კაირო - ივერია


#ლექსები

ნინო დარბაისელი

კაირო - ივერია

კაიროვ, ყვითელ მტვერში მცურავო, 
შენი სახლები   - უსახურავო

ზეცისკენ  რკინააშვერილები, 
 სულ ბეტონები და შვერილები.

 თითქოს მიწიდან - ცის გამხვრეტები, 
ნიშნავს, თუ სახლში ვერ დაეტევი,

აქ დამატებითს დაადგამ   სართულს,
 ფიქრებში გართულს მაგონებს ქართულს.
  
სხვაგვარად  გიჟღერს ბანი-ებანი,
ჩვენც გვიყვარს  ასე მიშენებანი,
 
რაც ნიშნავს არა დანგრეულ წარსულს,
გაუხარელს და მწარედ დათარსულს, 

არამედ იმედს უკეთესისას, 
ხვალის სამკალის  უკვე თესვისას.

შორია რომი და იმპერია,
დუნე ნილოსი, არ - ტიბერია,
რისხვა იქიდან მონაბერია.
კაიროული ეს  რია-რია,
დილიდანვე რომ სილისფერია,
აქაურობის შესაფერია.
კაცი- კაცს მიჰგავს, ბერი - ბერია,
ერი- ერია - ცისიერია,
ზოგჯერ სამსგავსოც არაფერია
და მაინც ძნელი დასაჯერია,
აქ სახლზე ფიქრი რად მომერია,
გული რა სევდას დაუსერია?
სად - ეგვიპტე და სად - ივერია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი