გლობუსი


ნინო დარბაისელი

გლობუსი 

სფეროსებური, 
ცისფერი  ლამპის დაბალი შუქი,
ოთახში - წყვილი სავარძელი
და მაგიდაზე -
მაღალ ჭიქებში - შავი ღვინო,
მისატანებლად -
- ვერცხლის ლამბაქით ცოტა ყველი.

თითო გვეყოფა,
სისხლსაც უხდება,
არც დაგვამძიმებს ტანინიანი.
ყლუპ-ყლუპად ვსვამთ და
ვმასლაათობთ მთელი საათი:

შენ: - განგება და ბედი მუდამ ბურთს თამაშობენ.
მე: -  ამ ორს შუა  მუდამ არის თეთრი საზღვარი.

შენ: - საზღვრის თავზე ბადეც მუდამ გაჭიმულია.
მე: - რა ქნას მსაჯმა, თუ წესრიგი მუდამ ირევა,
რადგან განგება - ფრენბურთელია,
ბედი კი ფეხბურთს ეთამაშება.

შენ: - საბოლოოდ, მუდამ ფრეა.
ყველა ვიგებთ ანუ ვმარცხდებით.
მე: - გაგვიმარჯოს!
შენ: - სლონჩე ვა!

ყლუპ!
და ორივე  თითქმის ერთად:
- ძილი ნებისა!

თვალდახუჭული ვეღარ ვიხსენებ,
შევინახე თუ მაგიდაზე დამრჩა ლამბაქი.

ამ სიჩუმეში რაღაც  შორი
ზუზუნებს,
წუის,
ბრუნავს გლობუსი,
ორბიტაზე ბრუნავს გლობუსი,
და  სხივოსანი განსაცდელი გვიახლოვდება.


-----
სლონჩე ვა - გაგვიმარჯოს (ძვ. შოტლანდიური).

2010

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი