როტონდა. მამილო ვიკტორ ლიბიონი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

როტონდა.   მამილო ვიკტორ ლიბიონი

 ამ კაფეს პატრონი იყო ლიბიონი - 
ათენის მმართველად  ვით იყო იონი,
თუმც არ იზიდავდა რამე  ამბიონი…
გარს შემოიკრიბა მან  არიფიონი,
როტონდა - ძვირფასი,  ჩვენ - უგრაციონი,
დავდივართ. ესა გვაქვს დღეის რაციონი!
ჩვენ - მოცაციონი!

მე  ლიბიონისას -  გიდი მეუბნება:
- აი, რას შვრებაო, თუა მონდომება!
 მას მონპარნასისა  სურდა გაუბნება.
მხატვარს მოსაუბრეს მუდამ ყურს უგდებდა,
ფულს გადაუგდებდა:

“ქალებში იარე, ჩანხარ ნაწვალები!”
 ნახატით მიხადე,   თუ გაქვს აწ ვალები!”
 თვითონ? - მენატურე  ერჩია  ქალები,
კეთილი ქალები,  გულნამხურვალები
ირგვლივ მავალები!

არ იყო სიტყვებით კოშკების ამგები
და არც იზიდავდა  უწრფელო ჰანგები, 
ქალებს -  კლიენტებში   უხდიდა ფრანკებით,
და არა სუებით,  
მხატვრები - ფრანგები და არაფრანგები, 
ჯერ კიდევ  რომელთაც არ ჰქონდა რანგები,
 ქალები- ბანგები

 უცქერდნენ სტუმრები მხატვრებს აღტაცებით,
ის თვალს -არიდებდა,  ბავშვურად ანცები
ბაგეტს რომ ჰპარვდნენ -   მშიერი კაცები,
სულ უკლიენტონი,  არა - ზარმაცები,
ბევრიც შეიფარა - ქუჩაში ნაცემი,
წინ რომ მოელოდათ ცები და რა ცები!
მზერაწარმტაცები!

არა  სიძულვილი,  ბრძოლა, ამბოხება,
 ან  ხმის დაბოხება, ან მკვდრის გახოხება,
პირის გამეხება, თქმა “მე არ მეხება!”
არისტოკრატული უყვარდა ბოჰემა.
ბოჰემა, ბოჰემა!

 და რაკი მიზანი ჰქონდა უმიზნესი, 
ყველა მიიზიდა,   გაშალა ბიზნესი.
ისმოდა ზარები შორი ბაზილიკის,
ასე უკვდავია  ზოგის გზა-ბილიკი,
არ უნდა ქილიკი!

დუღდა-გადმოდუღდა ბიზნესი იმგვარად,
უფასოდ აჭმევდა ქალს, ვინც სხვა მიჰგვარა.
ბევრს საქმეც უგვარა,
 საღვრელიც უღვარა,
არა გაუთქვა, რა!

მხატვრებს სულ ელოდათ უფასო ყავა და
ზოგმა ნარკოტიკით თავიც იავადა.
სიკვდილიც თავისი ვერ გადაავადა, 
წავიდა სოფლიდან რა საცოდავადა!
გასვლია რა ვადა!

 ანთია როტონდა,  საათის ათია,
მნახველებს  იზიდავს ძველი სიმპათია
არ ჩქარობს არავინ,  ხვალ ხომ  შაბათია,
სხვა ხალხი ირევა.  აწმყო ამათია.
ზოგნი -  მიმოდიან, ჩანს,  სჭირთ აპათია,
დრომ თუ აპატია.

 ვით ძვირი სიგარა ანდა ყალიონი,
 ჩემს წარმოსახვებში ბოლავს ალიონი, 
ნისლში ილანდება შორი ალბიონი, 
 ამბავი, ამბავი - მთელი ამბიონი!
 შერჩა მემუარებს ის - პიგმალიონი,
გამქრალან ქალები - ბევრნიც -   მდაბიონი,
კისკისნი,  სიცილნი მათი მკაფიონი,
როტონდა - კულტურის ეს  მედალიონი
სხვათაა, მარხია სად -  ის - ლიბიონი?
 კულტურით ნამუხტი, მცირე, ვით იონი,
მამილო,
 მამილო, 
ვიკტორ ლიბიონი!

P.S. ნინო ჩხიკვიშვილის:

არ მითხრათ,  არ ჩანსო ამ ლექსში პიკასო,
ან რად არ ახსენებ იმის “გერნიკასო”.
ხომ დააკვდებოდა თხზვის ამ ტექნიკასო
და რიტორიკასო
ხსენება  პოეტთა,
 ხსენებას ქართველთა, 
 არც  ცისფერყანწელთას იცავ ლირიკასო. 
   თენდება, წერაში დგება დაფიონი.
ლექსს,  როგორც ცხოვრებას,
 თავისი კიბე აქვს,
კიბე,  კიბიონი. 
სხვა დროს  - დანარჩენზე, 
ახლა - ლიბიონი, ვიკტორ ლიბიონი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი