პოეტის ასაკის ძირითადი კრიტერიუმები
#ლექსები #ლექსები ნინო დარბაისელი პოეტის ასაკის ძირითადი კრიტერიუმები 1. ჯერ რომ ნათქვამში ოდნავ-ოდნავ, გამოსჭვივის მოგონებანი, ახლად მოწეულ თუთად, ბლად, ხილად და არა რამე ხახვ-კარტოფილად; ლექსი იჩქარის წარსულიდან - აწმყოსა და მერმისისაკენ და შემთვრალივით მობორძიკეს აქა-იქ სხვათა ხმები ერევა, ნუღარ იკითხავ, ვინ რა ხნისაა, ჩემგან იცოდე, ყმაწვილ პოეტს გადაეყარე! როდესაც პოეტს მიდებული აქვს მკერდზე ქნარი, სათქმელს და ფორმას იმორჩილებს, თავის ხმაზეა, თითქოს ამბობსო ვწერ “როგორც მინდა”, ლაღად მიმოდის დროებსა და სივრცეებში, თავად ენაში, ნუღარ იკითხავ, ვინ რა ხნისაა, ჩემგან იცოდე, ზრდასრულ პოეტს გადაეყარე! 2. მერე თანდათან მოგონება რომ ავიწროებს ნატვრათა სივრცეს და გააძევებს პოეზიის სანახებიდან, ამ ვიწრო ველზე მე თვითონაც ძლივს ვეტევიო, ნუღარ იკითხავ, ვინ რა ხნისაა, ჩემგან იცოდე, ყმაწვილიც იყოს, სიბერის გზაზე დამდგარ პოეტს გადაეყარე! როცა პოეტი თავისსავე ძველ ქმნილებებს მიუბრუნდება, სხვებს კი აღარ, თავს იმეორებს, მაგრამ უკვე ნებსითა თუ უნებლიეთ, პაროდიულად, ნუღარ იკითხავ, ვინ რა ხნისაა, ჩემგან იცოდე, ყმაწვილიც იყოს, ბებერ პოეტს გადაეყარე! 3. თუ გრამატიკა გეჯავრება, ფინალისკენ გადახტი და გამოტოვე ეს სტროფოიდი! - ზმნის პირველი სერიის მწკრივებს, (ორივე წრისას) როცა მეორე სერიისა შეავიწროებს და საბოლოოდ ჩაენაცვლება, “რას ვშვრებისა” და “ვიზამის” ნაცვლად უკვე მიუგებს კითხვას, ,,რა ვქენი?”. კავშირებითი კილო კი ქრება. დაბეჯითების სულ წარსულ დროში ლაპარაკობს, ხოლო მესამე სერიის ფორმებს ვეღარც უპოვი, ნუღარ იკითხავ, ვინ რა ხნისაა, ყმაწვილიც იყოს, ჩემგან იცოდე, რომ ბებერ პოეტს გადაეყარე! 4. მაგრამ როდესაც სიკვდილს უკვე ზურგით უდგება, ამ საცალფეხოს, ამ სიბნელე- სიცარიელეს, სიცოცხლის ცქერა მირჩევნიაო, ეს უკვე ნიშნავს, რომ იხურება მისი სამყარო და საბოლოოდ მორღვეულა მისი სიმყარე, ჩემგან იცოდე, ბებერს კი არა, მომაკვდავ პოეტს გადაეყარე! სიცოცხლით ვტკბები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი