ქენჯნა/ქეჯნა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ქენჯნა/ქეჯნა

ეს - მერამდენედ!
მეგობარს ლექსი მივუძღვენი,
ლექსი- ექსპრომტი 
 და 
მერე, 
როცა  დავამუშავე, 
როცა  კონტექსტი, 
კონცეფცია და პლასტები გამოვკვეთე,
როგორც შემეძლო, 
ავამუშავე პოეტური არსენალი, 
რაც კი მებადა
და საბოლოო ვერსიამდე როცა
მივედი,
სათაურქვემოთ მიძღვნა უკვე მეზედმეტა
და წავშალე მისი სახელი…

თითქოს რა მოხდა, 
მეგობარია, 
პოეტია და ამ ჭირში
თვითონაც ბევრჯერ გამოუვლია.

მე კი ვზივარ და  მეტირება.
ასე მგონია, პოეზიისთვის მეგობრობა გამეწიროს, 
შემეწიროს …
ეს  - მერამდენედ!

ეს-  მერამდენედ თავს ვეუბნები,
რომ არა ვარ მე მისანდო ადამიანი.
წავშალე ჩემი მეგობრისადმი მიძღვნა
 და ლექსმა  ამოისუნთქა,
თითქოს შინიდან გამეტანოს მიცვალებული.
ფართობი,
სივრცე,
სიცარიელე
გაჩნდა იმხელა, 
ისე თანდათან  ამოივსო სხვა დანარჩენით,
ისე  დალაგდა ყველაფერი!

თვით უმდუღრესი ჭირისუფალი გასვენებიდან რომ დაბრუნდება, 
არ შეიძლება ფიქრის ფიქრად  არ გაიფიქროს, -
ესეც ასეო!
აზრზე რომ მოვა და თვალს მოავლებს
არემარეს და 
ლაგებას რომ შეუდგება,
საქმიანად,
 თავის გულში  მაინც არა თქვას,-
ახლა რა გაცლის აქაურობას?!
ღმერთო, რა არის, 
შიგნით თუ გარეთ,
ყოველ კუთხე როგორ ჰქონია დაპყრობილი,
ან კი როგორ ვეტეოდიო….

და არა მხოლოდ ერთჯერადად,
მთელი ცხოვრება
 და არა რაღაც, ერთი საღამო, 
როგორ ერთდება ჭირისუფალში
ნაღველი,  
რაღაც  უცნაური,
გაუმხელელი კმაყოფილება
და ქენჯნა
ქენჯნა - ყველაფრის და არაფრის გამო.

თითქოს მექცევა თავზე ზეცა მე უსადგამო..
ქენჯნაო ჩემო, 
კმარა უკვე, 
გულიდან გამო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი