ქუთაისი. პაოლო
#ლექსები ნინო დარბაისელი ქუთაისი. პაოლო ტრიანონი - პატარა, ტრიანონი - დიდი… წინ - რიონი, რიონზე - ისევ თეთრი ხიდი. ოქროვანი ვერსალი და ბაღები მისი, წინ - გზა- ოღროჩოღრო და ისევ ქუთაისი. პარიზული მითები და მითების მთები, გაყინული ბინიდან ისევ მზეში თბები. ნოტრდამული ქიმები, სივრცე - საქიმერე, ბევრი არც რა შეცვლილა აქ ასი წლის მერე. წარმოსახვა პოეტის - რეალობას მუდამ უსწრებს ერთი ნაბიჯით, თუნდაც აბდაუბდა. მაგრამ რეალობაა - წარმმართველი ქართა, მომაკვდავს რომ მიგაგდებს ჯოჯოხეთის კართან. არ იღება კარიბჭე! გარს ამაოდ უვლი და ქიმერა ხარხარებს: ლუვრი, ლუვრი, ლუვრი! ჯერ წინაა ჟურნალი -,,ცისფერყანწელები”, განახლების წლებია, არა- ნაწელები, ოცნებების პიზები - გადანაცერები, სხვისი მითვისებული - შენი ნაწერები, მჯერა. მოიკითხავენ ჩვენგან აწ ერები: - დარჩაო ნაწერები და ჩანაწერები? გეგებება როდენი ტკივილდანაურვი და ქიმერა ხარხარებს: ლუვრი, ლუვრი, ლუვრი! - - - * ჯოჯოხეთის კარიბჭე” ოგიუსტ როდენი თითქმის ორმოცი წელი მუშაობდა მასზე. (დ’ორსეი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი