გალაკტიონის დადის ლანდი ფლორენციაში


#ლექსები
ნინო დარბაისელი

გალაკტიონის  დადის ლანდი ფლორენციაში (სონეტი)

 სამაიურით  სამი მუზა - სამი ფერია
სავონაროლას  ქვის  და რკინის  გულს დაუნელებს.  
ია-ვარდების   ფლორენცია - ცის საფერია, 
 გაზაფხულია, “პრიმა ვერა” აფრქვევს  სურნელებს, 
.

მარმარილოდან შორეული ხმა  მესმის  შენი,
სდევს დიად წარსულს   სული შენი - არსად წასული!
პალაცოების კედლებში ხარ აქ ჩანაშენი, 
გუმბათს ევლები - ლანდი მარად რენესანსული.

ტობანიერში  ხარ შობილი,  თუ ხარ ჭყვიშელი, 
ხარ აქაური სულით,  მაგრამ ვინ დავაჯერო!
გირლანდაიო, რაფაელი,  თვით ბოტიჩელიც, 
მოგერგებოდა, (თუმცა  არა - მიქელანჯელო!)

საქართველოში?! -  ბევრიც სცადონ,  როგორ გატიონ? 
აქ, ფლორენციულ   ლანდებში ხარ,   შენ - გალაკტიონ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ეს - დედაჩემს დავუწერე და იქნებ სხვასაც გამოადგეს

დედი, სხვებს ამისი განმარტება არ სჭირდებათ, იქნებ არც შენ, მაგრამ მაინც დაგიწერ, რომ გაგიადვილო ამ ლექსის გაგება.
ფლორენცია - ანუ ყვავილების მხარე - გალაკტიონის ოცნების მისამართი იყო.
იქ არასოდეს ყოფილა, თუმცა წარმოსახვით მოვლილი აქვს.

ალუზიებია გამოყენებული მისი ლექსებიდან.
პრიმა ვერა - ბოტიჩელის ქმნილება რომაა, ვიცი, გახსოვს.
სამაიას იქ სამი ჰაეროვანი მუზა ცეკვავს.
სამაიით ქალთა მიმოსვლა გალაკტიონის სახეა.
სავონაროლა ისაა, ფლორენციელებს ხელოვნების ქმნილებანი რომ დააწვევინა, მერე თვითონაც კოცონზე დაწვა რომ მიუსაჯეს, ხომ გახსოვს, გვილაპარაკია. შედარებით რბილი მხატვრები შევურჩიე გალაკტიონს. რატომ?
პოეტური ენა, რომელიც მან სათავისოდ შექმნა, მორბილებულია, რაფინირებული. განსხვავებით, მაგალითად, შენი საყვარელი გოგლასაგან. არ იყო გალაკტიონი მიქელანჯელოსავით “უხიაგი გენია”.
დანარჩენი - როგორც ტექსტშია.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი