მონმარტრი (სიარულის ლექსი)
ახლა, ეს ლექსი როგორ იწერება: დავდივართ მონმარტრზე და გზადაგზა რასაც დავინახავ, ვრითმავ. ანუ ეს - ჩვენი მარშრუტია. ვითომ ვირტუალური ტურია და თქვენც ჩემთან ხართ. მე რაც გადავიღე, იმეებს დავდებ და მერე სხვისებსაც დავამატებ: #ლექსები ნინო დარბაისელი მონმარტრი მოველ, მოვიარე მონმარტრი, მონმარტრო, მე აღარ მოგნატრი. ცენტრიდან მივყვებით აღმართებს, სადაც ბაზილიკა აღმართეს. სახლები - არც ისე მაღლები, ძვირები, ვერ დაესახლები. სუყველგან ხუთიოდ სართული, სულ არაფერია ქართული. ბინები - არის პატარები. დღეები - გარეთ ნატარები. სუვენირები და დახლები ალაგნი - დიდთა ხელნახლები. დღეს ეს მნახველების არეა, ხმაურშიც მშვიდად მდგომარეა. ტაძრები, რიგში თუ გაძვრები, მხატვრობის გარღვევა და ძვრები თვალწინ დაგიდგება ყოველი, თუ წარმოსახვაც გაქვს ცხოველი, დავდივარ აქ თვალებსოველი, ეჰ, რამსიშორიდან მოველი! აღმართზე ვიტყოდი რა უარს, ვეწვიეთ ჩვენ “ბატო ლავუარს”. პიკასო და მოდილიანი, კაფეა ამად მადლიანი, მთელი პარიზელი მხატვრები! ხსენებით დათვრები, გატყვრები! ამდენი ცნობილი პოეტი, ტანჯულთა სიღრმე-სიტკბოეთი! მონპარნასს მენახა “როტონდა”, საბადო კულტურის პროტონთა? ჩამკბეჩი აქ ფრანგულ ბატონთა ბეტონი ირგვლივ გაბატონდა. აღდგენით?! - კვლავ აღუდგენიათ, მშენებელს ჩავთვლიდი გენიად, ბეტონზე დაუკრავთ ფილები (კირქვებით ვართ კმაყოფილები). ახალიც, ძველივით მრგვალია… ჩვენ - კრძალვა ძველის - გვავალია! მინდოდა, პაოლო, მეცანი. რა, ვქნა, არ მწყალობენ მე ცანი! შავი ბერლიოზი, ჰექტორი, ფანტასტი, ხსოვნის პროექტორი! სხვა კიდევ?! - ზოლა თუ ჰაინე! დეგაც კი, და …ჰაი-ჰაი მე!” აქ ჩამოიფრქვება ცის ფქვილი, “მულენ რუჟ” - წითელი წისქვილი. შესვლაც კი ისეთი ძვირია, სიმწრისგან მე დამიყვირია. წინ კაფეც ხომ “მულენ რუჟია”, ლუდს თუ სვამ, რა მოსაყუჟია! ვიღაც დამეჯახა, მომამტვრია მხარ- ბეჭი, რას იზამ, მონმარტრია! ნუ მოკლავთ ნატვრას ასრულებით, გული მოგიკვდებათ აქ სრულებით. მაინც ვერ გავხდები მონა მტრული, აქაურობას მონატრული, - მონ ამი! მონ დიუ, მონ… მართ რული მომედო, დღე გვქონდა მონმარტრული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი