სონეტი მეტა-ირონიული


#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი მეტა-ირონიული


წამო, ვიცეკვოთ დაცემამდე, 
თავდავიწყებით,
ვიდრე ახლიდან,   თმით - ცერამდე
არ დავიწყებით!

რა დამემართა? ვინ იცინის?
ბაირონია?
მე არ დამცინის,  არ ვიცი, ვის!
გაირონია?

მარტო ვიცეკვო?! თან რამდენი?
მუდამ ვაფრენდი?!
სიგიჟე  - მუდამ თანამდევი -
აი, მანფრედი!

რა ბაირონი? რის - მეტა და რა - ირონია?
გაირონია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ეს სონეტი ფეისზეც დავდე.
ვიფიქრე, იყოს განმარტების გარეშე-მეთქი და არ გამოვიდა.
ერთ ახლობელს პირად წერილად მივწერე ეს და რაც არის, არის!
რა ვქნა, სხვის ჭკუაზე და ნათქვამზე მე ვერ “გამოვსწორდები”, ვწერ, როგორც მეწერება და ვისაც არ მოვწონვარ როგორც ავტორი, ირგვლივ ლექსების მეტი რა არის, ისინი იკითხოს!


“ ლიკუშ, ამას ამჯერად მარტო შენ გეუბნები.
ვხსნი ხოლმე ჩემს ლექსებს, კომენტარებს ვურთავ და მერე ზოგი მსაყვედურობს, აფუჭებ საქმესო, ამიტომ გადავწყვიტე, ეს სონეტი განმარტების გარეშე დამედო.
ეს არის ირონიული სონეტი. სათაურიც ხომ პირდაპირ ამბობს, “მეტა-ირონიულიო”.

ჯორჯ გორდონ ბაირონის პოემა “მანფრედი”- მიიჩნევა ნაწარმოებად, სადაც მისი ავტორის ჰომოსექსუალური აზრები და გრძნობები ყველაზე სრულადაა გამოხატული.
ბაირონს რომ კაცებისკენ უწევდა გული და ამ მხრივ არცთუ მწირი გამოცდილება ჰქონდა - ეს უამისოდაც ცნობილია - მისი ბიოგრაფიიდან.

“გეი ირონია” თა ის მხრივ, მეტა-ირონიის “ლჯპტ” სახეობაა, როცა მაგ ორიენტაციის ხალხი წესიერებზე, ანუ ,, სთრეითებზე” ღადაობს, თან ისე, რომ ვერ გაიგებ, ხუმრობს თუ სერიოზულად ამბობს რამეს. გაცილებით ზოგადია მეტა-ირონია,
განსხვავება აქ იმაშია, რომ მაინცა და მაინც სექსუალური შინაარსი ამ უკანასკნელს არ გააჩნია, ნებისმიერ სფეროზე შეიძლება ამბობდეს რამე ისეთს, რომ ვერ გაიგებ, ხუმრობს თუ სერიოზულად ამბობს.
ანუ მათ შორის გვარსახეობრივი დამოკიდებულებაა.

გეი- ირონიიდან გავაკეთე “მშობლიური” ზმნა “გაირონია” - ქუთაისელი ბებიისაგან მახსოვდა და “ბაირონია-ს” გავურითმე. ნამეტანი იმერულობის კვალი,,შევარბილე” , გადავფარე, ბგერობრივადაც უფრო მოვარგე ლექსს.

შედეგად მივიღე სონეტი, რომელსაც ვერ გაუგებ, ხუმრობს თუ სერიოზულია და რაკი სექსუალური კონტექსტი ,, განდობილთათვის” ცნობილია, მეტა ირონიის ერთი ქვესახეობა გაი/გეი ირონიის არცთუ ცუდი ნიმუში გამომივიდა.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი