დაცემული ანგელოზი. როდენი
#ლექსები ნინო დარბაისელი დაცემული ანგელოზი. როდენი (უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაჲთა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად და განკითხვის დღემდე დამარხვად. 2 პეტრე (2:4) ნეტა როგორ დაფრენენ უფრთო ანგელოზები? - ვფიქრობ დილა- ცისმარე. ბევრნი იყვნენ, ულევი, ხალხი მეგონებოდა, ცისკროვნებით ვიცანი ნათელმინასხურები, გალობენ და ციური ჟღერენ ჭიანურები, წრიპინებენ ბოლოში ხმები - დელფინურები. ციდან გადმოყრილები, წყალთა ანგელოზები - დელფინები არიან. მივალ ნორმანდიაში, მივალ, მიმიხარია! ვიფანტები, ვირევი ციურ ანგელოზებში, ჰაერია - ტბა მათი, ზღვაა, ოკეანეა! დაცურავენ ზეცაში არ სჩვევიათ კამათი. უცნაური პოზებით. ნეტარების დოზები, საამო ნარკოზები - სისხლძარღვებში დაფრენენ უფრთო ანგელოზები! ცუდად შემომეჩვივნენ! ნეტა ჩემგან რა უნდათ? “ვისი არის მიმართვა?” სტუმართ სანდომიანთა გული რითი მოვუგო, ან რა უნდა მივართვა? როგორ ვერ გაუგიათ, ენა - უკვე არ მესმის აღარც ადამიანთა. გუნდ-გუნდებად გამომგზავნს მუხლებგადახეხილი ვეტყვი: - შენ შემიწყალე! უწყლოდ ვჭკნები ხეხილი. შიგ ხელებში ჩამაკვდა ერთი - ფრთამოტეხილი. ნატვრა გამიუქმე რად?! როგორ ჩავიხუტებდი გულში, სიტყვისუთქმელად! შუაღამის პარიზი! შუქით ოქროცურვილი, დაბლა რომ ჩანს, ლუვრია! ნინო წარმოსახვებით სადღა აღარ ყოფილა, ლუვრიც შემოუვლია, ახლა არეულია განცდებით გულმწუხარის შენი ხილვა უხარის, როდენ! ბასტილიიდან - რაღაცეებს ისროდნენ სასმლით გაბანგულები. ვიცი, სხვაგან მომელი, ლუვრში ისე ცოტა ხარ, მეც სხვაგან მეგულები. გეძებ განახელები, ყველას ელის ნეტავი, ტარტაროზის ხელები?* თეთრი მარმარილოთი ძალამიცემულები უფრთოდ აფრინდებიან - უკვე დაცემულები? არაფერი არ მინდა, არც ვინმე მნახველები - მაქებარ-მძრახველები! გამოვედი მთლიანად. დავიძინებ. მეყოფა ფიქრი ცოტაოდენი. მიბრუნდება მე ყოფა. გამქრალია როდენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი