პაპილონური (ეროტიკული მინიმალისტური ლექსების ციკლი, სამივე ნაწილი, ბოლოში- ესსეთი)
ნინო დარბაისელი
1. პაპილონი
რა სჯობს -
ვიდრე ხარ,
დასტრიალებდე,
ზედ ეჯდე ყვავილს,
თუ ჭუპრად ჩაკვდე?
2. ერთი ყვავილი
დაახრჩობს ყლუპი …
და რას ტირის
ამ უწვიმობას!
3. მიტოვებული
მისი ხმა მესმის
და ტკივილი
შიგ გულში გააქვს!
4. აბლაბუდაში გაბმულის ეპიტაფია
ერთიღა მოასწრო, ,,ვახ, შენიცო “ და
ბადეში გაბმული ვინ შეიცოდა?
სისხლგამოწოვილმა ეს თქმა იცოდა:
“ყვავილი ბევრია, ჩვენა ვართ ცოტა!”
5. ბაქიობა
დავფრინავ კარდაკარადა,
სხვა პეპლებში მე ვარ ლომი.
პაპილონი კი არა და,
უნდა მერქვას პაპილომი!
6. მოგერიება
ეს ნაპეპლარი დამირჩა ბუდე.
მოვიდა ხვლიკი, ალაგ ვერც ხია.
ისევ იქაა, რაც შიგ შევუდე:
- ერთი - ჭია და ორი - კვერცხია!
7. პაპილონს - ყვავილისაგან
რა გინდა, მწერო?
სულ გინდა, მწერო,
მწერო და მწერო?!
8. ნარცისისტს
ვიყავი
კვერცხი,
მუხლუხო,
ჭუპრი,
გავხდი - იმაგო.
ახლა მოგინდა,
კოლექციისთვის ნემსით მიმაგო?
9. ტკბილი ბაღჩისა
ლეღვი რად ამბობს:
- ჩამომეხსენი?
მინდა, სიმწიფით გადამსკდარის
ვჭამო მე ხსენი!
10. მსხმოიარისა
ეს რამოდენა გასხია, მსხალო!
ხილს დიდმუცელას
ვერსაიდან ვერ მივუდექი.
11. შიში
დამაფრთხობელი
გასხლტომა ხვლიკის,
ნიავში ჩალის აფაჩუნება!
12. მწერ-დამწერელთა
ციცინათელა?! -
- ანათებს ბნელში,
როცა ვისვენებთ.
დღის სინათლეში -
არის ერთი უგვანი მწერი.
პაპილონური - II
1.თვითშეხსენება
პაპილონი ვარ,
სხვა პეპლებში
არ შეგეცვალო!
2. თვალთმაქცი
ის- ვითომ ბავშვი,
მოყოლილი
საგაზაფხულო პეპლაობაში.
3. დრო
ძველი ცოლ- ქმარი?!
ახლა - და-ძმა,
ადრე - მწოლ-მქნარი.
4. ყოფა
ის - ალიონზე ამდგარი ყლორტი,
მე - ყვავილნარში მივეშურები.
5. ძველი მეძავი
არასდროს აკლდა
არც - ძამილონი,
არც- მამილონი,
არც - პაპილონი.
6. არის სხვაობა
გვიყვარს ყვავილი.
მე - პეპელა ვარ,
ის - კრაზანა,
ნექტარს რომ წოვს გათავებამდე.
7. ფარვანა
ეგეც კარგი პეპელაა!
თვითონ - დაფრინავს,
სხვანი - ფარავენ.
8. ვადა
არ შევეცილე
სამდღიან პეპლებს?! -
პაპოლონს ეგრე არ ეჩქარება!
9. პაპილონი
არ დამიჭირო!
მინდა, საცქერად
ამ ფარფატით
ანდა ფერით
შენ მოგიტყუო!
10. ტოტი - წვიმაში
გვირგვინშემოცილ
ყვავილს რომ ვხედავ,
მენძრევა და მიტყდება
სიცილ-ტირილისაგან.
11. ნაწვიმარზე
დაუშვა.
შეწყდა.
მკიდია ფრთაზე
ნამის წვეთი.
ქარი ტოტს ანძრევს.
12.
შრომისმოყვარე
დასამტვერია მთელი ველი.
სურვილია
რა უცნაური -
- ახლა წყვილად ტყეში
თამაში.
პაპილონური” - 3
1. ყვავილი - პაპილონს
შორით ფერადო,
თურმე ქვეშიდან
რანაირი ხარ,
მაინც მინდიხარ!
2.ყვავილი - პაპილონს
ყველა ყვავილი
ერთხელ ხარობს
და ერთხელ კვდება.
ჩვენ - ერთმანეთში
ჩავნეტარყუჩდით!
3.. ყვავილი - პაპილონს
ერთ ყვავილს
აღარ უბრუნდები
აღარასოდეს.
მერე რა,
თუ ერთად იამეთ!
4.. ყვავილი - პაპილონს
ნაორგაზმალი
დაღლილია პაპილონი,
გულგრილად მიდის.
ყვავილი - რჩება.
5.. ყვავილი - პაპილონს
მოგაქვს ჟრჟოლა,
მოგაქვს სიბლანტე,
ხოლო მიგაქვს -
- ბუტკოდან მტვერი.
6.. ყვავილი - პაპილონს
ასეთია თავდავიწყება:
აქტის ნაყოფი -
ცაფრენია ყვავილები,
ველად - პეპლების
ყვავილობა!
7.. ყვავილი - პაპილონს
რა იყო შენი მოკარება!
აქ აღარა ვარ.
მაპატიე,
ვერ დაგელოდე!
8. ყვავილი - პაპილონს
მინდვრის ყვავილი -
ზედ პაპილონი.
მუდმივი პოზა.
არაფერი - გარდამავალი!
9. ყვავილი - პაპილონს
ქარაშოტი უნდა ვინატრო?
ადგილს მომწყვიტოს?
ვნებას ვდიო?
სად იმალები?
10.. ყვავილი - პაპილონს
ერთადერთიო?!
ბევრიც მინახავს
ვნებით დამკვდარი პაპილონები!
11... ყვავილი -პაპილონს
გელი გვირგვინშელახული,
ზედგადავლილი,
უკვე ნექტარამოწოვილი,
შენთვის მტვერი-ღა დამიტოვა
მუშა-ფუტკარმა.
12. ყვავილი - პაპილონს
ნეტავი ვიყოთ:
შენ - ყვავილი!
მე - პაპილონი.
სასიკვდილოდ დაგაცხრებოდი.
#ოპუსები
სექსი და შრომისმოყვარეობა
პოსტ სკრიპტუმი ციკლისთვის ,,პაპილონური”
ციკლის ერთ-ერთ ახალ ლექსში “შრომისმოყვარეობა” ფინალში გამოყენებულია სიტყვა ,,თამაში”. გაკვირვებული მკითხველისთვის ადვილი გამოსაცნობია, რომ იგი წარმოადგენს სინონიმ-ერზაცს რითმულად მოსალოდნელი სიტყვისა.
თამაში - ინგლისურ ენაში - ფართო სპექტრის ეროტიკულ- სექსუალური ტერმინია. ვიწრო გაგებით ნიშნავს იმას, რასაც ტრადიციულად ვუწოდებთ სასიყვარულო პრელუდიას,.
ქართულ ენაში თამაშის უამრავი სინონიმი მოგვეპოვება. ერთი მათგანი პირადად მე მაქვს გამოყენებული თხუთმეტი წლის გამოქვეყნებულ ლექსში ,, ელეგია”, ასეთ კონტექსტში - ძაღლი ყვება მგელთან თავის სასიყვარულო თავგადასავალს და ამბობს:
ვინ რა იცის მარტო მგლისა,
მგელზე უფრო უმგლესისა,
ბურჯღნაობა,
თავმიდებით ძილი!
უნდა აღვნიშნო, რომ განსხვავებით ინგლისურენოვანი გარემოსი, ამ ტერმინის შესაბამის ქართულ სიტყვებს ძირითადად წმინდად ნეგატიური ან ნეგატიურად შეფერილი კონოტაციები მოჰყვება.
რატომ?
ვფიქრობ, ეს ბიბლიის არამართებული ინტერპრეტაციის შედეგი უნდა იყოს.
ღმერთმა სექსი, როგორც სასიამოვნო რამ, აჩუქა მისი ნებით დაწყვილებულ ადამიანებს.
მისი ნების გარეშე დაწყვილებულთა თანაყოფა კი, რა სახისაც არ უნდა იყოს, მისთვის საძულველია და ამას ვერ შველის ბიბლიის ვერანაირი ახლებური ინტერპრეტაცია ( სხვათა შორის, არსებობს ასეთი გამოცემები, გამოცემები სადაც პოტენციური მკითხველის მდგომარეობასა და ორიენტაციაზეა მორგებულ-ადაპტირებული, - შეკვეცილი ბიბლია და საღდება კიდეც)
ჩემი ფიქრით, სექსზე დამამცირებელი ლექსიკით საუბარი უპირველესად ნიშნავს უფლის “ძღვენის შემსუბუქებას”, მეტიც, დაკნინებას. გათანაბრებას მის კნინ სახეობებთან.
არც უფლის არმოსაწონი სექსით აღტაცებაა დიდად მოსაწონი. არადა, სექსუალაური თავისუფლებაც ხომ დემოკრატიის კარგახნის მონაპოვარია!
სხვათა შორის სექსისადმი დამოკიდებულება დიდად განსაზღვრავს ამა თუ იმ კულტურის ხასიათს.
აქვე დავაზუსტებ, ჭეშმარიტი დემოკრატია სექსუალური თავისებურებების მქონე პირების შექმნას კი არ უწყობს ხელს, არამედ მათდამი, როგორც დანარჩენებისაგან განსხვავებული პიროვნებებისადმი შემწყნარებლობას, ტოლერანტულობას , არა-ძალადობრივ მოპყრობას მოითხოვს.
საქართველოში ხომ ყველაფერი უნდა აისახოს სარკისებურად, მაგრამ ეს სარკე, როგორც წესი, მრუდეა.
აი, ამ სცილასა და ქარიბდას შუა უწევს პოეტს, შემოქმედს არსებობა.
აქ გუსტავ კლიმტის სიტყვებსაც თუ გავიხსენებთ, ,,მთელი ხელოვნება ეროტიკაა”.
ცნობილია, რომ ეროტიკული და სქესობრივი ლტოლვანი არა მხოლოდ შემოქმედებით ენერგიად სუბლიმირებული სახით ამოძრავებენ შემოქმედს, არამედ ღიად თუ ფარულად, ან ნახევარფარულად, ათასგვარი ნიღბითა თუ ტრანსფორმაციით - ძირითად გამოსახვის საგანსაც თავად წარმოადგენენ, იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ადამიანის არსა და არსებაში.
მრავალგზის მომხდარა ისე, რომ რაიმე სახის იდეოლოგიური დიქტატის ქვეშ, შემოქმედნი იძულებულნი გამხდარან, ან სიმბოლურ-ალეგორიული ენისთვის მიემართათ, ან საერთოდ იგნორირების საგნად ექციათ ეროტიკა.
ხოლო ,,გამოტოვო” ადამიანის არსებიდან ეროტიკა, ეს ნიშნავს, დაუტოვო ადამიანს თავისი არსებობის ერთი მეოთხედი, თუნდაც იგი იყოს ყველაზე ფაქიზი და ამაღლებული, ხოლო სამი მეოთხედი - არსობრივი ნაწილი - ამოკვეთო.
აქ, ვიცი, ვინმე დაუყოვნებლივ შემახსენებს გალაკტიონის სახელს. ამიტომ მოკლედ და მარტივად აღვნიშნავ, რომ მან, როგორც პოეტმა ვნებიანად დაიწყო, ეს ვნებიანობა, გარდაქმნილი შორეულამდე, მიღმიერამდე გაღწევის ძალად, ამოძრავებს მთელს მის სწრაფვებს “არტისტულ ყვავილებში”(1919), იგი განლევადი ინერციით გაჰყვება მას მერეც და… საბოლოოდ, …ძნელია წარმოიდგინო ქართულ პოეზიაში მეორე გალაკტიონისებრი არაეროტიკული პოეტი.
აქ არ ვგულისხმობთ მისი სექსუალური ენერგიის სუბლიმაციას, რომელიც მისთვის, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი შრომის იარაღია და არა - შემოქმედებითი პროდუქტი.
ვგულისხმობთ ეროტიკას, როგორც გამოსახვის ობიექტს, თემას.
ეროტიკა გვიან გალაკტიონთან გროტესკის, ირონიულ- პაროდიული მიდგომის საგნად ექსპლიცირდება.
პირადად მე ამის ძირითად მიზეზად საბჭოთა იდეოლოგიური წნეხი მიმაჩნია.
ორმოციანი წლების შუაწელიდან ამ წნეხის სიმკაცრე დუნდება… თუმცა რატომ და როგორ, რა შედეგი მოაქვს ამას - ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.
2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი