მეტყველების ნაწილები
#ლექსები წეღან დიდი ფიასკო განვიცადე და ცოტა ხასიათზე ვერა ვარ… მინდოდა, პატარა ოპუსი დამეწერა თქვენთვის ასინდეტონზე - სულ მარტივად - მეტყველების მსგავსი ნაწილების უკავშირო ჩამონათვალზე, მეგულებოდა ჩემივე ლექსი ნიმუშად და ვერ ვიპოვე. რას ვიზამდი! იმასვე, რაც ბევრჯერ მიქნია… ახალი მაგალითი დავწერე, ოღონდ სონეტად (დევს აქ) ამასობაში დრო დამეკარგა და ხალისიც გამიქრა. ეს- უტილიტარული ლექსის ერთ-ერთი სახეობის ნიმუშია. გვაქვს მისი ტრადიცია საქართველოში, მეტადრე ხალხურ პოეზიაში, მაგრამ ჩვენში აქტიურად არ გამოიყენება, განსხვავებით მაგ. ინგლისური ენისაგან. ტრადიცია დასამახსოვრებლად საჭირო ინფორმაციის გარითმვისა - ჯერ კიდევ ანტიკურობიდან იღებს სათავეს. რითმა ეხმარება გონებას ინფორმაციის “ჩაბეჭდვაში” მე კი თავშესაქცევად გავისარჯე, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ ვინმეს რამეში გამოადგება ნინო დარბაისელი მეტყველების ნაწილები მეტყველების ნაწილების გინდა ცოდნა ადვილად? მერევაო ერთმანეთში, ბრაზობ თავისადმი რად? 1. ცა, ვარსკვლავი, მოთმინება, პური, ფეხი და ხელი. კითხვა ვინ/რა-ს უპასუხებს არსებითი სახელი. 2. ზედსართავი? სახელს ერთვის, მაგალითიც აქ არის: ჭრელი კაბა, მზის ნათელი, წვერწათლილი ფანქარი. 3. რიცხვით სახელს გამოვტოვებთ? სხვაზე მცირე რითია? ზოგი რაოდენობრივი, ზოგიც - რიგობითია. 4. მე, შენ, იგი, ჩვენ… ისინი - ესეც ნაცვალსახელი! ბევრჯერ მარჯვედ მოიხმარე, ხარობს მსმენელ-მნახველი. 5. ზმნა? - მოქმედებს ვინმე რასაც, ანდა რაც ემართება: დგახარ, გაქვს, ფქვავ, გააკეთე, გინდა შუქის ანთება? 6. ზმნისზედა კი ზმნას განმარტავს: ხმამაღლა თქვა, ჩუმად წევს, კითხვა “როგორ-ს? ” უპასუხებს, ზმნამდე თუკი მიაღწევს. 7. - ვით, თან, ზე. ში - თანდებულთა ცნობა სულ ადვილია. მეტყველების ნაწილებს აქვთ ნამდვილი იდილია. 8. სიტყვებს უნდათ დაჯგუფება ან დაპირისპირება? იქნებ მხოლოდ შეერთება? - კავშირს ეცოდინება. 9. არ, ვერ, განა, თურმე, ხოლმე - ეს ხომ ნაწილაკია. ბევრია და ცოტა გვყოფნის, სანიმუშოდ რაკია. 10. შეძახილი, ჰეი, ჰოი, ვაი, ო!- დიდებული, ემოციურ მოწოდებას ავლენს შორისდებული. სულ რამდენი გამოვიდა? როგორც ვიცით, ათია. თუ ეს იცი, გრამატიკაც ადვილი სამართია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი