ჩვენ მილიონი გვქონდა - კუპონი


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ჩვენ მილიონი გვქონდა  - კუპონი


მე ერთ ძველ წიგნში ჩარჩენილი
მილიონი ვიპოვე წეღან.
ჯერ სიმწრისაგან გამეცინა,
მერე სიცილით ამეტირა…

მხოლოდ მე - არა!
ჩვენ -   მთელ თაობას,  ყველას  ერთად - გვიცხოვრია მილიონერად!

ოღონდაც ჩვენი მილიონი - კუპონი იყო
და მოგვდიოდა სამი პური, 
სამი “ბუხანკა”, 
მერე ისიც არ მოგვდიოდა.
წყეულ ოთხმოცდაათიანებში, 
ტანსაცმელზე რომ   ბენზინისა და ნავთის სუნი -  გამორჩეულთა, ფუფუნებულთა იყო სუნამო 
და რეფლექტორზე გახუხული პურის ნაჭერი - ზედ მარგარინით, 
ცოტა მარილით. - იყო უხვად გამასპინძლება.


 და სიბნელეში გენერატორის შორი  ღუღუნი,  და გახედილზე სხვისი ფანჯრების ტკბილი  ფიჭა. 
სხვისი ფანჯრების თაფლოვანი გამონათება.  
 თბილი ყვითელი -  ბნელ სიცივეში -
განა ოცნება  ამის ზემოთ წაგვივიდოდა?

ეს ყველაფერი გამახსენდა ახლა, შუაგულ ამერიკაში,
მე მენიუში “მილიონერის საუზმე”
რომ ამოვირჩიე და
მომიტანეს ორი ფირფიტა, ორად-ორი,  
შაქარში კარგად დაბრაწული მწარე ბეკონის.

 მშიერი დავრჩი და გამეცინა:
ჩვენ, მაშინდელი, 
 მილიონერი დედები  ბეკონს,  
ამგვარად შემწვარს  ჩვენი თავისთვის,  აბა, როგორ გავიმეტებდით!

რა   პოეზია!
რა ხელოვნება 
ან  რა მაღალი მატერიები, 
ეს  ყველაფერი მერე მოდის,
შიმშილს, სიცივეს და სიბნელეს რომ გადაივლი, 
სადმე, სითბოში  ჩაღუნღულდები და  ვარსკვლავიან ზეცას  ახედავ.

ჩვენო შვილებო,  
სწრაფად მჭვარტლადი ლამფის შუქში გამოზრდილებო, 
 ჩვენო შვილებო,
წარმატებამიღწეულებო, 
ნუ გიკვირთ ჩვენი მეჯღანეობა, 
ჩვენი მუდმივი:
 “ეს - გამოდგება, 
არ გადაყარო, 
არ დამღუპონი”, 
მილიონერთა ხართ დაზრდილნი.
რა ვუყოთ, თუკი ის  მილიონი - იყო  კუპონი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი