ქვაბი
#ლექსები ნინო დარბაისელი ქვაბი - ეგ დიდი ქვაბი რად გინდა, დედი? ხომ წაგაკითხე: ალუმინი - საწამლავია. ან შინ სადილს ვინღა ამზადებს, დღეს ყველაფერი გამზადებული იყიდება და ცხოვრებაც გამარტივდა, (ამბობ: - გართულდა!) შენ კი ყოველთვე თუ ყოველკვირა ისევ ათასი საიდუმლო ხერხი გჭირდება, რომ ამ ძველ ლითონს ძველებური სიპრიალე შეუნარჩუნო. თანაც, რამხელა ადგილს იკავებს. როგორ არ მახსოვს, ყოველდღიურად შენს სადილზე დაგეშილები გზას შინისკენ მწევრებივით ყნოსვით ვიგნებდით, იმისი სუნი კიბის თავზე გვეგებებოდა, სამივე შვილი, მთელი ჩვენი საამხანაგო ზედ სვავებივით ვაცხრებოდით, და ქვაბის ძირსაც (ზოგჯერ - მიმწვარს), გამოვაჩენდით. ჰო, ვიცი, ტუჩებს როცა მოკუმავ, ნიკაპი ასე გეჭმუჭნება და თვალები ტყვიისფერი გიხდება ხოლმე, კიდევ ცოტაც და, გახვალ უთქმელად, ცხვირსახოცის მოსაძიებლად, მაგრამ არ გინდა! შენ ხომ ამქვეყნად ყველაზე კარგი დედიკო ხარ. ლამაზ კაბებსაც გვიკერავდი, სახლსაც გვირთავდი. ცოტას მკაცრობდი, რადგან მაინც უმამოდ გვზრდიდი, მაინც და მაინც არც გაბრაზება გამოგდიოდა, აუცილებელს არ გვაკლებდი და ზოგჯერ ხელი სანატრელზეც მიგვიწვდებოდა... რა ვუყოთ, ასე გაგეფანტეთ, როცა გვცალია ან ვახერხებთ, ხომ სულ მოვდივართ, გეფერებით. კარგი, წავედი. თუ გინდა, ქვაბსაც გავაყოლებ, ქუჩაში დავდგამ. მადლი იქნება. გამოიყენებს ალბათ ვინმე გაჭირვებული. - ხელი არ ახლო! საწანდილედ გამოგადგებათ. 2010
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი