ველქამერული შემოგებება
#ლექსები ნინო დარბაისელი ველქამერული შემოგებება ო, საბჭოურო გულუბრყვილობავ, შენ, გამოზრდილო ულეიბო ლოგინივით სიუხეშეში! მუნჯო, უთქმელო, უპასუხოვ, ნაბუშარივით საკუთარი არსებობისა სულ რომ გრცხვენია და სიჩუმეში ცრემლნაყლაპი რომ იკუნტები, ვინ შეგადაროს ამერიკული გულუბრყვილობა! იგი ხმას იღებს, პასუხსაც ითხოვს, რადგანაც სჯერა, კანონიერი უფლება აქვს არსებობისა. მეოთხედი საუკუნის წინ ამერიკაში სულ პირველად რომ ჩამოვედი, მოვხვდი მარწყვების ფესტივალზე, დიდი აღლუმით, ორკესტრებით, შეჯიბრებებით - ყოველწლიურად ჰამბოლტში რომ აღინიშნება. აი, თურმე რანაირი ხარ, ამერიკავ! - მე გულუბრყვილოდ ვიფიქრე მაშინ. - რა ფერადი ხარ, რა უპრობლემო, რა მხიარული! (ფასადს მიღმა კი კულისებია, ჩაბნელებული უკანასცენა, სიბნელე - ყველგან საშიშია, ხმები ტირიან). ყველაზე მეტად შორი მგზავრი რამ გამაოცა? გზისპირას ეტლი იდგა ერთი, ბუშტებმული, ეტლში - მოხუცი ვეტერანი, ხელისქნევით ყველა მანქანას, ყველა მისულს ეგებებოდა. აღელვებულმა ლექსიც დავწერე, ვთარგმნე, კონკურსზეც გავაგზავნე, რაღაც პრიზით კიდეც აღნიშნეს… ახლა-ღა მივხვდი: მე რომ მეგონა გულუბრყვილოდ, რომ შევაცოდე ერთი მოხუცი, იქ ერთო ცოდო, ერთადერთი - ეს - მე ვიყავი, არც კი ვიცოდი, რომ არსებობს ჩვეულებრივი სამსახური, თანამდებობა - ,, ველქამერი”. ბევრგან - ბანკებში სასტუმროებში, დიდ შოფებში, ვინმე გიხვდება, გაგიღიმებს, გაგიძღვება, გაკვალიანებს და ამ სამსახურს საავადმყოფოს შესასვლელებში ძირითადად დამწყებები ან ხანდაზმულნი ეტანებიან. (სიზუსტისათვის - ზოგან - მოცლილ, მაგრამ გაწვრთნილ მოხალისეთა მოწადინებაც არაა უცხო). ცაშიც ასეა. როდესაც კვდები ან დროებით ან სამუდამოდ, ღიმილიანი ანგელოზები გეგებებიან, მიგიძღვებიან, ვიდრე სხვა შრეებს, მძიმედ გასავლელს მიადგებიან. ზემოთ და ზემოთ - უკვე სხვებია. გელოდებიან, გიხვდებიან, გააფთრდებიან. ჯერ ანგელოზებს ვესალმები ნათელფრთებიანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი