ცალფრთა პეპელა


#ლექსები

ვიდრე შაბათს საფრანგეთში წავსულვარ, ცოტაც გაუძელით ონკოლოგიურში სტუმრობის შთაბეჭდილებებს


ნინო დარბაისელი

ცალფრთა პეპელა
(ბალადა)

 1.
მე ეს ამბავი ნაღვლიანმა მიამბო ქარმა
და დავასკვენი, არ აგცდება,  თუ დაგდევს კარმა.

 ჩრჩილის პეპელამ დაინახა  პეპელა ჭრელი,
მაგრამ პრობლემა გაჩნდა რაღაც,  გადაუჭრელი.

ეუბნებოდა,  შენი ფრთები შემიყვარდაო, არავინ მინდა ქვეყანაზე, მე შენ გარდაო.

ქვეყნად ვინა ღირს  ან ბუსუსის შენის ღერიო,
ვიდრე ვარ ქვეყნად, დავფრინავ და შენზე ვმღერიო.

ვიცი, ყვავილით სავსე გელის მინდორ-ველიო,
სად შენ და სად - მე, მოწყალებას მაინც ველიო.

ჭრელი პეპელა შეხვედრაზე არ თანხმდებოდა,
ვერას ხვდებოდა, ხვდებოდა და თან  არც ხვდებოდა.

ახლოდან  ალბათ არასოდეს არც დაუნახავს,
ვერ გებულობდა,  რად უფრთხოდა გადასალახავს.

2.
ჩვენ რომ არც ვიცით, საქმე ზოგჯერ  მართლა ისეა,
დარდს ვერ ვამჩნევთ  და გვეჩვენება,  სიხალისეა.

ჭრელი პეპელა -  ცალფრთა იყო.  თუ არ მომკვდარა, 
სიცოცხლე სურდა, ფრთის დაკარგვით განა მოხდა რა,

ისეთი,  რაიც არ  მოსვლია სხვას არასოდეს.
კიბო არ არჩევს უცოდველს და იმათ ვინც სცოდეს.

სიკვდილს დაუთმო ფრთა თავისი ულამაზესი, 
ნაცვლად  - არ ჰქონდა შიში ქვესი და აღარც ზესი,

იყო ცოცხალი, უცნაური რამ  კი  დასჩემდა,
რაკი ვერ ფრენდა ვნებით სავსე, ცალ ფრთას აჩენდა.

რად გვიმეტებენ დამნახავნი ძრახვით თუ ზრახვით, 
რასაც ვერ ვხედავთ, რად ვასრულებთ ჩვენ წარმოსახვით. 

ვხედავთ ფრაგმენტებს და გონებას - მთელი ჰგონია. 
სიტყვანი  გვესმის მხოლოდ  ჩვენთვის  შესარგონია. 

და რაც არ  გვინდა, არც გაგება არა გვწადია,
თვალიც ხედავდეს, უთვალავი წელიწადია.

ჯერაც  სიყვარულს ვეტოლებით და  ვზომავთ სავალს, 
მრავალს მოველით, ერთს  ძლივს ვასწრებთ  თავგადასავალს.

ჩრჩილის პეპელა  ვიღას  ახსოვს, ან მისი ვნება!
ვინ იცის, მწერი - მწერს -  ზუზუნით რას ეუბნება.

ასეთი მკაცრი რად გამოდექ, ო, კარმა, კარმა, 
გაიჭრიალა საბოლოოდ სიცოცხლის კარმა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი