მჟავე ცომი -Sourdough


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მჟავე ცომი  - Sourdough

ჩემი ბოლო გატაცება არის მჟავე ცომი.
საფუარის სოკოს ვუვლი, შინ მაქვს ერთი ომი.

ვაცხობ პურებს. ნუ დაგვდევო - ბრაზით, არა ქებით - 
დაგვასუქე  ამ პურებით, ზედაც - კარაქებით.

ჩემი - შაქარუჭმელია, ნაღდი, ორგანული,
თავზე ნაზად მარლა ფარავს, არ მყავს დაგმანული.

რომ თამამად გაიზარდოს, სივრცე ჰქონდეს გაზის, 
ეჰ, რას იზამ, როცა თავზე  ცომის დედა გაზის! 

რა სჭირდება? - მოფერება, დღეში სამჯერ კვება!
ყურადღება მოაკლდება?  - იმავე დღეს კვდება.

თუ მივდივარ სადმე, რა ვქნა?  - მოკლავს სიმარტოვე. 
მივაბრძანებ გადიასთან, მოსავლელად ვტოვებ.

მხოლოდ ერთხელ, უფუარის  დრო და ქმნა თუ არის, 
მაცას ჭამა მირჩევნია, არა - ნაფუარის!

მაწვნის დედას, ან ძმრის დედას განა ასე ვუვლი?
 ყველას დედა  რატომ უნდა? გვჭამს უდედოდ მუმლი?

ძმარს ვაშლისას  თურმე შველის, თუ დაეხვა
ქინქლი, 
  მთავარია მაინც დედა!  …შორს ფიქრებით მივქრი:
 
- დედაჩემი როგორაა?  - გული გაწკარუნდა.
- ნეტა ფრთხილობს? ასაკშია, რამე ხომ არ უნდა?

ვიდრე მყავხარ, მაგარი ვარ, რას მიქვია მტრები!
გხედავ, გისმენ ვირტუალში, მაგრამ მენატრები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი