ათასმეერთე პაციფისტური
#ლექსები ნინო დარბაისელი ათასმეერთე პაციფისტური უკან დახევა - გამოირიცხა, მტერმა შეტევა გააურიცხვა! მეომრებს უკვე ვინღა დაეძებს, შიშველი ხელით ვინც ებრძვის მხეცებს, ბავშვი და ქალი, მოხუცი ანდა, - სულ დაეღუპა, ვისაც ვინ ჰყავდა. მიწა, რომელზეც არ დარჩა ხალხი და სისხლიანი ახურავს თალხი; რომელსაც ზეცა აქვს გადახდილი და ნანგრევებში ბუდობს სიკვდილი, უკვე ქვეყანად როგორ იწოდოს, ვინ დაიკისრებს წასულთა ცოდოს! სისხლის ზღვის გახდა აკვატორია. სიკვდილის ნადირს დაუტორია, არის მარტოდენ ტერიტორია! ადამიანი თუ იწირება, ცეცხლმა თუ დაწვა, ყინვამ თუ აზრო, რა შეტევა და რა თავის დაცვა? ყოველი ომი - არის უაზრო! ვწყევლი და ვწყევლი ღამით და დილით არ მიეწევა ეს წყევლა ნეტა? ვინც ხელებს ითბობს ხალხის სიკვდილით და უკრაინა ვინც გაიმეტა! პუტინმა სულმთლად დაკარგა გონი და ზეცის წყევლაც მოიხმო მგონი. სიზმარში ვყვირი, უმწეოდ ვყვირი: -ვინც გინდა იყოს, რაც გინდა ერქვას, დე, დაისაჯოს, შეწყვიტეთ ომი! წყეულიმც იყოს, წყეულიმც იყოს, წყეულიმც იყოს ომის მომნდომი! 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი