განათების ხელოვნება (სონეტი)


სხვისი რომ ამდენი სონეტი მენახა,  თუ არ ვიტყოდი, გავიფიქრებდი მაინც, რას გადაეკიდა ამ  შექსპირულ სონეტებს, რით ვერ იჯერა გული- მეთქი. 
 საქმე კი ასეა. 
დავთვალე და   აღმოვაჩინე, რომ ასს მივუკაკუნე. 
ჰოდა, გადავწყვიტე, გავაასო!
თან აქედან 27+ 35=62 უკვე ბეჭდურად მაქვს გამოქვეყნებული. 
დანარჩენები - ჯერ გამომცემელს ელის.
ისე როგორ ჟღერს?- 
“ასი შექსპირული სონეტი”

#ლექსი

ნინო დარბაისელი

განათების ხელოვნება
(სონეტი)

მაშინ მუშაობს - განათება  - 
როდესაც ბნელა.
რა ქროლვა გინდა, რაში გინდა?
რამ დაგანელა?

 ლექსს- პოეზიად ქმნის სათქმელი,
ისიც ასეა.
უსათქმელობას შველის  მქმნელი?
ის, ვინც ცაზეა?

 და თუ სათქმელი მოგესია,
არ დაგეტია,
მაშინ   დუმილის პოეზია
იქნებ  მეტია?

 უგანათებოდ  გაჩერებს აქ - რა!
 …და შუქიც  ჩაქრა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი