მორევის სონეტი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მორევის სონეტი

ყველა ისე უძლებს, როგორ გამოუდის!
გარედან რა ჩანს და რატომ?
ან გადასატანი კაცს როცა გამოსცდის,
ბოლოს რად დატოვებს მარტო?

მე შენი ფეხსაცმლით მილიც არ მივლია,
რა ვიცი, გიჭერდა როდის
და რაც გამიგია, იქნებ ტყუილია,
დაგედო ბორკილი ცოდვის?

მითხრეს, ამღვრეულმა ისე ჩაითრია…
ჩაჰყვაო  ცოდვათა მორევს;
მითხრეს, გადაჰყვაო წამალსა თუ თრიაქს,
გამგონეს ცრემლებს რომ მორევს,

არასდროს არმქონემ განკითხვის რამ ნიჭის,
რა გითხრა? მე თვითონ მიჭირს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი