ნიკალი ვუმილიოვი - კვლავ ერთფეროვნად - მოწამლული სისხლი
#თარგმანები
მთარგმნელისაგან:
ეს ლექსი რომ არ მეთარგმნა, არაფრით არ შეიძლებოდა.
გუშინ ანა ახმატოვას ცნობილი ლექსი დავდე, შენი თეთრი სახლიო და წინ პატარა განმარტება დავურთე იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს სახლის პოეტური კონცეპტი და თეთრი ფერის სიმბოლიკა ახმატოვასთან. ვისაუბრე სავარაუდო ადრესატის შესახებ და გუმილიოვი, 1913 წელს მისი ოფიციალური ქმარი არც კი მიხსენებია.
მქონდა წონიანი მიზეზი და იმიტომ.
თუ ვინმეა გამოსარიცხი სავარაუდო ადრესატებიდან, პირველ რიგში ნიკოლაი, ორი ისტორიული რეალიის გამო.
1. ანას აქა-იქ, მეგობრებთან საცხოვრებლად გაჩერება და მოგზაურობაც უყვარდა, მაგრამ ძირითადი სახლი გათხოვებიდან განქორწინებამდე - 1918 წლამდე ნ. გუმილიოვთან ჰქონდა და ის, იმ დროინდელი სტანდარტებით, უზარმაზარი ხის სახლი, რომელშიც ამჟამად ორივეს მუზეუმია, არც თეთრი იყო და არც წითელი, ,,ხისფერი” იყო. (იხ ფოტო).
2. და რაც მთავარია, იმ დროს (1913) მათი ურთიერთობა, ცილქმრობის მიუხედავად შეწყვეტილია, გუმილიოვი საერთოდ წასულია იმ სახლიდან, ვიღაც მსახიობმა ბავშვი გაუჩინა და მისით არის დაკავებული.
საერთოდ, ამ წყვილს ასეთი ცხოვრება ჰქონდა 1918 წლამდე.
ანასადმი მიძღვნილი ეს ბოლო ლექსი გუმილიოვისა, საუკუნეა, ცნობილ რომანსადაა ქცეული და მას ,,მოწამლულ სისხლად” იცნობენ. რაკი გახალხურებულია, ავტორად გუმილიოვი ხშირად არც კი მოიხსენიება.
ვეცადე, რიტმი და მელოდია ისე გადმომეტანა, ვინმეს ქართულად რომ დასჭირდეს იმ რომანსის გიტარაზე სიმღერა, ზუსტად გამოადგეს.
ნიკალაი გუმილიოვი
კვლავ ერთფეროვნად
(“მოწამლული სისხლი”)
კვლავ ერთფეროვნად მოკიაფეს
ვგრძნობ დღეებს ტკივილებიანს.
თითქოსდა ვარდი ფურცლებს აფენს
და ბულბულები კვდებიან.
მაგრამ ის ქალიც დარდიანობს,
სიყვარული რომ ინება.
ატლასის კანქვეშ ვიცნობ ნაგრძნობ
მოწამლულ სისხლის დინებას.
და რაკი ნატვრას არ ვეშვები,
მაცოცხლებს ერთი ოცნება:
ორივე, როგორც ბრმა ბავშვები,
ავალთ, მთაგრეხილს ავცდებით,
სად თხები ხტიან მარტოოდენ,
თეთრი ღრუბლეული მიღელავს.
რომ დამჭკნარ ვარდებში გაისმოდეს
მკვდარი ბულბულების სიმღერა.
1917
( მთარგმნელი ნინო დარბაისელი)
Однообразные мелькают
Однообразные мелькают
Все с той же болью дни мои,
Как будто розы опадают
И умирают соловьи.
Но и она печальна тоже,
Мне приказавшая любовь,
И под ее атласной кожей
Бежит отравленная кровь.
И если я живу на свете,
То лишь из-за одной мечты:
Мы оба, как слепые дети,
Пойдем на горные хребты,
Туда, где бродят только козы,
В мир самых белых облаков,
Искать увянувшие розы
И слушать мертвых соловьев.
1917 г.
ეს ლინკი მისთვის, ვისაც უნდა, მეტი იცოდეს
https://prescott10.livejournal.com/14184.html
ეჰ, მთარგმნელის საქმე უმადურია. ზოგჯერ რაღაც გადასარევად გამოგივა, მაგრამ რა!
საკუთარ ტექნიკას ავლენ და ორიგინალს კი უკარგავ რაღაც ელფერს.
აი, მაგალითად:
კუკლასავით მქონდა გარითმული ბოლოდან მეორე სტროფი, მაგრამ ,,ობრაზის” გულისთვის დავანგრიე.
თანაც გუმულიოვი რომ მთელი ჩემი ცხოვრების არისტოკრატიული სიყვარულია, ეს რაღაც, ურბანისტულ სლენგად ქცეული ,, შევეშვი” ვერ ვაკადრე.
საქმეა ეს?!
და რაკი ნატვრას ვერ შევეშვი,
მაცოცხლებს ერთი ოცნება:
ორივე ავდივართ, ვით ბრმა ბავშვი
მაღალ მთაგრეხილზე ცოცდება.
თან რომანსის რიტმსა და მელოდიას როგორ აკვდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი