გეცბი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

გეცბი

აბა, საქმეა?!
 ნამტირალევს წინ გედოს  წიგნი ფიცჯერალდის, 
 იმისი “გეცბი” -
დიდი?
 დიადი?
იჯდე  და წიგნში გამოტოვებულ, 
სხვაგვარად ნათქვამს  ინიშნავდე?

მაინც რა იყო, 
რას მერჩოდით, 
წიგნის კითხვას რომ დამაჩვიეთ,
რა ვუყოთ, მერე,
დონდლო ბავშვი თუ გამოვდექი,
ტოლებთან თამაშს
ფანჯრის რაფასთან დაჯდომა და წიგნის წაკითხვა თუკი მერჩია.
ან საქარგავი მოგეცათ ხელში,
ან საკერავი ან საქსოვი. 
მერე ბიცოლა-მამიდებმაც როგორ იციან,
ერთი თუ ითქვა, 
წიგნების კითხვა ჰყვარებიაო და სადაც სად რამეს დაინახავენ,
შენს წასაკითხად ეზიდებიან,
დააყოლებენ, ძლივს ვიშოვეო.

დღეს არ არსებობს კარგი რამ წიგნი,
ფილმად არ იყოს გადაღებული, 
ან ბროდვიზე 
ან სადმე მაინც არ იდგმებოდეს.
ბევრის მიხედვით ოპერაცაა.

მეც ვნახავდი,
გავიხარებდი,
მეგონებოდა,  წიგნშიც ასეა
და თუკი ვინმე დაიჩივლებდა,
წიგნში - სულ სხვა ამბავიაო,
მეც მივუგებდი,
ბუნებრივია. 
ხელოვნების ყველა სფერო თავის ენაზე მეტყველია
და ერთიდან მეორეში გადატანისას 
რაღაც მთავარი, მნიშვნელოვანი
აუცილებლად დაიკარგება!

აბა, საქმეა?!
ნამტირალევს წინ გედოს  წიგნი ფიცჯერალდის, 
იმისი “გეცბი” -
დიდი?
დიადი?
იჯდე  და წიგნში გამოტოვებულ, 
სხვაგვარად ნათქვამ  ინიშნავდე?

ჩემიანებო, თქვენ გედოთ ბრალად,
რომ გამწირეთ ბავშვობიდანვე,
თქვენ გედოთ ბრალად,
ამდენი რამე რომ დამკლებია, 
თანამედროვე ხელოვნებას მე რომ გემო ვერ ჩავატანე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი