თვითმკვლელებისთვის (არა- სონეტი, 2010)
თვითმკვლელებისთვის არა, არც ერთი საწამლავი ჩემთვის არ არის, არც სამართებლით გადასერილი ვენა, წყალში ხელის ჩაყოფა, და ჩემისთანა მოცურავენი - - მდინარეში გადახტომით თავს ვერ იკლავენ. მიწაზე მწარედ დანარცხება?! - ჭირისუფალნი დასახიჩრებულ სახეს როცა ვეღარ ფარავენ?! აი, ლითონი, პრიალა ლულა, ესეც- სასხლეტი, ეს ათი ვაზნაც, ყველა მათგანი მუჭში ჭერით უცებ რომ თბება! ეს ჩემი წმინდა რიტუალია: სამ თვეში ერთხელ, საღამოობით, როდესაც ბინას დავაწკრიალებ, მე ვზივარ მარტო და ამ ლითონის ყველა ნაწილს ვწმენდ გულდაგულ და მერე ფრთხილად, დაკვირვებით, ახლიდან ვაწყობ. მერე მაჯის გადაღლამდე მიჭირავს ასე გაუნძრევლად. მერე ირგვლივ საგნებს ვუმიზნებ. ყველაფერი, რასაც ვინახავ, - - მევე მინახავს და ჩემით სავსე - დამენანება. და სულ ესაა! მეუბნებიან, სჯობს, ეს ბოროტი სათამაშო დროზე თავიდან მოვიწყვიტო. გასაგებია, მაგრამ სიმშვიდე? როდესაც იცი, ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი, მაშინ სიცოცხლის ყველა წამი ნაჩუქარია. და შენც ნაჩუქარ სიცოცხლეს ცხოვრობ. ხარობ, ხალისობ არსებობით. მიეცით ყველას იარაღი, და გვერდით ედოს, დაე, ბუნებრივ სიკვდილამდე ჩაიბაროს თავისი თავი!... ( მაინც გახსოვდეთ ერთი კაცის დანაბარები: პოეტის ნათქვამს არაფერი დაეჯერება).
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი