გზა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

გზა

ადამიანის მართლა ასე, არაფერი არ გყოფნის,
ღმერთო?

შესაწირავზე - ეგ რა არისო,
კიდევ მეტი შეგიძლიაო!
ცოდვებზე -
- კარგად გაიხსენე, ჯერ სადა ხარო!
იქნებ შრომა - შენი სახელით, ქანცგაწყვეტამდე?!
- ეგ არაფერი, ხვალ - ხვალეა და მიმოიხედე, დღევანდელი - ვის ეყოფაო!

გასაგებია ნება შენი,
ქრისტიანებმა -
მიწიერი ცხოვრებისას სულ ქრისტეს ვბაძოთ,
მისი წესითაც კი ვიკვებოთ,
ყოველდღე - პური,
ზეთისხილი და მარცვლეულ-ბურღულეული,
კვირაში სამჯერ - ხილი - ჩირად, ნედლიც - ხანდახან და ბოსტნეული.
ყოველდღიურად თხილეული და ყველ-მაწვნეული,
კვირაში ერთხელ - თევზი ანდა ფრინველეული,
იშვიათად - წითელი ხორცი,
ასე კვება ხომ ცილამცირეა!

და ქრისტესავით სასწაულებს ადამიანი როგორ მოახდენს,
ან კეთროვანი - სიტყვით როგორ განიკურნება?
უჩინოს თვალნი აღეხილება?
მკვდრეთით აღსდგება?
იქნებ ავდგეთ და
სათითაოდ ჯვარზეც გავეკრათ ქრისტესავით?!
- მაგაზეც გვეტყვი, რაღაც, კარგად ვერ გაკრობილხარო…
როგორი შიშით ავჩერებივართ გოლგოთის სავალს,
ყველა საკუთარ ჯვარს ვეზიდებით
და დაცემამდე თვალს ვაპარებთ განვლილისაკენ,
იქნებ გამოჩნდეს გზად მიმავალი ვინმე სვიმეონ ქანაანელი.

რად მინდა შენი სამართალი,
რისი გამძლე ვარ!
მოწყალებას გთხოვ მხოლოდ და მხოლოდ
ლოცვით დაღლილი.
შენ, ვინც ამხელა სამყარო შექმენ,
ცითა და მიწით,
ანგელოზებით,
დააბინადრე ზედ არსება ყოველგვარი და
ყოველ მათგანს მრავალთა შორის არსებობის წესიც დაუდე.
რა არის შენთვის
ერთი კიკნა ქალის ვედრება,
განა ისეთი რა შეგთხოვა,
რომ არ შეისმენ,
კიდევ რამდენი გემუდაროს,
რა გზას დაადგეს!

ნეტა შენს იქით
ადამიანს გზა მაინც ჰქონდეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი