ცამავალი. პერ ლაშეზიდან
#ლექსები ნინო დარბაისელი ცამავალი. პერ ლაშეზიდან აქ არის ბოლო ყველა მტკივანის! ჩაბრუნებულა ხმა ქალ-მკივანის, გაგონება რომ კლავს. ყველა ღალატის აქ არის ბოლო, ცრემლიო? არა! თვალს მიწვავ, ბოლო, გაშლით რომ ასდევ კვამლს! რა სიმშვიდეა! დადიხარ, ხვდები სულებს გარდასულს, მოგესმის ხმები ამ გარდასულთა კვლავ, ხმა გამცილებლის - ძლივს გასაგონი. ნელა დაძრული მიჰქრის ვაგონი, კარგავს გზასა და კვალს, ვაგონთან ერთად ქრება რელსებიც. დარჩი და რაღას ეალერსები, წაუხვალ წარუვალს? ბედნიერების ბოლოც აქ არის! - ყოვლისმომცველის, ყოვლისდამფარის. სხვა გადაუხდის ვალს! “- რაც გვჭირს, სულ ყოფა რომ გვმართებს, იცი? კბილთა ღრჭენასა და ცრემლთა ლიცლიცს, ბეჭში გასობილ ჭვალს - სხეული იწვევს და არა სული, მაგრამ სულს ვალად ადევს წარსული - უხდის ხორცს და ძვალს. ჰო, მას დარჩება გადასახადი, და სულერთია, ძუ ხარ თუ ხვადი, შენით ნატანჯი ვალს, რადგანაც სქესი - სულს აღარ ახლავს. რეკენ ზარები, დრო აწევს ახლა, ჰბაძო სპილენძს და რვალს!” აქ - არაფერი სტკივა არავის, აუგის მთქმელიც არავინ არის, ავს ვინ დაგადგამს თვალს. სასაფლაოა, ძვალშესალაგი! თავდახრით დგომის მშვიდი ალაგი. აქ იმკის მოსავალს, ვინაც მოიღო ტანჯვით ნაყოფი - სამყოფი, თუმცა არ- გასაყოფი უცქირე ვარდს - მრავალს!” … ეს თანამდევი რეებს მიყვება, თუ მომინდომა აქ გაბრიყვება, მოსულს და მიმავალს? მკვდრების ქალაქო, შენ, პერ ლაშეზო, რატომ მადინებ ცრემლებს მლაშესო, ხვალეთი განაწვალს? რა ბევრს ველით და რა ცოტა გვყოფნის, მიზეზს სულ ვეძებთ ამქვეყნად ყოფნის, მივყავართ ცამავალს! დასერილია ცა - ცამავლებით, თავგადასავალ-გადანავლებით. მეც ვინმეს მიუვალ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი