როტონდა. პაოლო იაშვილი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

როტონდა. პაოლო იაშვილი
( ესეც -  ზეპირი ლექსია, პარიზის ქუჩებში ხეტიალისას თხზული)



შენს ძებნაში, პარიზში ამერია რიცხვი - 
“საუცხოოდ ჩაცმული,  გამხდარი და ფიცხი”

 ვინც შემომხვდა,  რაღაცით გგავდა, არცა გგავდა. 
თანამგზავრიც დავქანცე, ლამის გამიავდა. 

 რაა გასარკვევი და რაა დასაფიცი?
მეტრო იცი პარიზის?  - მაშ, პარიზიც იცი!
  
აღმართ-დაღმართებია მოსავლელი ფეხით.
ბევრიც  ქვაფენილია  - კისერმოსატეხი.

იცლებოდა მონმარტრი,  ქუხდა მონპარნასი,
 გროვდებოდნენ მხატვრები, ათი - არა, ასი!

მოკლე გზაა მეტროთი კაფე “როტონდამდე”. 
 სდევდი დიად სახელებს, დღეს მე - ლანდად დამდევ. 

ნახულობდი წასულთა სახლებს  და სამარხებს ემეგობრე ჩამოსულთ, იმპერიის ხალხებს. 

იდილია ფრანგული - ერთი  მოდელია.
შესცქეროდი პიკასოს, იქვე მოდილიანს,

ხატავდაო? რა ხატვა, სადაც პიკასოა!
როტონდაში  პიკასოს -  “ყავა - უფასოა!”

პოეტები? კი, იყვნენ.  არ  გაქციეს ზურგი. 
იახლოვე  ბალმონტი, კიდევ ორენბურგი.

 რივიერა? დიეგო?  მისი შორი კალო?
 დიდი დათვის როხროხი -  “რაღას დამდევ, ქალო!”

ენა მისი  - უხეში, განა მონაქარგი.
ფრანგი მენატურენი, ერთმანეთზე კარგი

გეხვეოდნენ,   მჭკნარნი თუ ჯერაც ნორჩად შლილი;
როცა გქონდა, ბუნებით იყავ ხელგაშლილი.

ზოგჯერ,  ფულის ლოდინში სუც არ გეგდო კენტი.
 გაჭირვებას იმდაგვარს რას წარმოიდგენდი!

თამაშობდი ბოჰემას, პარიზს ნაცხოვრები, 
შემოყარე  კაფეში გუნდი  მათხოვრების…

 …მაგრამ ომი?   პანიკა? ბედი? -  მაზაკვალი.
 მიატოვე პარიზი, არც დააჩნდა კვალი 

და ქუთაისს პარიზად მოუნდომე ქცევა,
გსურდა კაცის - თორმეტის  ერთ პოეტად ქცევა.

ბევრი “ქაიანური”- ბევრჯერ განაკიცხი - 
“საუცხოოდ ჩაცმული,  გამხდარი და ფიცხი”

პარიზს  მხატვრად წასული, მგოსნად დაუბრუნდი, 
წერდი დარიანულებს,  არ დაიდე ხუნდი, 

მერე  ქუთაისიდან თბილისს გამოქცევა
და თბილისსაც  პარიზად მოუნდომე ქცევა.

სულ უკეთესს ცდილობდი, მცდელი  - სულ იცდიდი,
გქონდა   დიდი მიზნები, დაგყვა სულიც დიდი,
მერე საშინელებას, სულო, გამოსცდიდი:
მოკვდინების დასწრება  -  შენი სუიციდი!
შენი სუიციდი!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი