პერ ლაშეზი
ავტორისაგან:
ვინც თვალს ადევნებს ჩემი სონეტების ციკლს, იმან იცის, რომ ქართული სონეტის რიტმულ- ინტონაციური რეპერტუარის გამრავალფეროვნებაზე საგანგებოდ ვმუშაობ.
ეს - მაგალითად, პოლიმეტრიაა.
იგი საგანგებო პოეტურ სმენას მოითხოვს და მისი დიდოსტატი იყო მურმან ლებანიძე. წინამორბედად კი აქ ლადო ასათიანი უნდა ვახსენოთ!
არ დასცალდა ლადოს დიდხანს სიცოცხლე და მის გზას ორი ღირსეულზე ღირსეული გამგრძელებელი გამოუჩნდა - ლებანიძე და ჩვენი პოეზიის დედოფალი ანა კალანდაძე , ლებანიძემ “ხატპეპელა” რომ უწოდა მისდამი მიძღვნილ ლექსში.
არ გამიკვირდება, ვინმეს პოეზიის კითხვაში ყურგაწაფულს თუ ამ სონეტში მურმან ლებანიძის რიტმიკა და ინტონაცია შემოესმება,
ცხადია, კონკრეტული , “არაპოეტური”ყოფითი დეტალის შემოტანაც პოეტური დრამატიზაციის მომენტში - მისგანვე ,, ვისესხე”:
“ტალახში აზელილი უძველესი კრამიტი” - მურმან ლებანიძე
გრანიტის ქვეშიდან ხვლიკი იხედება” - ნინო დარბაისელი.
გარდა იმისა, რომ ეს პირდაპირი ალუზია - პოზა დაბლა ყურებისა ანუ გარდაცვლილის წინაშე მოწიწებით თავის დახრისა - ლებანიძისეულია,
შემთხვევითად ნუ ჩათვლით, რომ თქვენი მონა-მორჩილი ასეთ რითმულ კვალს, ანაბეჭდსაც ინახავს თავის სონეტში: კრამიტი/ გრანიტი.
#ლექსები
ნინო დარბაისელი
პერ ლაშეზი
(სონეტი)
გრანიტის ქვეშიდან ხვლიკი იხედება.
ფრთხილია, მომსვლელებს უყურებს,
სადაც სინესტეა, ხავსიც იქ ედება
ამ კედლებს, წყლით გამოფუყულებს.
შორი მოგზაური ქალაქად მისული
დავეძებ ნაცნობთა საფლავებს.
წესის აგებაო? არ სწამთ თბილისური,
კრძალავენ აქ - მოუნათლავებს.
ვიცი, ჩვენც სოფლის სტუმრები ვართ,
მუდმივად აქ ვის დავურჩებით,
ვისაც კი ოდესმე დავუპურებივართ -
- მისთვის უძღებები და ურჩები.
თეთრი მარმარილო, ნაზი მადმუაზელი
დაფრინავს დუ პერ ლაშეზელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი