საახლობლონი
#ლექსები შემახსენა 2009 წლისაა საახლობლონი *** ნუ უხმობ მამას თავგამეტებით. მას ხომ თვითონვე ეშინია, არ მიატოვონ. *** დედაჩემს მოარგეს სხვისი ფეხსაცმელი. დედაჩემის კაბა სხვას ერგო, მე - სიჩუმე. *** როცა სიკვდილმა ჩამოიარა. ბაბოჩემი მატყლსა პენტავდა, საპენტელი ბალახში დარჩა. *** ჩიბუხს ჩაბერა, მერე მუხლზე დაიბერტყა. ცას პაპაჩემის დარდის ღრუბელიც აემატება. *** და: შინ - ვერაგი, გარეთ - ქომაგი. *** ძმა - გალავნის კარი უგალავნო ეზოს წინ. ნაშალ ყორეს კი რახანია ხავსი ედება. *** მამიდამ თონე გაახურა. ობოლს შეერგოს კუტი პური, მარილიანი. *** ძალუამ ჭანჭური მომიკითხა. შავი თავშალი ჭაღარაზე გადაუცურდა. ძიაჩემი ?! - ქორწინების სურათით ვიცი. *** დედინაცვალმა რა იცოდა, რომ დამალული მქონდა ხოლმე წინასწარვე დარჩეული ფეტვის მარცვალი! ვინც ზღაპარგარეთ დარჩენილა ჩიტის იმედად, ბრალი იმისი! დარჩეულსაც აუკენკავენ. *** მეზობელმა ღობე ჩვენკენ გადმოსწია. ჩვენს ძველ ლეღვამდე ხელს კი არა, ჯოხსაც ვერ ვაწვდენთ. *** მეგობარი - მუდამ ერთგული, გვერდით მდგომი ... თავისი თავის. *** ნათლულმა კელაპტარი დამინთო. ჭირისუფლები დაიღალნენ. - დრო არის? - დროა! *** გამვლელმა ჩემს ქვაზე ჩამოისვენა. გზა კი მიდის ალაგამდე შეუსვენებლად. *** შენ? - მადლობა გაძლებისათვის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი