ოპტიმალური გამანძილება


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ოპტიმალური  გამანძილება

წერისას ანდა 
ხელოვნებასთან თუნდაც ოდნავი შეხებისას,
 დაუყოვნებლივ უნდა მოშორდე!
უნდა იპოვო  ერთადერთი სწორი წერტილი და  გამანძილდე, 
რადგან 
ყვავილი, ხმა, სიყვარული, განშორება,  შიში, სიზმარი, ოცნებები,
ათასი სხვა რამ,  
რაც პოეზიის ცეცხლი არის თუ კოცონია 
და შენ  - სათქმელად გეგულება, 
რაღაც მანძილზე -  კი კარგია და  ლამაზია, 
ანათებს, 
ათბობს,
მაგრამ  შორიდან რაც გინათებს, 
ახლოდან უკვე  აუტანლად წვავს და აცხუნებს.

შორიდან ვინმეს მოესმება
ალმოდებული ხის და საგნების   შიშინ-ბრახუნი,  ტკაცატკუცი?
თვალში მოხვდება ნაპერწკლები,  ნამტვრევები,
ნამსხვრევები,
დაუწველი რკინეულები, 
რაღაცეები, ფერფლში რომ რჩება?
ფეფრლზემოთ კი  ჩაქრობის მერეც  
არათანაბრად მოქანავე კვამლია მხოლოდ.
ცეცხლჩამქრალზეც კი  ნიავის ყოველ
დაბერვაზე თვალებიდან ცრემლებს რომ გადინებს.

ცეცხლს, თუნდაც ჩამქრალს, მოერიდე!
მიძინებული რომ გგონია, 
სადღაც, შიგნით ნაცარწაყრილი თვლემს ნაღვერდალი, 
გროვდება გაზი და უდროო დროს  ნაღმია და ფეთქებადია!

სწორი წერტილი - ოპტიმალური გამანძილება!
ორკესტრთან ახლოს თუ დაჯექი,
ბევრიც ეცადო, მუსიკა უკვე არ ისმინება.
არც ნახატზე ჩანს არაფერი, 
შედევრიც იყოს,  თუ  ვერ იპოვე ის წერტილი, 
დამხატავმა რაზეც გათვალა.

რაკი ასეა ადამიანი, 
რომ  ნაცნობშიაც და უცნობშიც,
უცხოსა და გაუგებარშიც თავის თავს ეძებს, 
გინდა?!
- ამ ლექსშიც  თავს  გაპოვნინებ!
- ბევრიც გეცადა,
შენ ვერასოდეს მიმატოვებდი, 
რადგან არასდროს არ მოსულხარ,
არა მყოლიხარ.  
და ამიტომაც შემრჩი აქამდე…

სწორი წერტილი - ოპტიმალური გამანძილება, 
 თორემ ამბავი იმდენია
და იმდენიც მოსაყოლია,
არც ყველაფერი იჭმევა და
და არცა ითქმება, 
არც გამოითქმის, 
ვიდრე არ იცი, 
სად გაჩერდე!
როგორ ინიშნო?
ის როგორ იყო?
სადაც გვამია, ჭილ-ყვავებიც იქ ჩნდებიანო?

სწორი წერტილი - ოპტიმალური გამანძილება!
საკმარისია!
ამ ჩანაწერებს  კოცონში შევყრი, ფაილებსაც გავანადგურებ, 
იქნებ მეც მინდა,
დავისვენო, 
იქნებ მომწყინდა  თავგადანავალს,  
დიდ ტკივილებსა და სიხარულებს;
როგორც ყინვისაგან   ირგვლივ მიმოყრილ ბეღურებსა და კარდინალებს, 
ძირს დაგდებული სათამაშო რომ გეგონება, ისე ვიღებდე და ვკიოდე გულგახეთქილი!

ხომ შეიძლება,  თუნდაც ახლა ნამდვილი ცრემლით მეც ამეტიროს
 და არ ვეძებო  ყველაფრისთვის სწორი წერტილი, 
ცისა და მიწის   ჯახებანი და ფარული უნისონები. 
ჰოდა,  
ვტირივარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი