ქარი და საფრთხობელა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ქარი და საფრთხობელა
(სონეტი)


რა ვქნა, ამ მინდორში თუ  ვარ ჩასობილი,
უძრავად ვიდგები, შენ თუ არ მომიხვალ, 
 შენ მყავხარ მუდმივი  სატრფოც და ძმობილიც, 
 დღეს ერთის მნდომი და მეორის მნდომი ხვალ.


დაბერე,  დამბერე, ავიქნევ  ამ ხელებს,  
გამოგეცეკვები მე თავდავიწყებით. 
 ტანზე შემოვიცლი მე ძონძებს ამხელებს,
შენს ყოველ ქროლაზე თავიდან ვიწყები.


 ჩემთან ხარ და მაინც ვგრძნობ,  რომ მენატრები,
 შენი ხმა  კი მესმის, ნათქვამი - არ მყოფნის,
 მიელავს ხსოვნაში  წარსულის კადრები,
 რაღაცა მიზეზი ყოფნის თუ არყოფნის.

 ქარო, ჰა, გითხარი  რამ საფრთხობელური.
 დაბერე, დამბერე!  ტრფობა მწვავს ველური!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი