სოცქსელური
#ლექსები ნინო დარბაისელი სოცქსელური როდესაც ესაუბრები, ხოლო მოხუცი გისმენს და თავაზიანად გიღიმის, ნიშნავს, იმ მოხუცს არ ესმის და სულ ამაოდ ირჯებით ლამაზნიც და მახინჯებიც. თუ გინდა, თემა შეცვალე, წაიეშმაკე ხანდახან და უწმაწურიც ურიე, პასუხად - ისევ ღიმილი, რბილი და თავაზიანი ღიმილი - საყველპურიე! ახლა? - ვცნობ ადამიანებს, ვისაც შინა ჰყავთ ასეთი. ხმამაღლა ლაპარაკობენ და ვერ გაიგებ, მიზეზი შენ ხარ თუ შენი ქცევაა, და კიდევ ბგერის წარმოთქმას პირს აყოლებენ ძალიან, რადგან ჩამოუყალიბდათ მკვეთრი არტიკულაცია. “ტუჩების კითხვა” - ნიჭია, სმენა რომ უქვეითდებათ, უვითარდებათ ეს ნიჭი, ამბობენ, ხედვაც ბასრდება, სხვის შეუმჩნეველს ხედავენ, გარეთ მარტო ვართ ხე და მე. ხეს მიყრდნობილი ლოდინში არ ვხარობ ხესთან ერთობით, ვირტუალში ვარ შემძვრალი, ურთიერთობით ვერთობი. ვარ სოცქსელების ,,მსკროლავი”. ან დამიშალოს ქროლა ვინ? შენ - მოხუც დედას უვლიდი და მისი მოვლა გაგრძელდა მთლად შენი ახალგაზრდობა. მერე ხომ იცი, რაც ხდება, რაღაცას თუ დაეჩვიე, თუ ბევრჯერ რომ გაიმეორე, უკვე ჩვევაში გადადის. ო, ამის გამო შემწყდარი ჩვენ ორის პაემანები, მეგონა, რაღაც ვერა ვთქვი, მეგონა, რამე მივქარე, მეგონა, მიბრაზდებოდი. დღე მედგა უამინდო და წავედი, რადგან ვერაფრით ვერ მივხვდი, რაღა მინდოდა! სოცქსელი ხმას არ ატარებს, წერა - არასდროს გიჭირდა, პოსტები გიდევს ისეთი, ყველა ქალს შეუყვარდები, ბევრსაც უყვარხარ! სურათი?! სურათად - ავატარია. ეგ გვერდი გითვალიერე, ავატარ- ჩავატარია, ზოგნი - პირშავად არიან, ან იქნებ - ავად არიან. ვარ ცურვით გადამბრასავი, და ცურვით გადამკროლავი, დამაკლებს - ვამბობ - რას ავი? ან დამიშალოს ქროლა ვინ? შორი ვარ შეხვერასავით! ვარ სოცქსელების ,,მსკროლავი”!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი