ქალი - ფილთაქვა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ქალი - ფილთაქვა 

როცა მარტო ხარ,
მიდიხარ ფეხით და
მანქანასაც ვერ აჩერებ,
თან ამ ღამეში,
ჩრდილს  კი არ უნდა მოეფარო,
გამოსაჩენად უნდა დადგე და  დაელოდო.

მე - მოსახვევში,
გაბარჯღული ხის ძირას ვარ.
რას ვეფარები,
წვიმამ უკვე გადაიღო,
დამძიმებული ტოტები კი წყალს ვერ აკავებს.

ტაქსი მეგონა ეს დანჯღრეული ,,ფოლქსვაგენი''.
კარი ღიაა,
თანაც - ორივე,
შიგ კი - არავინ,
ისმის ხრიწინა ჩანაწერი -
-  არა ორკესტრი,
ალბათ შავი  ფორტეპიანო
და  ორი თითით,
ჰა-ჰა, ოთხით
ვიღაც  ძველებურ  ტანგოს უკრავს
და ტროტუარზე 
ჩახუტებული  ბებერი წყვილი 
(სხვა არ ჰქვია,
ბებერი წყვილი -
-  გამხდარი კაცი, 
ქალისა თეთრი კოფთის მეტი არაფერი ჩანს),
კი არ ცეკვავს,
ადგილზე დგას და
ოდნავ ირწევა
და  შავ ასფალტზე
ფარების შუქში  არეული
ლამპიონების ყვითელი შუქი
წყალში თამაშობს,
მილივლივებს...

ღმერთო, რაღა დროს ესენია,
ღმერთო,
რაღა  დროს ან  ამათი,
ანდა  საერთოდ,
ეს შემზარავი,
აუტანელი  რომანტიკაა!
ან  რას ვუდგავარ,
გუბეში რაღას ვედგაფუნები,
ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ,
ან შენ  - ყელში რაღას მაწვები,
ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი