი ფართო აუდიტორიამდე.
საბოლოოდ, „გვირგვინქვეშშეუსვლელთათვის“ მნიშვნელოვანი სოციალური გზავნილის მქონე ტექსტია, რომლის მთავარი ღირსება მის საზოგადოებრივ აქტუალობასა და ემოციურ ენერგიაშია. თუმცა ფორმობრივი თვალსაზრისით იგი მოიგებდა მეტ ენობრივ ეკონომიას, უფრო კონდენსირებულ მხატვრულ აზროვნებას, ნაკლებ დეკლარაციულობასა და ისეთ მეტაფორულ ენას, რომელიც იდეას განმარტების ნაცვლად თავად წარმოშობს. სწორედ ასეთ შემთხვევაში ტექსტის სოციალური ძალა და პოეტური ხარისხი ერთმანეთის გამაძლიერებელი გახდებოდა.
ძალიან მანებივრებთ. ასეთი კარგი ანალიზი ერთი ლექსისა - იშვიათად დაუწერიათ ჩემზე.
სპეციფიკური ტერმინოლოგიური საკითხების შესახებ მსჯელობისას და კიდევ ცალკეულ მომენტებში ვერ დაგეთანხმებით. მაგრამ ღირსებას თქვენი გამოხმაურებისა, ეს ნკლებად აკნინებს.
რა გიშლით ხელს, მაგალითად, ეს ტექსტი ისე დაამუშაოთ, რა ცვლილებებიც საჭიროდ მიგაჩნიათ მასში?
მე აუცილებლად ასე მოვიქცეოდი. ოღონდ მეტ ყურადღებას გამოვიჩენდი ფინალური ჰიპერდაქტილური, ოკაზიონური რითმის მიმართ, როგორც ავტორი, გაგიმხელთ, რომ იქაა ლექსის გასაღები, ღერძი.
(გელიან ბრაზით, გელიან ) გრგვინვით - ქვეშნასველები
( ჩემი) გვირგვინქვეშშეუსვლელები.
ვინაობა რომ ვიცოდე თქვენი, სიამოვნებით გავაზიარებდი ამ ტექსტს ყველგან
ბევრი რომ არ გაწვალოთ.
საქმე ასე იყო. გვირგვინქვეშ შესვლა - არსებობდა ასეთი ძველი სინტაგმა და ან ქალის გათხოვებას ნიშნავდა ან ვინმეს გამეფებას.
მე აქედან გავაკეთე ყოვლად არაკეთილხმოვანი, რაღაც უბედურება, ნეგატიური კომპოზიტი -პოეტური ნეოლოგიზმი
“გვირგვინქვეშშეუსვლელი”.
შინაარსზე რომ დავფიქრდი, მომეწონა, რადგან საშუალებას იძლეოდა, ქალწულ -არაქალწულთა, სხვადასხვა ორიენტაციის, ჯვარდაუწერელ -დაუქორწინებელ ადამიანთა უზარმაზარი სიმრავლე მომექცია შიგ. ზოგს ხომ შეიძლება მეგობარი/მეგობრები ჰყოლოდა, საპირისპირო ან თავისი სქესისა, ზოგმა შეიძლება შვილიც გააჩინა და ასე შემდეგ,
შემდგომი ეტაპის ამოცანად დავისახე, ეს “მოჩხლართული” , არამჟღერი , ვრცელი სიტყვა გამერითმა. ჰიპერდაქტილური რითმა გამომივიდა.
რომ გავრითმე, მერე დავფიქრდი, აბა, თუ შევძლებდი, შემექმნა რამე კონტექსტი, სადაც ამას დამაჯერებლად ჩავსვამდი. ანუ ყველაფერი სინამდვილეში ამ სახე- სიტყვა- კონცეპტ - ხერხემალზეა აგებული.
ამის მერე დამჭირდა , მომეფიქრებინა, ვინ რჩებოდა ამ განმარტების გარეთ- ხცხადია - გვირგვინქვეშშესულები, მაგრამ ბგერწერულად ზედმეტი რახარუხი გამომდიოდა და ჩავანაცვლე კეთილხმოვანი სიტყვით ,, დანარჩენები”
შეიქმნა ბინარული დაპირისპირება ამ ორ სიტყვას შორის, რაკი არ მინდოდა, ლექსი რომელიმე ტიპის აპოლოგია გამომსვლოდა, დავიწყე ფიქრი რაიმე წერტილზე, სადაც ეს ბინარიკა მოიხსნებოდა. დამჭირდა სისტემიდან გარეთ გატანა, მივედი აზრამდე, რომ საქართველოს ფარგლებში ბინარიკა- მუშაობს, მაგრამ უცხოეთში - ბუნებრივად იხსნება.
იქ არაინტერესებთ შენი პირადი ცხოვრების, ორიენტაციის საკითხი. გიმოწმებენ, მეტი- მეტი კრიმინალურ “ბექგრაუნდს” რომ მეტნაკლებად გარანტირებულნი იყვნენ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მოხუცის მოვლაში- შრიმაში როცა გიხდიან.
დანარჩენი - სულ ჟურნალისტიკაა!
ასე ვთქვათ, აქა თუ იქ ყურმოკრული, აქტუალური ყოფითი თემების თავისებური პოპური.
ემოცია - საერთოდ, ყველაზე ბოლოს შემაქვს ლექსში.
ტექნიკის ამბავია, ვსაზღვრავ, რა და რამდენი მჭირდება. წივილ- კივილს მაინცა და მაინც ვერ ვიტან. ოდნავი, გალანტური ირონია - მიყვარს, ხშირად ვიყენებ.
მაქვს სარკაზმამდე მიყვანილი ირონიული ლექსებიც, მაგრამ მაგ დოზას მინარევში - არასოდეს ვიყენებ.
ორი ხელით პირის დაბანა, მუშტრის თვალით ყურება ( რაც ხვათა შორის, მეტაფორას არ წარმოადგწნს) და ამ ტიპის სხვა იდიომები - ჩემთვის საყვარელი ადამიანებისგან, ბებო- პაპასგისგან, კახური დიალექტიდან მაქვს გონებაში ჩარჩენილი და ლექსში ,, ვინახავ”. ხშირად ვიქცევი ასე.
სათაურში რატომ შევიტანე?
ამას წმინდა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ავტორისათვის, ინტერნეტში რომ აქვს ნაწერები გაბნეული და არც წიგნად გამოცემას არ უპირებს. უცხო სიტყვა მეც მამახსოვრდება და საძიებო სისტემაშიც რომ შეიყვან, ადვილად იპოვი.
ძალიან ვაფასებ თქვენს ასეთ გულწრფელ, სიღრმისეულ და საინტერესო უკუკავშირს! ავტორისგან საკუთარი ტექსტის „შოკიდან“ და ლაბორატორიიდან ასეთი ზუსტი, კონცეპტუალური ანალიზის მოსმენა იშვიათი პრივილეგიაა კრიტიკოსისთვის.
თქვენმა განმარტებამ — თუ როგორ დაიბადა ნეოლოგიზმი ძველი სინტაგმიდან, როგორ იქცა იგი ჰიპერდაქტილურ რითმად და როგორ აიგო მის ირგვლივ ბინარული ოპოზიცია („დანარჩენები“ vs „გვირგვინქვეშშეუსვლელები“), რომელიც საბოლოოდ ემიგრაციის სივრცეში იხსნება — კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქმე გვქონდა არა უბრალოდ სტიქიურ ემოციასთან, არამედ მკაცრად გააზრებულ პოეტურ არქიტექტურასთან.
ფინალური რითმის შესახებ თქვენი აქცენტი სრულიად გასაგები და მართებულია — სწორედ იქ არის ტექსტის მთავარი ენერგეტიკული და შინაარსობრივი კვანძი.
რაც შეეხება ტექსტის დამუშავებასა და რედაქტირებას: კრიტიკოსის ამოცანა არ არის ავტორის ნაცვლად ლექსის გადაწერა, არამედ იმ მექანიზმების ჩვენება, თუ როგორ აღიქვამს ტექსტს მკითხველი. თუმცა, რაკი იკითხეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ჩანაფიქრის ენობრივად კიდევ უფრო კონდენსირება, ჩემი ხედვა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ჰიპერდაქტილური ფინალი რიტორიკული „თარგმანებისგან“ მაქსიმალურად გათავისუფლებულ, მჭიდრო გარემოში გავარდნილიყო.
გუშინ არ ვიყავი საიტზე და ვერ გიპასუხეთ.