ზამთრის ჩიტები
#ლექსები ნინო დარბაისელი ზამთრის ჩიტები აქ გასულ ზამთარს ისე ყინავდა, წვრილად დავფშვენი ჩემი წილი გალაკტიონი, შემცივნულ ჩიტებს დავუყარე და როცა ისიც შემომელია, სხვა პოეტებიც, ქართველი თუ არაქართველი- ვანამცეცე და რომ არ მეყო, ასე ძვირფასი, ყველასა და ყველაფრის მჯობი, წვრილად დავფშვენი თვით ჩემი თავიც, თვით ჩემი თავიც - ზედ მივაყოლე ჩემი ჩიტების სარჩოდა და გადასარჩენად. მთელს სამყაროში დაუფშვნელი, დამრჩა მხოლოდ წმინდა სამება, მაგრამ მაინც რომ ვერა ვუშველე! სულ ერთიანად დამეხოცნენ! ვიცქირებოდი სიცივეში- ფანჯრის რაფაზე იდაყვდაყრდნობით, დამტვრეულ, დაყრილ ნამძივებში დავეძებდი გაყინულ ჩიტებს, ძირს რომ ეყარა, დამტვრეულები, როგორც შუშის სათამაშონი, კატის სიანცით საახალწლო ნაძვისხიდან ჩამოყრილები. და საბოლოოდ, დავრჩი ასე - უსიხარულოდ და უტკივილოდ, უპოეზიოდ, ერთიანად დაბუჟებული, გაზაფხული როცა მოვიდა. მხოლოდ ყვავებმა მიერთგულეს იმ სიცივეში! თეთრ თოვლში შავად მოძრავებმა რაღაც კი მამცნეს, დამიწერეს ვეცადე , მაგრამ ვერ წავიკითხე და გაზაფხულზე, უკვე ხეებში რომ ჩადგა სითხე, იმათ “ყვა- ყვას” ვესიტყვებოდი: - ყვავებო, შავო ყვავილებო, ალბათ ის იყო მამათქვენი, ოთხასი წლის წინ მეფე ჰენრი ნავარელს რომ დაჰყანტალებდა: - შინ დაჯექიო, სად მიდიხარო, ხვალ დანის დარტყმით შენსავე ეტლში მოიკვლებიო და აორტაში დანის ჩამრტყმელი ვიღაც გიჟი გამოდგებაო! აქ ადრეული შემოდგომაა სხვა ჩიტებს ახლა რა გამოლევს, სხვები მოფრინდნენ, გამოცოცხლდა როცა ბუნება და დაივიწყა ის, ზამთრული დაძაბუნება: ფერად ფოთლებში არეულია ქუდიანი კარდინალები - წითლად მფრენები, არეს ედება გუგულების აგულგულება. მიწაზე სხედან მომღერალი იადონები - საჩიტეთის პრიმადონები და ირევიან ნიბლიები - ყვითელგულება. ჩიტი სულ მოვა, მსგავსი - მსგავსს მუდამ ჩაენაცვლება, თუკი საკენკი აქ ეგულება. ჩიტებისა ვთქვი. გულში რომ დარდი არ დამეტია, პოეტმა რა ჰქნას, რას დასჯერდეს, (თავბრუ -რეტია?) უნდა გაუძლოს? იობია? ცის აუხსნელი ღიობია? (ბედისწერამდე - ათი დღე დარჩა, დღეს - ცხრამეტია!) პოეტმა რა ჰქნას! თუ ცის წყალობა - - დაბრუნებული - დაკარგულზე - სათვალავით ბევრჯერ მეტია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი